ეპოქა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა...
20 ოქტომბერი, 2013
ეპოქა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა... ბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გივი თოიძის საიუბილეო გამოფენას მასპინძლობს.

გივი თოიძის შემოქმედება საქართველოს კუთხეების, ძველი თბილისისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის პეიზაჟებს მოიცავს. აგრეთვე, მის ნამუშევრებს შორის ვხვდებით ნატურმორტებს, პორტრეტებს, ჟანრულ სურათებსა და მრავალფიგურიან კომპოზიციებს.

გამოფენისთვის მხატვარი ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდა და ის ეძღვნება საიუბილეო თარიღსა და მისი მეუღლის ხსოვნას. „მე დიდიხანია ვემზადები გამოფენისთვის, შარშან შემისრულდა 80 წელი, ცოტა დიდი ტრავმა მივიღე, მეუღლე დამეღუპა და გადავწყვიტე, არა მარტო ჩემი პერსონალური გამოფენა გამეკეთებინა, არამედ ეს ექსპოზიცია მიმეძღვნა ჩემი მეუღლის ხსოვნისთვის“ - გვითხრა მხატვარმა გივი თოიძემ.

ხელოვნების სამყაროს ავტორი თავისი ბაბუის, დიდი ქართველი მხატვრის, მოსე თოიძის სახელოსნოში ეზიარა. გივი თოიძეს მინიჭებული აქვს არაერთი პრემია, არის თბილისის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი. ავტორის ნამუშევრები დაცულია ისეთ ცნობილ მუზეუმებში, როგორიცაა: ტრეატიაკოვის გალერეა (რუსეთი), აღმოსავლეთის ქვეყნების მუზეუმსა და გალერეაში, მისი ნახატები ინახება ჯორჯ ბუშის, ჟაკ შირაკის და სხვა ცნობილ ადამიანთა კერძო კოლექციებში.

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის თქმით, მნიშვნელოვანია, გამოფენა ნახონ ახალგაზრდებმა, რადგან მიიჩნევს, რომ ეს მათთვის ერთგვარი მასტერკლასი იქნება. „მინდა, ეს გამოფენა განსაკუთრებით სტუდენტებმა ნახონ, აკადემიის სტუდენტებმა, რათა შეიგრძნონ, რას ნიშნავს თვითონ მხატვრობის კულტურა, შეიძლება, იმუშაო ნებისმიერ ჟანრში თანამედროვე ხელოვნებაში, ნებისმიერ ინსტალაციას მიმართო, თანამედროვე ფორმების გამოსახვა იქნება ეს თუ აბსტრაქცია, მაგრამ თვითონ მხატვარმა აუცილებლად უნდა იცოდეს ხატვა, აუცილებლად უნდა ფლობდეს სხვდასხვა ტექნიკის საშუალებას, რაც ხდის მხატვარს უფრო თავისუფალს“ - აღნიშნა ლელა წიწუაშვილმა.

გამოფენა გაგრძელდება 3 ნოემბრის ჩათვლით.