"ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვება სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაა"…
06 ივლისი, 2013
"ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვება სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაა"… ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
პირველი ნახატი 3 წლის ასაკში დახატა, რომელიც დედას მიუძღვნა და დღემდე შენახული აქვს. თორნიკე გაბედავა სამხატვრო აკადემიის სტუდენტია. "დედაჩემმა შემიყვანა პიონერთა სასახლეში ქანდაკებაზე და პარალელურად ხატვაზე. მე-11-12 კლასი სამხატვრო სკოლაში ვისწავლე, მერე უკვე სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე". გამოცდაზე მისმა ნახატმა უმაღლესი ქულა აიღო და აკადემიაშიც უფასო სექტორზე ჩაირიცხა. ხატავს თითქმის ყველა თემატიკაზე, თუმცა, "თავისიანად" მხოლოდ ერთ მიმდინარეობას მიიჩნევს - "ეს მიმდინარეობა მე მოვიგონე.

ფსიქოდელიური ნახატები, ასე ვუწოდებ. არეულ ფიგურებს ვხატავ და სახელებსაც ასე ვარქმევ, მაგალითად, ვიღაცას შეიძლება, ვკითხო, რას დაარქმევდა კონკრეტულ ნახატს და ამის მიხედვით შევურჩიო სახელი. ძირითადად, მიჭირს დავალებების შესრულება. როდესაც ვალდებული ხარ კონკრეტული ნამუშევარი შეასრულო, მაგრამ გააზრებული მაქვს, რომ სტუდენტი ვარ და ამისგან ბევრს ვსწავლობ". ამბობს, რომ ხატვა ქანდაკების ხათრით დაიწყო - "ქანდაკებებში ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი, ექსპერიმენტულად ვმუშაობ. აბსტრაქციულს ვაკეთებ, ხან რეალიზმთან მიახლოებულს".
მისი ნახატები ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა სახის გამოფენას. პერსონალური გამოფენა ჯერ არ ჰქონია, თუმცა, ამასაც თავისი მიზეზები აქვს. მისი თქმით, ნახატების გაჩუქება უყვარს - "ნახატს რომ დავხატავ, ცოტახანი მომწონს და მერე აღარ. გაჩუქება მიყვარს და ამის გამო არასოდეს მიგროვდება იმდენი, რომ პერსონალური გამოფენა გავაკეთო." ერთხელ ერთ-ერთ გამოფენაზე მისი ნახატი დაიკარგა. ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ გამოფენის ორგანიზატორს მისი ნახატი იმდენად მოეწონა, მოიპარა და სახლშიც კი წაიღო.

კონკურსები არ უყვარს, თუმცა, მონაწილეობა ხშირად მიუღია - "კონკურსებზე სულ მაქვს განცდა, რომ არ ღირს და მაინც ის გაიმარჯვებს, ვინც უნდათ. მაგრამ უფრო შრომისმოყვარეს მხდის და ვცდილობ, მაქსიმალური გავაკეთო. ვერ ვიტყვი, რომ არ გამიმარჯვია, მაგრამ ეს განცდა მაინც მაქვს. ძირითადად, დიპლომებითა და სიგელებით შემოიფარგლება ხოლმე ასეთ კონკურსებზე გამარჯვება". ერთ-ერთ კონკურსში, რომელიც 70 ქვეყანას შორის იყო შიდსის თემატიკაზე, მეგობართან ერთად შესრულა ნამუშევარი, რომლიც პირველ ხუთ ქვეყანას შორის მოხვდა. "კიდევ იყო კონკურსი, თუ ვინ აუხსნიდა გულისსწორს სიყვარულს ყველაზე კარგად. კონვერტი უნდა ჩაგეგდო ყუთში. მე გავიმარჯვე ნომინაციაში, როგორც ყველაზე კარგი გაფორმება. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იყო, დანარჩენი ნახატი". ლოგოების კონკურსში ორჯერ გაიმარჯვა. მიუხედავად მრავალი სიგელისა და დიპლომისა, ყველაზე დიდი გამარჯვებად მაინც აკადემიაში ჩაბარებას თვლის.

თუ პირად ცხოვრებაში ჩავარდნა აქვს, ეს მის შემოქმედებაზეც აისახება. "შეიძლება, ფანქარს ხელი აღარ მოვკიდო, ან პირიქით, მიბიძგოს, ნამუშევარი შევქმნა. თუმცა, როდესაც ყველაფერი კარგად არის, უკეთესი გამოდის".

გარდა ფერწერისა და მხატვრობისა, ლექსებსაც წერს. მისი აზრით, მხატვრობას, ქანდაკებასა და პოეზიას თითქმის არაფერი აქვთ საერთოდ - "ქანდაკებასა და მხატვრობას ერთმანეთთან თითქმის არ აქვს კავშირი, თუმცა, შეიძლება ლექსი დავწერო და მერე გავაფორმო ნახატით. კრებულის გამოცემას ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ ცუდად არ ვწერ და აქაც სერიოზულად ვარ ჩაფლული".

