ამერიკული ოცნებისთვის
23 იანვარი, 2016
ამერიკული ოცნებისთვის ბეჭდვა FaceBook Twitter
1776 წლის 4 ივლისიდან ყოველ წელს ამერიკელები დამოუკიდებლობას ზეიმობენ.

1997 წლის 4 ივლისიდან კი ყანჩაველების ოჯახში ამ დღეს გოგოს დაბადებას ზეიმობენ. ქართველი გოგოსი გულში ამერიკული ოცნებით.

ბავშვობაში ცელქი არ ყოფილა. არც მეზობლებს აწუხებდა ღიღინით მანამ, სანამ ტელევიზიით ნანახმა მუსიკალურმა ვიდეოებმა გონებაში "ოცნების" წითელი ღილაკი არ გაუაქტიურა. მას შემდეგ მღერის ყველგან და ყოველთვის. უყვარს ბიონსე - ზემოთ აღნიშნული ვიდეოების მთავარი მოქმედი პირი, შთაგონების წყარო და წარმატების მოტივაცია, ვისთანაც თავს ხშირად აიგივებს. ამბობს, რომ მასაც ჰქონდა ოცნება, გამხდარიყო მსოფლიოში აღიარებული მომღერალი, ოცნებები კი ხშირად დაუღალავი შრომის ფასად ხდება.

მსოფლიო ვარსკვლავობამდე ჯერ შორი გზაა, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ეკას უკვე კარგად სცნობენ. თავდაპირველად საზოგადოების ყურადღება გარეგნობით მიიქცია, როცა სოციალურ ქსელში მისი ფოტოები გავრცელდა. მისი თქმით, ყველა თინეიჯერი გოგოს ცხოვრებაში არის ეტაპი, როცა ის საკუთარი ფოტოების გამოქვეყნების სიხშირით გამოირჩევა. თუმცა, ფაქტია ყველა გოგონას ფოტო ვერ იმსახურებს ათასობით მოწონებას ეკას მსგავსად.

პოპულარობის ახალი ეტაპი მისმა მხიარულმა ვიდეოებმა გამოიწვია. "ვიდეოების ატვირთვა, უბრალოდ, გასართობად დავიწყე. ხალხის დადებითმა რეაქციამ კი თან გამაკვირვა, თან გამახარა" - ამბობს ეკა ყანჩაველი. ამჟამად მის ფეისბუქ გვერდს 51 000 გამომწერი, მის ვიდეოებს კი ათასობით ნახვა აქვს.

ინტერვიუს დროს მასთან უცნობი გოგონა მოდის, გულთბილად მოიკითხავს. ამბობს, რომ ძალიან უყვარს და გულშემატკივრობს. როგორც ირკვევა, ასეთი შემთხვევები ხშირია ქუჩასა თუ უნივერსიტეტში, რაც მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და სასიხარულოა.

რეალურ ცხოვრებაში მხიარული, უშუალო თინეიჯერი გოგონაა, გამორჩეული მიზნებითა და ოცნებებით. ამბობს, რომ საკუთარი თავი ბანალური, რუტინული ცხოვრების წესში ვერ წარმოუდგენია. მისი გონება მთლიანად მუსიკას, გული კი ამერიკულ ოცნებას აქვს ოკუპირებული. მიუხედავად ნულოვანი მუსიკალური განათლებისა, აქტიურად ცდილობს მელოდიისა და სიმღერის ტექსტების შექმნას. მუსიკალურ პროექტ "ახალ ხმაშიც" მონაწილეობა სწორედ პროფესიული განვითარების მოლოდინით მიიღო. რინგის ტურიდან თამაშს გამოეთიშა, თუმცა ეს ტრაგედად სულაც არ აღუქვამს. "წარუმატებლობა პირადად ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. საკუთარი თავის განვითარებისა და გაზრდის მოტივაციას მაძლევს" - ამბობს ეკა.

ახალი გამოწვევა კი ახალ ადამიანებთან არის დაკავშირებული. განსხვავებული ბუნების პიროვნებებთან ურთიერთობა მისთვის საინტერესო და სასურველია. თითოეული ადამიანი მასში განსხვავებულ ადგილს იკავებს, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო ხშირად ენაცვლებიან ერთმანეთს. უცვლელი მხოლოდ ოჯახის სივრცე რჩება. ფიქრობს, რომ არა ოჯახური იდილია, შესაძლოა, მისი ცხოვრება სხვანაირად წარმართულიყო. მშობლებმა ყველა პირობა შეუქმნეს, რათა მისი გონება არა ყოველდღიურ პრობლემაზე ან საზრუნავზე, არამედ ხელოვნებასა და სულიერ საზრდოზე ყოფილიყო ორიენტირებული.

17 წლის ჩიკო სახლის ერთ-ერთი ბინადარი და მისი კარგი მეგობარია. ძაღლი, რომელიც ეკასთან ერთად გაიზარდა. მიიჩნევს, რომ სწორედ მის გამო უყვარს ცხოველები და ყველა სულიერი არსებისადმი ჰუმანური დამოკიდებულება მისგან ისწავლა. უკვე მოასწრო სახლში ზაზუნის, თუთიყიშის, ზღვის გოჭის, კუსა და არაერთი ცხოველის დაბინავება.

კარიერულ გეგმებზე საუბრისას მის სახეზე ნათლად იკითხება ოცნება, რის მისაღწევადაც შრომას არ დაზარდება. მიიჩნევს, რომ შემდგარი მომღერლისათვის მხოლოდ ძლიერი ვოკალი არაფერს წყვეტს: "ტიპაჟი უნდა იყო, საკუთარი სტილი გაგაჩნდეს, პლასტიკა და იცოდე, რას მღერი". სურს, რომ მსოფლიომდე ქართული ხმა მიიტანოს, თავისი სიმღერითა და კარიერით არა მხოლოდ მან, არამედ ქვეყანამაც იამაყოს, რადგან ამერიკა მისთვის არის სამშობლო, მხოლოდ მეორე, საქართველოს შემდეგ. იცის, რომ ხმის მსოფლიომდე მიწვდენა რთული საქმეა, მაგრამ მოტივაცია და მონდომება წარმატების გასაღებია.