Smile Around - ცხოვრება მშვენიერია
14 ივნისი, 2014
Smile Around - ცხოვრება მშვენიერია ბეჭდვა FaceBook Twitter
ამ ბოლო დროს ადამიანებს ღიმილი გვავიწყდება, აღარ ვიღიმით და აღარც გვახსოვს როგორია, როდესაც სამყაროს ღიმილით ვუყურებთ. Smile Around ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც პოზიტივის გავრცელებაა. SA Group–ის დამაარსებელი ვაჩე კუპატაძეა, რომელიც თავისი ორგანიზაციითა და ახალგაზრდა პოზიტიური ხელოვანი ადამიანების დახმარებით გეგმავს აჩუქოს ღიმილი ყველას, ვისაც დღეს ის აკლია.

„გამარჯობა, მე ვარ სმაილი, ახალჩამოყალიბებული SA Group-ის დამაარსებელი, “SA – Group” , ანუ “Smile Around Group” ეცდება თქვენს ცხოვრებაში მეტი შემოქმედება და ექსტრემი შემოიტანოს, ბევრი პოზიტიური და ხალისიანი მომენტი გაