ფოტოგრაფია მიახლოებული არქიტექტურასა და ფერწერასთან
23 ნოემბერი, 2013
ფოტოგრაფია მიახლოებული არქიტექტურასა და ფერწერასთან ბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტსა და გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით გერმანულ ფოტოგრაფიას მასპინძლობს სახელწოდებით - „რეალური სივრცე. კონცეპტუალური სივრცე“.
გამოფენა, რომლის კურატორიც უტე ესკილდესენია, უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (ifa) გამოფენათა სერიის „თანამედროვე გერმანული ფოტოგრაფიის ასპექტების“ გაგრძელებაა და წარმოადგენს 90-იანი წლების გერმანელ ფოტოხელოვანებს.

გოეთეს ინსტიტუტის კულტურის განყოფილების ასისტენტის თამთა გოჩიტაშვილის თქმით, ასეთი გამოფენა პირველად არ არის საქართველოში, ადრეც ჰქონდათ ჩამოტანილი, რომელშიც ასევე 90-იანი წლების გერმანელი ფოტოგრაფები ღებულობდნენ მონაწილეობას. „ifa კულტურული ინსტიტუტია გერმანიაში ცოტა განსხვავებული პროფილით და აქვთ ძალიან ბევრი საინტერესო გამოფენა, რომლებიც მოგზაურობს გერმანიის საზღვრებს გარეთ იმ ქვეყნებში, სადაც გოეთეს ინსტიტუტებია. ქართველ ფოტოგრაფებში მაშინდელმა გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ვიფიქრეთ, რომ ესეც საინტერესო იქნებოდა“ - აღნიშნა თამთა გოჩიტაშვილმა.

გამოფენაში „რეალური სივრცე. კონცეპტუალური სივრცე“ სუზანე ბრიუგერის, თომას დემანდის და ჰაიდი შპეკერის სამი განსხვავებული მეთოდით შემნილი ნამუშევრებია გაერთიანებული, რომლებსაც ერთმანეთან საჯარო სივრცე აკავშირებს. ეს კავშირი ნათლად ვლინდება, როგორც ჰაიდი სპეკერის ჩანახატოვან-აბსტრაქტულ არქიტექტურულ ფოტოებში, ისე სუზანე ბრიუგერის ქალაქის ზედხედებსა და თომას დემანდის კონსტრუირებულ ინტერიერებში.

„ამ გამოფენაში სამი ხელოვანი ღებულობს მონაწილეობას, წარმოდგენილია სამი განსხვავებული სტილით შესრულებული ნამუშევარი. დავპატიჟეთ ერთ-ერთი ხელოვანი ჰაიდი შპეკერი, რომელიც გახსნასაც დაესწრო და ასევე ახალ ფოტოგალერეა კონტეინერში ახალგაზრდა დამწყები ხელოვანებისათვის ჩაატარა სამდღიანი სემინარი. გახსნაზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოვიდა, კონკრეტულად ფოტოგრაფიით დაინტერესებულები. ბოლო წლებში ახალგაზრდები ინტერესდებიან ფოტოგრაფიით. ეს ცოტა განსხვავებული სტილია. არის დოკუმენტური ფოტოგრაფიის მაგალითებიც, არის ფოტოგრაფია მიახლოებული არქიტექტურასთან და არის ფოტოგრაფია მიახლოებული ფერწერასთან. ეს არის გამოფენა, სადაც ნაჩვენებია, თუ რა შეუძლია ფოტოგრაფიას, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ უსაზღვროა მისი შესაძლებლობები“.

გამოფენაზე სუზანე ბრიუგერის 8 შავ-თეთრი, თომას დემანდის 7 დიდფორმატიანი ფერადი ფოტოგრაფია და ჰაიდი შპეკერის 12 ფერადი ნამუშევარია წარმოდგენილი.

ეს ნამუშევრები 1998 წლიდან დღემდე სულ 46 ქვეყანასა და ქალაქში წარმატებით გამოიფინა.

გამოფენა 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.