ახალგაზრდა ხელოვანი და მისი შემოქმედება
30 ნოემბერი, 2013
ახალგაზრდა ხელოვანი და მისი შემოქმედება ბეჭდვა FaceBook Twitter
ყაისნაღით მოქარგული საყელო, ხელთათმანი, საყურე, სამაჯური, ყელსაბამი, საქორწილო მოსაწვევების გაფორმება, მოხატული ბოთლები, გულსაბნევები - ეს ყველაფერი ლიკუნა კოტეტიშვილის შემოქმედებაა. მისი ხელნაკეთი ნივთები საკმაოდ მრავალფეროვანია. ყველაფერი კი სკოლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც ხელთათმანი მოიქსოვა. მეგობრებს ძალიან მოეწონათ და მას შემდეგ საკუთარი თავისა და მეგობრებისთვის სხვადასხვა ნივთს აკეთებს. ერთი წელია, რაც საკუთარი ხაზი შექმნა და მას კომერციული სახე მისცა. პროფესიით მენეჯერ-ეკონომისტია, მაგრამ თავს კარგად გრძნობს, როდესაც რაიმეს ქმნის.

„ვმუშაობ პროფესიით, მაგრამ ყველაზე კარგად თავს მაშინ ვგრძნობ, როდესაც რაღაცას ვქმნი, ვქსოვ ან ვქარგავ, ვაკეთებ აქსესუარებს - ეს არის ჩემი საყვარელი საქმე. მასალა არის ნახევრად ძვირფასი ქვები და ძაფები“ - აღნიშნა ლიკამ.

მისი ნამუშევრები იმ მომხმარებელზეა გათვლილი, ვისაც უყვარს ხელნაკეთი ნივთები. გამოფენაში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია: „შემოთავაზება ახლაც მაქვს, ვფიქრობ, თუ მოვასწარებ, საახალწლოდ გავაკეთებ გამოფენას, ვამზადებ ახალ კოლექციას და იმედია, მალე წარვუდგენ საზოგადოებას“.

ყველაზე დიდ მიღწევად მისი ხელნაკეთი ნივთების საზღვარგარეთ გატანას მიიჩნევს. იყო შეკვეთა ამერიკიდან, იტალიიდან, ლონდონიდან და ბარსელონადან. ბედნიერია, როდესაც მისი ნივთები ყველას მოსწონს.

მისი ოცნებაა, ჰქონდეს საკუთარი სახელოსნო და პატარა კაფე ამ სახელოსნოში, სადაც მისი ნამუშევრები იქნება. უყვარს ხელოვნება და თავს ამ სფეროში ყველაზე კარგად გრძნობს. საოცნებო ქვეყანაა იტალია და იმედი აქვს, რომ იქ პატარა მაღაზიას გახსნის. მიუხედავად ამისა, საქართველოს გარდა მუდმივად ცხოვრება არსად უნდა. ფიქრობს, რომ ძალიან ნიჭიერი ერი ვართ: „უბრალოდ გვჭირდება ძალიან ბევრი დაფიქრება საკუთარ თავზე. ვისურვებდი, რომ ქართველები შემოქმედებითად დატვირთულები ვიყოთ“.

ხელნაკეთი ნივთების კეთების გარდა უყვარს ფოტოების გადაღება. ამჟამად ფოტოკონკურს „ფოტომანიში“ მონაწილეობს. ეს მისთვის პირველი კონკურსია. ძირითადად, პორტრეტების გადაღება უყვარს. ცდილობს, მაქსიმალურად ყველაფერი მიიღოს, რასაც ცხოვრება სთავაზობს. „ჩემი ცხოვრების მიზანი არის სიყვარული. მინდა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვხედავდე ბედნიერს. სამწუხაროდ, ქუჩაში რომ დავდივარ, ვერ ვხედავ ადამიანების თვალებში სიხარულს, ყველა მოღუშული და გაბრაზებული დადის, მინდება ხოლმე გავაჩერო და ვუთხრა: გაიღიმე“.