თავგადასავალი პოლიმერული თიხის სამყაროში...
27 აპრილი, 2014
თავგადასავალი პოლიმერული თიხის სამყაროში... ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
“ჩემი ნამუშევრები არის ის, რაც ვარ და მიყვარს: მხატვრობა, ლიტერატურა, მუსიკა, დეკორატიული ხელოვნება, ნაცნობი ადამიანები, საყვარელი ნივთები, სილუეტები, მათთან დაკავშირებული ემოციები, ბუნება, დიზაინი..."
პოლიმერული თიხა ინტერნეტში შვილის - ლაშას დამსახურებით იპოვა. მისთვის ფერად თიხას ეძებდა, რომ „ფიმო"(fimo) აღმოაჩინა. აქვე იყო ამ მასალისგან დამზადებული სათამაშოები, სხვადასხვა ნაკეთობა ულამაზესი ფერებითა და ფაქტურით. გულგრილი ვერ დარჩა. გაჩნდა ახალი იდეები, ენთუზიაზმი...

"ასე დაიწყო "ჩემი თავგადასავალი" პოლიმერული თიხის სამყაროში".

თიხის დამუშავება, სხვადასხვა ნივთის გაკეთება, ინტერნეტში ისწავლა. როგორც თავად ამბობს: "თუ ადამიანს ძერწვა ოდნავ მაინც ეხერხება, თიხასთან მუშაობა არ გაუჭირდება".

ირენას თიხასთან მუშაობა არ გასჭირვებია, პირიქით, მისთვის ეს თავისუფალი შემოქმედებად, საინტერესო და ემოციურ პროცესად იქცა.

თავდაპირველად თიხის რამდენიმე ფერი შეიძინა მხოლოდ საცდელად, თუმცა, პირველივე ნამუშევრით - ბეჭედი გემის რელიეფით კმაყოფილი დარჩა. ნელ-ნელა უკეთესად გაერკვა, თიხასთან მეგობრობა საინტერესო და საპასუხისმგებლო გახდა.
"გავერკვიე, როგორ უნდა "ასუნთქო" თიხა, სანამ ძერწვას დაიწყებ, კარგად უნდა დაარბილო, დაამუშავო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკეთობა შეიძლება დაზიანდეს ცხობის დროს. ღუმელში გამოცხობასაც თავისი წესები აქვს, დაახლოებით 15 წუთიდან 30 წუთამდე, ეს დამოკიდებულია ნაკეთობის ზომაზე, მაქსიმალური ტემპერატურა ცხობისას 110 გრადუსია. დიდხანს ღუმელში დატოვებაც არ შეიძლება, თიხა შეიძლება, დასკდეს. გამოცხობის შემდეგ, ნაკეთობას გაციება უნდა აცალო, მერე სურვილისამებრ შეიძლება აკრილის საღებავით მოხატო, ან ლაქით დაფარო" - გვიყვება ირენა.

IrenDesign Handmade - სახელწოდება სპონტანურად გაჩნდა, თუმცა, ავტორის თქმით, ზუსტად გამოხატავს იმას, რასაც ქმნის. ნამუშევრები უცხო და მრავალფეროვანია. სხვადასხვა დიზაინის სამკაულები: ბეჭედი, საყურეები, გულსაკიდები, ასევე ბრელოკები, სუვენირები და დეკორატიული ნივთები.

ყველაზე მეტად უყვარს, როდესაც ბეჭედს აკეთებს. ამბობს, რომ მისი საყვარელი სამკაული, ბეჭედია და ყოველთვის ცდილობს, ისეთი გააკეთოს, როგორსაც თავადაც სიამოვნებით ატარებდა. გული სწყდება, როდესაც თავის ნამუშევრებთან განშორება უწევს. შეკვეთას ხშირად იღებს. ყოველთვის ითვალისწინებს დამკვეთის სურვილებს, მაგრამ თავისუფლებას არასოდეს კარგავს, ყოველ ნაკეთობაში ინტუიციასა და იმ წუთებში განცდილ ემოციას დებს.

ირენა მახარაძის ხელნაკეთი ნივთები პოპულარული "ფეისბუკისა“ და ბლოგის საშუალებით გახდა.

"M library" წარწერით მინიატურული წიგნი მეუღლისათვის ერთ-ერთი ნამუშევარია, რომელმაც არამარტო მეგობრების, არამედ უამრავი უცხო ადამიანის მოწონება დაიმსახურა. ამ და სხვა თიხის ნაკეთობების ფოტოების გამოქვეყნებას გამოხმაურება მოჰყვა მაღაზიებიდან, გალერეებიდან, სხვადასხვა კომპანიიდან.

