ილიაუნის სტუდენტები უნივერსიტეტის მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე საურობენ
ილიაუნის სტუდენტები უნივერსიტეტის მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე საურობენ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დაბზარული კედლების ყურება უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. ქარგამტარი ხის ძველი ფანჯრები, დაკორტნილტყავიანი აუდიტორიის კარი კი სრულ სურათს ქმნის. თუ გზას განაგრძობთ, მტვრით გაჯერებულ ხალიჩასაც გაივლით, ბაღის ძველებურ, მაგრამ განახლებულ რკინის ნაგვის ყუთებსაც დაინახავთ. კედლებში გატარებულ ელექტროსადენებს უკვე დიდიხანია უნახავთ დღის სინათლე და თავმომწონედ ამოზნექილან საღებავგაცლილი კედლების ზედაპირზე. სული თუ შეგეხუთა და საპირფარეშოს ეძებ, ადვილად მიაგნებ. მისი კარი დასმული დაღების გამო, ყველაზე გამჭვირვალე გამხდარა ამ შენობაში. არადა სანამ ამ შენობაში შევიდოდი, გარკვევით ამოვიკითხე - ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი"", იქვე გერბსაც მოვკარი თვალი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგი კორპუსების ზოგიერთ სართულზე სწორედ ასეთი მდგომარეობაა, თუმცა, უნივერსიტეტს არც საერთაშორისო სტანდარტის ინფრასრუქტურა აკლია და ამით ამაყობენ კიდეც ილიაუნის სტუდენტები.

საერთაშორისო რეიტინგის Ranking Web Of Universities 6 თებერვალს გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არამხოლოდ ინარჩუნებს პირველ ადგილს საქართველოში (შარშანდელთან შედარებით 716 ერთეულით გაუმჯობესებული ქულით 1821), არამედ კავკასიაშიც პირველია. სომხეთის საუკეთესო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2321-ე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანის საუკეთესო კაფკაზ უნივერსიტეტი - 5619-ეს.

ილიას უნივერსიტეტში ფუნქციონურებს ხუთი ფაკულტეტი (ბიზნესის, საინჟინრო, მეცნიერებათა და ხელოვნების, სამართლისა და სპორტის ფაკულტეტებები), რომელიც განთავსებულია რვა ერთმანეთთან შეერთებულ კორპუსში (A,B,ჩ,D,E,F,ჟ,I). უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის თანამედროვე დონეზე აღჭურვილი კვლევითი ინსტიტუტები და ცენტრები. ილიაუნის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით აქ სულ 12 000 სტუდენტი სწავლობს.

სტუდენტების აზრი ილიაუნის ინფრასტრუქტურული მოწყობის შეფასებისას ორად იყოფა. ერთი მხარის მოსაზრებით უნივერიტეტის შიდა რემონტი, გარე ფასადი და აუდიტორიების ინტერიერი სრულიად დამაკმაყოფილებელია და პრობლემას არ უქმნის მათ ცოდნის მიღებაში.

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი მარი ხუნცელია ამბობს, რომ ილიაუნის წლევანდელი წარმატება განაპირობა მისმა ინფრასტრუქტურამაც. ამბობს, რომ მის კორპუსში (A კორპუსი) დამაკმაყოფილებელია აუდიტორიების მდგომარეობაც და სისუფთავეც, მისი ფასადიც, მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ D კორპუსის ფასადი საჭიროებს დროულ მიხედვას.

თამუნა ხოზრევანიძე ილიას უნივერსიტეტში არსებული სასწავლო-სატელევიზიო ორწლიანი სასწავლო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, აღნიშნული ცენტრი ჟ კორპუსშია განთავსებული და როგორც თამუნა აღნიშნავს, აქ პროფესიაში ცოდნის ამაღლების მხრივ ყველანაირი პირობა იყო შექმნილი. ,,გვქონდა საჭირო ტექნიკა და აპარატურა. თითქმის ყველანაირი პირობა იყო შექმნილი სტუდენტისთვის პროფესიული კუთხით ზრდისთვის " - აღნიშნავს თამუნა.

უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას დადებითი კუთხით აფასებს ბიზნესის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი გიორგი გუგავაც. ამბობს, რომ ზოგან საპირფარეშოებში დგას ცუდი სუნი, მაგრამ ამას პრობლემად არ მიიჩნევს. ის აუდიტორიები კი, რომლებშიც სალექციო საათები უტარდება, არის სუფთა და მოწესრიგებული.

უნივერსიტეტს რომ ლაბარატორიები მოწესრიგებული აქვს, ამაზე ანგლისტიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი ანა თაბუნიძე საუბრობს. ,,ლაბორატორიებს რაც შეეხება, ვიცი, რომ ისინი არის უნივერსიტეტში. ნანახიც მაქვს და შეხებაც მქონია - სამეცნიერო პიკნიკის დროს ლექტორის მეთვალყურეობით. სადაც მე ვიყავი და რაც ვიცი, ძალიან კარგადაა მოწყობილი, ვფიქრობ, რომ ყველაფერი აქვთ ფიზიკის, ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს. შეიძლება, რაღაც გამონაკლისები არის, მაგრამ, ზოგადად, ძალიან კარგი ლაბორატორიებია"" -ამბობს ის.

