„კიკინა“ ექსპოზიციისთვის ემზადება
27 ოქტომბერი, 2013
„კიკინა“ ექსპოზიციისთვის ემზადება ბეჭდვა FaceBook Twitter
„კიკინა“ სალომე ახალაძისა და ანა ხონელიძის შემოქმედებაა. გოგონებმა სამხატვრო აკადემია დაამთავრეს. სალომე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მუშაობს. ანას მეორე პროფესია მულტიმედია დიზაინია. ახალგაზრდებს მეგობრობისა და პროფესიული საქმიანობის გარდა, „კიკინა“ აერთიანებთ. ამზადებენ ორიგინალურ თმის სამაგრებს, გულსაბნევებსა და სხვადასხვა აქსესუარს. ბოლო დროს „კიკინამ“ თოჯინებზე მუშაობაც დაიწყო.
პატარა მაღაზია-სახელოსნოს გაკეთება სურთ, თუმცა, ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული.

ერთი ნამუშევარის შესრულებას ზოგჯერ მთელ დღეს უთმობენ, ყველაზე პატარა დეტალსაც კი მოფიქრება და მორგება სჭირდება. ინსპირაცია თავისთავად მოდის. მასალა მრავალფეროვანია: ქსოვილები, ქაღალდები, მძივები, თაბაშირი...

„შეიძლება, ქუჩაში გახვიდე და რამე ისეთს მოჰკრა თვალი, რომ უცებ დაიჭირო და შემდეგ შენს ნამუშევარში განახორციელო. მუშაობის დაწყებამდე ხელით ვაკეთებთ ჩანახატებს, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ნამუშევარი, შემდეგ უკვე მასალაზე ვფიქრობთ, რა მასალით უნდა გაკეთდეს. ძირითადად, როგორიც წარმოგვიდგენია, ისეთი გამოდის ხოლმე“ - აღნიშნავენ გოგონები.

ანა და სალომე ამბობენ, რომ მათი ნამუშევრები ნებისმიერი ასაკისა და ინტერესების მქონე ადამიანებს იზიდავს.

„კიკინას“ პერსონალური პატარა გამოფენა ერთხელ უკვე იყო კაფე „როტონდაში“. ამჟამად, გოგონებს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ შესთავაზა პერსონალური ექსპოზიციის გაკეთება, რომელიც, სავარაუდოდ, 31 იანვარს იგეგმება. ანა და სალომე როგორც ძველი, ისე ახალი ნამუშევრების გამოფენას გეგმავენ, აქვთ ახალი იდეები და სურთ, რომ ნამუშევრები ახალი სახით წარმოადგინონ.