"კარგი ავადმყოფობაა ეს საქმე"
27 ივლისი, 2013
"კარგი ავადმყოფობაა ეს საქმე" ბეჭდვა FaceBook Twitter
ფერთა სიმრავლე, გამოკვეთილი ფიგურები, გასაგები შინაარსის ექსპოზიციები - ეს ახალგაზრდა მხატვრის გიორგი გრატიაშვილის შემოქმედებაა. სამხატვრო აკადემიაში პირადი პრობლემების გამო ვერ ჩააბრა, ახლა კი ფიქრობს, რომ უკვე გვიანია.

თვითნასწავლია და უჭირს საკუთარ თავს მხატვარი უწოდოს, თუმცა, მისთვის ეს ერთადერთი საქმიანობაა. "ბავშვობიდან ვხატავდი და სიმართლე გითხრათ, ამისთვის სერიოზული ყურადღება არასდროს მიმიქცევია იმდენად, რომ პირველი ნახატიც კი არ მახსოვს".

გაუგებარი და სხვისგან გადმოტანილი ნახატები არ უყვარს, თუმცა, კონკრეტული ერთი ჟანრი არ აქვს არჩეული. "ხატვაში მუზების არ მჯერა. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მუზა. ჩემი აზრით, ეს ხელისშემწყობი გარემოება უფროა, რომელიც ხატვის სურვილს გიჩენს".



გამორჩეული ნახატი არ აქვს, მისთვის ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანია. "სხვები ადვილად არჩევენ, რომელი ნახატი უფრო მოსწონთ და მე ჯერ ვერ გამოვარჩიე". მათი გაჩუქება ყოველთვის არ უყვარს, მისი თქმით, "გააჩნია ვის ჩუქნი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, იშვითად ვჩუქნი ვინმეს".

ამბობს, რომ ყველა ნახატს თავის სახელი აქვს, მათგან ერთს გამოარჩევს - "უიმედო ლოდინი იმედით". "ნახატს რომ ნახავთ, მიხვდებით, თუ რატომ დავარქვი ეს სახელი. ყველა ნახატი ისე მაქვს შექმნილი, რომ გაუგებარი არაფერი ყოფილიყო და სახელებიც, შესაბამისად, აქვს შერჩეული".

რომ არა ხატვა, რას გააკეთებდა, არ იცის. სხვა საქმეში საკუთარი თავი ვერ წარმოუდგენია, ამბობს, რომ ეს არის ის ერთადერთი საქმიანობა, რომელიც მისია. "ხანდახან მგონია, რომ ხატვა უკვე ჩვევაა. ამის გარეშე რა იქნებოდა, არ ვიცი. ისე კარგი ავადმყოფობაა ეს საქმე".

მას შემდეგ, რაც საქართველოში სწავლა ვერ მოახერხა, ესპანეთში გაემგზავრა, სადაც მისი ნიჭით დაინტერესდნენ. "მოხდა ისე, რომ რამდენიმე ადამიანმა დაინახა ხატვისადმი ჩემი დამოკიდებულება. მიმიყვანეს ერთ კაცთან, რომელმაც ხელი მომკიდა და დაახლოებით 6-7 თვეს მომამზადა. მიუხედავად იმისა, რომ ენა კარგად არ მესმოდა, შევისწავლე ფერებში ხატვა. როგორც თვითონ ამბობდა, ძალიან სწრაფად ვითვისებდი და მე ვიტყოდი, რომ სწავლებამ ბევრი შემმატა და უფრო მეტად გავიხსენი. ვხატავ თავისუფლად".

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში შემოთავაზებები ბევრი ჰქონდა, იქაც ვერ გაძლო და კვლავ საქართველოში დაბრუნდა. ახლა მის გეგმებში პერსონალური აქსპოზიციის მოწყობა შედის, თუმცა, დაზუსტებით უჭირს ამაზე საუბარი. ფიქრობს, რომ ყველაფერი დროის ამბავია.