სანამ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარებდა, მკლავჭიდით იყო დაკავებული. "ამ სფეროში წარმატებებიც მქონდა, მაგრამ მაინც ფერწერა ავირჩიე. იმდენად განსხვავებულია ერთმანეთისგან, შეუძლებელია, ერთდროულად ორივეგან იყო".

მისი თქმით, რომ არა ხატვა - "ვიქნებოდი, ალბათ, ეკლესიაში მგალობელი სტიქაროსანი, ან ერთი ჩვეულებრივი ქუჩის ბიჭი".

საკმაოდ აქტიურია და მის გეგმებში ხელისუფლების ყურადღების მიქცევაც შედის - "რადაც უნდა დაგვიჯდეს, ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, შემოქმედებსაც მოგვაქციონ ყურადღება და წარმატების მისაღწევად საზღვარგარეთ არ გვიწევდეს წასვლა. ჩვენ აქ გვინდა მოღვაწეობა!"
სხვა სტატიები
 „რაც უნდა მოხდეს, მაინც დავხატავ...“
19 ოქტომბერი, 2014
“ბავშვობაში მინდოდა, რომ ზოოპარკის მეპატრონე ვყოფილიყავი, ზოოპარკში დამლაგებლად ან ცხოველების მომვლელადაც კი მსურდა მუშაობა, ცხოველები მიყვარდა ძალიან, სწორედ ამიტომ სახლში მქონდა „ზოოპარკი“: რაც კი შინაური ცხოველი არსებობს, მგონი, ყველა მყავდა. მე კიდევ ყოველთვის მინდოდა ცხენი მყოლოდა, ეს ცხოველი განსაკუთრებულად მიყვარდა“.
ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და თავიდან ყველაზე ხშირად სწორედ ცხენებს ხატავდა, ახლა უფრო ხშირად ადამიანებს ხატავს, იზიდავს შიშველი ფიგურა, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მეტ ყურადღებასა და დროს რელიგიურ თემებს უთმობს.
ახალგაზრდა კალიგრაფი და ხელით წერის უძველესი ტრადიცია
04 ოქტომბერი, 2014
ახალგაზრდა კალიგრაფი, ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ოთარ მჭედლიშვილი საქართველოში ერთ-ერთია, ვინც ხელით წერის უძველეს ტრადიციას იზიარებს. იგი საკუთარ ნამუშევრებს ხბოს ტყავზე, ეტრატზე, ქმნის, საწერად ლერწმის კალამსა და ბატის ფრთას იყენებს, ხოლო, რაც შეეხება მის მთავარ ნიშას, რაც სხვებისაგან გამოარჩევს, სწორედ რომ საწერი მასალა და გოთიკური სტილია.
ახალი რუსული გზა „მგზავრებისთვის“
20 სექტემბერი, 2014
ჯგუფი ,,მგზავრების” პროდიუსერი ჯგუფის ისტორიაზე, საქმიანობაზე, ქართველ და უცხოელ მსმენელზე საუბრობს.
,,როცა ადამიანი ნიჭიერია და თვითონვე ქმნის თავისსავე შესასრულებელ კომპოზიციას, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვინაიდან ის გრძნობს პულსაციას, თუ რა სჭირდება ბაზარს, ეს არის ძირითადი კოზირი, რაზეც დგას წარმატების თემატიკა”- ოთარ ედიშერაშვილი.
ინგა ბატატუნაშვილის საღებავები, ტილოები და ფუნჯები
12 ივლისი, 2014
შეხვედრა „დელისის“ მეტროსთან დავნიშნეთ. ინგა ბატატუნაშვილი მხატვარია. მეგობარ მხატვარ სოსო ქუმსიაშვილთან ერთად მხვდება. ცოტა ხანში მიხვეულ-მოხვეული გზებით მივიკვლევთ გზას კორპუსებს შორის. „ხომ კარგია, რომ ერთად მოვდივართ, მარტო ვერ მოაგნებდი ამ ადგილს“ - მეუბნება გზადაგზა. კიბეებზე ავდივართ. ოთახებიდან ადამიანები იხედებიან, ინგას ესალმებიან და მოიკითხავენ. უკვე წარმოვიდგინე, როგორია მისი სახელოსნო. ბოქლომს ხსნის, რკინის კარს აღებს და იმწამსვე საღებავების სუნს ვგრძნობ. ნათელი ოთახია სამი კედლის გასწვრივ, პირუკუ ალაგია ნახატები, მეოთხე კედელში ჩასმულ ორ ფანჯარაზე შინდისფერი და მოყვითალო ფარდები გადაწეულია და სინათლე შემოდის. ფანჯრების რაფებზე, ოთახის კუთხეებში, კედლებთან, ფუნჯები, საღებავები და ათასი სხვა ნივთი ალაგია, რომელთა უმეტესობის დანიშნულებას, ალბათ, მხოლოდ მხატვრები თუ მიხვდებიან.

Carpet Cleaning Calgary