გულსაკიდი წიგნების იდეა მისი მოგონილი არაა. ირენას აზრით, ეს გლობალური ტენდენციაა. მსოფლიოში უამრავი დიზაინერი აკეთებს ტყავის, ქაღალდის, ნაჭრის, თიხის, ლითონის ციცქნა წიგნებს. მასაც ძალიან მოსწონს იდეა და სიამოვნებით ხდება ავტორი თიხისა და ლითონის პატარა მინიატურული წიგნებისა.

ახალგაზრდა შემოქმედის გატაცება მხოლოდ პოლიმერულ თიხაზე მუშაობა არ არის.

უყვარს კულინარიული ექსპერიმენტები, ქსოვა, რომელიც დედისგან ისწავლა, ლიტერატურა, მუსიკა, ფილმები. ყველაფერს ისევ და ისევ თიხასთან და ფერად საღებავებთან მიჰყავს. შემოქმედებით გავლენას ყველაზე მეტად ვუდი ალენის ფილმები ახდენს.
სხვა სტატიები
 „რაც უნდა მოხდეს, მაინც დავხატავ...“
19 ოქტომბერი, 2014
“ბავშვობაში მინდოდა, რომ ზოოპარკის მეპატრონე ვყოფილიყავი, ზოოპარკში დამლაგებლად ან ცხოველების მომვლელადაც კი მსურდა მუშაობა, ცხოველები მიყვარდა ძალიან, სწორედ ამიტომ სახლში მქონდა „ზოოპარკი“: რაც კი შინაური ცხოველი არსებობს, მგონი, ყველა მყავდა. მე კიდევ ყოველთვის მინდოდა ცხენი მყოლოდა, ეს ცხოველი განსაკუთრებულად მიყვარდა“.
ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და თავიდან ყველაზე ხშირად სწორედ ცხენებს ხატავდა, ახლა უფრო ხშირად ადამიანებს ხატავს, იზიდავს შიშველი ფიგურა, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მეტ ყურადღებასა და დროს რელიგიურ თემებს უთმობს.
ახალგაზრდა კალიგრაფი და ხელით წერის უძველესი ტრადიცია
04 ოქტომბერი, 2014
ახალგაზრდა კალიგრაფი, ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ოთარ მჭედლიშვილი საქართველოში ერთ-ერთია, ვინც ხელით წერის უძველეს ტრადიციას იზიარებს. იგი საკუთარ ნამუშევრებს ხბოს ტყავზე, ეტრატზე, ქმნის, საწერად ლერწმის კალამსა და ბატის ფრთას იყენებს, ხოლო, რაც შეეხება მის მთავარ ნიშას, რაც სხვებისაგან გამოარჩევს, სწორედ რომ საწერი მასალა და გოთიკური სტილია.
ახალი რუსული გზა „მგზავრებისთვის“
20 სექტემბერი, 2014
ჯგუფი ,,მგზავრების” პროდიუსერი ჯგუფის ისტორიაზე, საქმიანობაზე, ქართველ და უცხოელ მსმენელზე საუბრობს.
,,როცა ადამიანი ნიჭიერია და თვითონვე ქმნის თავისსავე შესასრულებელ კომპოზიციას, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვინაიდან ის გრძნობს პულსაციას, თუ რა სჭირდება ბაზარს, ეს არის ძირითადი კოზირი, რაზეც დგას წარმატების თემატიკა”- ოთარ ედიშერაშვილი.
ინგა ბატატუნაშვილის საღებავები, ტილოები და ფუნჯები
12 ივლისი, 2014
შეხვედრა „დელისის“ მეტროსთან დავნიშნეთ. ინგა ბატატუნაშვილი მხატვარია. მეგობარ მხატვარ სოსო ქუმსიაშვილთან ერთად მხვდება. ცოტა ხანში მიხვეულ-მოხვეული გზებით მივიკვლევთ გზას კორპუსებს შორის. „ხომ კარგია, რომ ერთად მოვდივართ, მარტო ვერ მოაგნებდი ამ ადგილს“ - მეუბნება გზადაგზა. კიბეებზე ავდივართ. ოთახებიდან ადამიანები იხედებიან, ინგას ესალმებიან და მოიკითხავენ. უკვე წარმოვიდგინე, როგორია მისი სახელოსნო. ბოქლომს ხსნის, რკინის კარს აღებს და იმწამსვე საღებავების სუნს ვგრძნობ. ნათელი ოთახია სამი კედლის გასწვრივ, პირუკუ ალაგია ნახატები, მეოთხე კედელში ჩასმულ ორ ფანჯარაზე შინდისფერი და მოყვითალო ფარდები გადაწეულია და სინათლე შემოდის. ფანჯრების რაფებზე, ოთახის კუთხეებში, კედლებთან, ფუნჯები, საღებავები და ათასი სხვა ნივთი ალაგია, რომელთა უმეტესობის დანიშნულებას, ალბათ, მხოლოდ მხატვრები თუ მიხვდებიან.

Carpet Cleaning Calgary