ფერადი სიზმრები
10 მაისი, 2014
ფერადი სიზმრები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
რატომ გადაწყვიტა ხატვა არ ახსოვს, ამისთვის ჯერ ძალიან პატარა იყო, სულ რაღაც 5 წლის. ახსოვს, რომ ყოველთვის დიდი მონდომებით ხატავდა და თავის ნახატებს ინახავდა.

მარიამი ახალგაზრდა შემოქმედია. ხატვა ბავშვობაში დაიწყო. მისი მონდომება, განსაკუთრებული დამოკიდებულება ხატვისადმი მშობლებმა შეამჩნიეს და შეიყვანეს ს. ვირსალაძის სახელობის ბავშვთა N1 სამხატვრო სკოლაში.

2012 წელს დაამთავრა ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სასწავლო უნივერსიტეტი დიზაინისა და გამოყენებითი ფაკულტეტის განხრით. პარალელურად მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენასა და ღონისძიებაში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

პირველი პერსონალური გამოფენა მარიამს 2014 წლის 2 აპრილს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰქონდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მისი 70-მდე ნამუშევარი.

" ყველა მხატვრისთვის დიდი სტიმულია გამოფენებში მონაწილეობის მიღება. ჩემთვის ასეა, შემოქმედებითად უფრო იხვეწები. ჩემთვის ყველა გამოფენა მნიშვნელოვანია, თუმცა, ყოველთვის მინდოდა, ჩემი, პერსონალური გამოფენა გამეკეთებინა. ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ეს ოცნება ამისრულდა" - ამბობს მარიამ დევდარიანი.

ნამუშევრებში თექასა და ბატიკასაც გადააწყდებით. ცხადია ეს ნახატები არ არის.

თექა, ბატიკა - ეს მასალაა, რომელსაც მარიამი ხშირად იყენებს. გარდა ხატვისა, ის დაკავებულია სხვადასხვა ნივთის გაკეთებით. თექისგან, ძირითადად, დეკორატიულ პანოებს აკეთებს, თუმცა, მეგობართან ერთად თექის ჟილეტების გაკეთებაც სცადა. ცდამ წარმატებით ჩაიარა. როგორც თავად ამბობს, თექასთან მუშაობა 3 წლის წინ დაიწყო, პროცესი საკმაოდ დამღლელი და შრომატევადია, თუმცა, შესაფერისი გარემოს შექმნა დაღლილობას უხსნის და მუშაობის პროცესიც სასიამოვნო ხდება.
"ვცდილობ, ისეთი გარემო შევიქმნა, რომ თავს კომფორტულად ვგრძნობდე. მთავარია ხმაური არ იყოს. ზოგჯერ დაბალ ხმაზე მუსიკას ვუსმენ, ზოგჯერ კი მირჩევნია სრული სიჩუმე იყოს... ესეც ერთგვარი განწყობაა, რაც ნამუშევრებში თავისთავად აისახება".

ყველა ნამუშევარს თავისი ისტორია და ამბავი აქვს, თუმცა, მარიამის თქმით, ეს თავად დამთვარიელებელმა უნდა იგრძნოს და აღმოაჩინოს. ყველას თავისი ხედვა და განცდა ეუფლება.

"ფერადი სიზმრები" - ასე ჰქვია მის ერთ-ერთ ნამუშევარს, რომელსაც განსაკუთრებულად გამოარჩევს მხატვარი. ნახატი სიზმრების შეგონებით შექმნა და რამდენიმე სერია გააკეთა.

ხატვა, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის შექმნა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთადერთი გატაცებაა, თუმცა, სხვა საყვარელი საქმეც აქვს. "მიყვარს ქუჩაში მარტო სიარული და მუსიკის მოსმენა, ასევე ბუნებაში, ან მშვიდ და სასიამოვნო ადგილებში წიგნის კითხვა, თუმცა, ის, რასაც ამდენი წელია ვაკეთებ, ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა".

