ამბავი ტატოზე, ზღვასა და თაიგულზე
16 ნოემბერი, 2015
                        ამბავი ტატოზე, ზღვასა და თაიგულზე ბეჭდვა FaceBook Twitter
ოთახის ძირითადი ნაწილი ერთმანეთზე მიწყობილ მოლბერტებს, სხვადასხვა ზომის მრავალფეროვან ჟანრში შესრულებულ ნახატსა და ფერად-ფერად ქსოვილს აქვთ ოკუპირებული.

სიმყუდროვეს არც მარჯვენა კუთხეში მდგარი გრძელი მაგიდა და ცარიელი ყავის ჭიქები დაგირღვევთ, რომ არა თამადის პოზიციაზე - მაგიდის თავში მოკალათებული ქალბატონი და მის გარშემო შემომსხდარი ათიოდე ახალგაზრდა, რომელსაც საინტერესო მონოლოგს შიგადაშიგ აწყვეტინებენ.

ტატო ორაგველიძეს ჯგუფიდან მარტივად გამოარჩევთ. უცნაურ ვარცხნილობას და შავ ნაქსოვ ფუმფულა "კაშნეს" ატარებს. მრგვალი მომწვანო თვალების ქვემოთ, იქ, სადაც ქართველთა უმეტესობას კეხი "ამშვენებს", მას პირსინგი აქვს. მუდმივად მელნიანი თითებით, ახლაც ჩანახატებს აკეთებს რვეულში. უწყვეტი ხატვა თუ ჯღაბნა არამცთუ ხელს უშლის, არამედ ეხმარება კიდეც კონცენტრაციაში. სკოლის პერიოდში წერილობითი ნებართვაც კი ჰქონდა გაკვეთილებზე ხატვისათვის მიღებული. დღეს კი, იმავეს უკვე პროფესიულად სამხატვრო აკადემიაში აგრძელებს და დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობს. 



თითოეულ კოსტუმში საკუთარ ემოციას, ისტორიას დებს და ეძებს ქალის ტიპაჟს, ვისაც საკუთარ შექმნილ სამოსს ჩააცმევს. ამბობს, რომ: "კანსა და ქსოვილს შორის არსებობს სივრცე, სადაც შენი სული ეტევა და გარე სამყაროსთან საზღვარი შენი სხეულია, რომელსაც ტანსაცმელი მოსავს". მისთვის ნებისმიერი ტანისამოსს საკუთარი ამბავი აქვს, განსაკუთრებით მეორადს, რომელსაც თავად ხშირად ატარებს და უფრო ხშირად ფიქრობს მის ყოფილ პატრონზე, განვლილ გზაზე, ისტორიებზე, რომელიც შესაძლოა ქსოვილის ერთ ნაგლეჯში იმალებოდეს.


თავად მისი ჩაცმულობა ყურადღების ეპიცენტრში ხშირადაა. ხუმრობს, რომ ადრე მოსიარულე თეატრი იყო, დაუსრულებელი მოცულობითა და საზოგადოებისთვის ექსტრავაგანტული სამოსით. ცხოვრების აქტიურ რიტმში ჩაბმის შემდეგ კი ისეთ კომფორტულ სამოსს ანიჭებს უპირატესობას, რაშიც ფეხს უფრო მარტივად გადაადგამს. მის ნამუშევრებში არაერთი სტილია შერწყმული, მთლიანობაში ისინი მაინც ერთ კონკრეტულ ამბავსა თუ ემოციას გადმოსცემენ. ყველაფერი კი, საბოლოოდ, ერთ გარდერობში იყრის თავს, რომელიც პოსტმოდერნისტული სადარბაზოს ბინაში დგას.

ზღვისა და ნიჟარების სუნით გაჟღენთილ სახლში მალე ავეჯი ვარდისფრად შეიღებება, მეგობრებსაც აღარ მოუწევთ ყავის დასალევად საკუთარი ჭიქებისა და მადუღარას მოტანა. უცვლელი მხოლოდ მისი კატა - თაიგული დარჩება, რომელიც ყველა ცვლილებას ტატოს მხარზე შემოსკუპული ხვდება. 

ზღვას მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ბავშვობა ქობულეთში გაატარა და სტუდენტობის დროსაც ხშირად სპონტანურად ჩადის. თუმცა, სახლში მისვლის ნაცვლად ზოგჯერ ზღვის სანაპიროზე იდებს ბინას. ბავშვობა სხვა ხელოვანების მსგავსი ჰქონდა. ხატავდა შიშველ ნატურას, შემდეგ კი აუცილებლად მოსავდა მას. პირველი ჩვენება სკოლაში გამართა. პოდიუმზე კლასელებმა მის მიერ პოლიეთილენისაგან შექმნილი კოსტუმები წარმოადგინეს. დღეს ამაზე უკვე აღარც ეცინება, რაც მისი თქმით, პროფესიულ ზრდას ნიშნავს. ესეც მისი დამახასიათებელი თვისებაა, მუდმივად ეძებს სიახლეებს და უფრო მეტად საკუთარ თავს.

განვლილ წლებზე საუბრისას მომღიმარი სახის უკან არაერთი ტკივილითა და სევდით სავსე ისტორია იმალება. თავდაპირველად არც მის გატაცებას შეხვედრიან აღტაცებით, თუმცა, როგორც თავად ამბობს: "დედაჩემი აღმოჩნდა ძალიან მაგარი ქალი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა და დღემდე აკეთებს, რათა მე ჩემს მიზნებს მივაღწიო". ადამიანები გამუდმებით მოდიოდნენ და ქრებოდნენ. ანიჭებდნენ სიხარულსა და სევდას. ტკენდნენ და უყვარდათ. მასაც ჯერ უხაროდა, მერე დარდობდა, ბოლოს კი ადგა და ყველა გაანივთა. "ხელოვნებას ერთი ძალიან მაგარი თვისება აქვს, შეგიძლია ყველა და ყველაფერი გაანივთო, მათი სურვილის გაუთვალისწინებლად" - ამბობს ტატო.

ყველა ამ ნივთს კი მის სადიპლომო ნაშრომში იხილავთ, რომლის მომზადებაშიც ბოლომდეა ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები უკვე არაერთხელ შეცვალა, კონცეფცია უცვლელია. ცდილობს, თავი დააღწიოს უთავბოლობას, იპოვნოს სწორი საწყისი წერტილი და წარმატებით დაასრულოს დაწყებული. მოდა მისთვის ხელოვნება, დრამაა, რისი მეშვეობითაც საუბრობს. სათქმელი კი ბევრი დაუგროვდა, რაზეც სულ მალე თეთრ და ნაცრისფერ ფერებში ისაუბრებს. 

კოლექცია კი იქნება ტატოზე, ზღვაზე და, ალბათ, ცოტა თაიგულზეც.