ლაბორატორიებთან ერთად ილიაუნში დიდი პოპულარობით სარგებლობს უნივესიტეტის კაფე. "უნიფუდი" (UNIFOOD) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვების ობიექტია. "უნიფუდის" კაფეტერიები მდებარეობს უნივერსიტეტის A და E კორპუსებში. მზადების პროცესშია პროექტი "უნიკოფი" - ჩაი და ყავახანა. ის თავის მომსახურებას სთავაზობს როგორც უნივერსიტეტის პედაგოგებსა და სტუდენტებს, ასევე სტუმრებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. ,,ბუფეტი, ე.წ. "უნიფუდი", საკმაოდ კეთილმოწყობილია, მყუდრო გარემოა და საჭმელიც გემრიელია"" - ამბობს ბიზნესის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ელენე ნატროშვილი. თუმცა, ელენეს განსხვავებული შეფასებები აქვს უნივერსიტეტის საპირფარეშოსა და აუდიტორიებზე. ,,საპირფარეშოებით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით, ძალიან ცუდი საპირფარეშოები გვაქვს და არანაირი ჰიგიენის ნორმები არაა დაცული. აუდიტორიებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ხშირად სასკოლო ოთახებს მახსენებს,ზოგიერთი მათგანი მეტისმეტად სარემონტო და არაკომფორტულია, სისუფთავე დაცული არაა–მეთქი, მაგას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რაც გვაქვს, საბედნიეროდ, იმას მაინც ვუფრთხილდებით " - ამბობს ის. ელენე საუბრობს ასევე უნივერსიტეტის შიდა დარბაზებზე. მისი თქმით, უნივერსიტეტში დარბაზები ძალიან ცოტაა და თანაც ავარიული. ,,ზოგადად, დარბაზებს რაც შეეხება, ჩვენს კორპუსშიც და ისეც ძალიან მცირე რაოდენობითაა და ბევრ რამეში გვეშლება ხელი. მაგალითად, კლუბი "ილიაუნის აქტიური საზოგადოება" ვატარებდით კონცერტს, რომელიც თავიდან ბოლომდე დაგეგმილი გვქონდა, უნდა მოსულიყო დიჯეიც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დარბაზი არ მოიძებნებოდა ჩვენს უნივერსიტეტში, სადაც შევძლებდით კონცერტის ჩატარებას, საკმაოდ დიდიხნის წვალების, ხვეწნისა და მკაცრ სახეებთან შეხვედრის შემდეგ ადგილი გამოგვიყვეს, თუმცა, დიჯეი მაინც არ მიგვაყვანინეს შენობის ავარიულობის გამო. ეს სიტუაცია სამწუხარო და ნამდვილად სამარცხვინოა. ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი და ბედნიერი ვარ, რომ აქ ვსწავლობ. იმედი მაქვს, მოგვარდება ეს პრობლემებიც და სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის უფრო მეგობრული ურთიერთობა იქნება" - ამბობს ელენე.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ასევე სპორტული კომპლექსი ,,ქარიშხალა". როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, კომპლექსი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, კარგადაა მოწყობილი. უნივერსიტეტის წყალბურთელთა გუნდი კი ყოველწლიურად წარმატებით ახარებს სტუდენტებსა და მთელს უნივერსიტეტს.

უნივერსიტეტის ზოგიერთ კორპუსში რიგი სართულებია გარემონტებული, მაგრამ კორპუსების უმეტესობა ჯერ კიდევ გაბზარული კედლებით გვეგებება. სწორედ ამაზე წუხან სტუდენტები და სიტუაციის გამოსწორებას ელოდებიან. ისინი, რა თქმა უნდა, ხედავენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სურვილსა და მონდომებასაც.

"B და ჩ კორპუსები გასარემონტებელია" - ამბობს სალომე მუშტაშვილი. ,,მე, პირადად, ამ კორპუსებთან შეხება არ მაქვს, მაგრამ ხომ ვხედავ, რა მდგომარეობაა. 2250 ლარს ვიხდით ყოველწლიურად სწავლის გადასახადს და ვფიქრობ, რომ ვიმსახურებთ გარემონტებულ აუდიტორიებს"- ამბობს ის.

ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლანა ღვინჯილია ამბობს, რომ არსებულ სახსრებს უნივერსიტეტი სტუდენტების საკეთილდღეოდ იყენებს. ,,ყოველ წელს რემონტდება აუდიტორიებიც და მთლიანად კორპუსები, ყველაზე მეტი თანხა ლაბორატორიებსა და სტუდენტების ექსპედიციებში ჩართვაზე იხარჯება. ჩვენც გვსურს, ბევრად მეტი რესურსი არსებობდეს იდეალური ინფრასტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად, თუმცა, ამის სახსრები უბრალოდ არ არსებობს. უნივერსიტეტის შემოსავლების 60%-ზე მეტი პროფესორებისა და ლექტორების ხელფასებს შეადგენს. ადმინისტრაციული ხარჯი კი მხოლოდ 15%-ია" -აღნიშნავს ლანა ღვინჯილია.






Carpet Cleaning Calgary