მშვიდი, გაწონასწორებული, ლაღი და მეგობრული... მარიამი ასეთია მეგობრებში, საზოგადოებაში და რაც მთავარია, თავის შემოქმედებაში.
სხვა სტატიები
 „რაც უნდა მოხდეს, მაინც დავხატავ...“
19 ოქტომბერი, 2014
“ბავშვობაში მინდოდა, რომ ზოოპარკის მეპატრონე ვყოფილიყავი, ზოოპარკში დამლაგებლად ან ცხოველების მომვლელადაც კი მსურდა მუშაობა, ცხოველები მიყვარდა ძალიან, სწორედ ამიტომ სახლში მქონდა „ზოოპარკი“: რაც კი შინაური ცხოველი არსებობს, მგონი, ყველა მყავდა. მე კიდევ ყოველთვის მინდოდა ცხენი მყოლოდა, ეს ცხოველი განსაკუთრებულად მიყვარდა“.
ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და თავიდან ყველაზე ხშირად სწორედ ცხენებს ხატავდა, ახლა უფრო ხშირად ადამიანებს ხატავს, იზიდავს შიშველი ფიგურა, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მეტ ყურადღებასა და დროს რელიგიურ თემებს უთმობს.
ახალგაზრდა კალიგრაფი და ხელით წერის უძველესი ტრადიცია
04 ოქტომბერი, 2014
ახალგაზრდა კალიგრაფი, ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ოთარ მჭედლიშვილი საქართველოში ერთ-ერთია, ვინც ხელით წერის უძველეს ტრადიციას იზიარებს. იგი საკუთარ ნამუშევრებს ხბოს ტყავზე, ეტრატზე, ქმნის, საწერად ლერწმის კალამსა და ბატის ფრთას იყენებს, ხოლო, რაც შეეხება მის მთავარ ნიშას, რაც სხვებისაგან გამოარჩევს, სწორედ რომ საწერი მასალა და გოთიკური სტილია.
ახალი რუსული გზა „მგზავრებისთვის“
20 სექტემბერი, 2014
ჯგუფი ,,მგზავრების” პროდიუსერი ჯგუფის ისტორიაზე, საქმიანობაზე, ქართველ და უცხოელ მსმენელზე საუბრობს.
,,როცა ადამიანი ნიჭიერია და თვითონვე ქმნის თავისსავე შესასრულებელ კომპოზიციას, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვინაიდან ის გრძნობს პულსაციას, თუ რა სჭირდება ბაზარს, ეს არის ძირითადი კოზირი, რაზეც დგას წარმატების თემატიკა”- ოთარ ედიშერაშვილი.
ინგა ბატატუნაშვილის საღებავები, ტილოები და ფუნჯები
12 ივლისი, 2014
შეხვედრა „დელისის“ მეტროსთან დავნიშნეთ. ინგა ბატატუნაშვილი მხატვარია. მეგობარ მხატვარ სოსო ქუმსიაშვილთან ერთად მხვდება. ცოტა ხანში მიხვეულ-მოხვეული გზებით მივიკვლევთ გზას კორპუსებს შორის. „ხომ კარგია, რომ ერთად მოვდივართ, მარტო ვერ მოაგნებდი ამ ადგილს“ - მეუბნება გზადაგზა. კიბეებზე ავდივართ. ოთახებიდან ადამიანები იხედებიან, ინგას ესალმებიან და მოიკითხავენ. უკვე წარმოვიდგინე, როგორია მისი სახელოსნო. ბოქლომს ხსნის, რკინის კარს აღებს და იმწამსვე საღებავების სუნს ვგრძნობ. ნათელი ოთახია სამი კედლის გასწვრივ, პირუკუ ალაგია ნახატები, მეოთხე კედელში ჩასმულ ორ ფანჯარაზე შინდისფერი და მოყვითალო ფარდები გადაწეულია და სინათლე შემოდის. ფანჯრების რაფებზე, ოთახის კუთხეებში, კედლებთან, ფუნჯები, საღებავები და ათასი სხვა ნივთი ალაგია, რომელთა უმეტესობის დანიშნულებას, ალბათ, მხოლოდ მხატვრები თუ მიხვდებიან.

Carpet Cleaning Calgary