ქანდაკებების სასაფლაო
12 სექტემბერი, 2013
ქანდაკებების სასაფლაო ბეჭდვა FaceBook Twitter
ადამიანის სახის ფრაგმენტი, ხელი, ფეხი - ეს ყველაფერი ქანდაკებების ნარჩენებია, რომლებსაც რეალიზაციის დროს არ გააჩნდათ ღირებულება.
ახლა კი, ახალ სამუზეუმო ექსპონატებად იქცნენ. მხატვარი ვაჟიკო ჩაჩხიანი ამ ადგილს ქანდაკებების სასაფლაოს უწოდებს. 90-იან წლებში, საჯარო სივრცისთვის შექმნილი ქანდაკებების ნარჩენები, დღეს ერთ კონკრეტულ სივრცეშია თავმოყრილი. ვაჟიკო ჩაჩხიანი, თავის ახალ ნამუშევარში, ქანდაკებების კონკრეტულ ფრაგმენტებს განსხვავებულ კონტექსტში აქცევს: ქანდაკებები, რომელიც საჯარო სივრცისთვის იყო განკუთვნილი, განსხვავებულ სივრცეში, მუზეუმში გადააქვს და მათი ფრაგმენტები ახალ სივრცეში ახალი კონტექსტით, ხელოვნების ნიმუშის ხარისხს იძენს.

„ეს არის ქანდაკებების ნარჩენები, რომლებიც მოვიძიე, ავარჩიე და წამოვიღე, ხოლო სივრცეში დისტრიბუციის მოფიქრება რიგითი მოქალაქეებს მივანდე, რომლებიც არიან არაპრივილეგირებული სექტორის წარმომადგენლები. საერთოდ, როგორც ხდება, გამოფენის გახსნაზე მოდიან პრივილეგირებული მოქალაქეები, ამ შემთხვევაში კი მათ არაპრივილეგირებული სექტორის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ექსპოზიცია იხილეს“-აღნიშნავს ვაჟიკო ჩაჩხიანი.

გამოფენის იდეა ქანდაკებების ნარჩენებისთვის საჯარო სივრცის გამოცვლა და მათი სამუზეუმო სივრცეში განლაგებაა. ხელოვანი ხათუნა ხაბულენი დადებითად აფასებს იდეას, ქანდაკებების მუზეუმში გადატანას და ფიქრობს, რომ ეს საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო: „რეალურად ეს გამოფენა უბრალოდ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ გადასახედია ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულება სკულპტურების მიმართ, რომელიც იდეოლოგიურ ქანდაკებებს უკავშირდება, მაგალითად: საბჭოთა კავშირის სკულპტურებს. მექანიკურად ქანდაკებების დემონტაჟი და ისტორიიდან გაქრობა პრობლემას არ აქრობს, ამას სჭირდება ერთგვარი გაანალიზება, რეალურად რა ტიპის ხელოვნებასთან გვქონდა საქმე და რა პრობლემებს ატარებდა ის თვითონ ადამიანის ცნობიერებაში. ამის ირგვლივ უამრავი დისკუსია შეიძლება გაიმართოს“.

პროექტი ხორციელდება „სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის“ ფარგლებში. პროგრამის ფინანსური მხარდაჭერას უზრუნველყოფს შვეიცარიის განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).

ახალგაზრდა მხატვრისთვის ეს მეხუთე პერსონალური გამოფენაა. მაგრამ ასეთი ტიპის გამოფენა პირველად გააკეთა. 2007 წლიდან ის მონაწილეობას იღებს საქართველოში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, შვეიცარიასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩატარებულ გამოფენებში. ამჟამად ორ სოლო და რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაზე მუშაობს, მაგრამ ჯერ არ სურს გამხელა, რა ტიპის იქნება. ექსპოზიცია, დაახლოებით, ნოემბერში იგეგმება ქალაქ ბერლინში. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში.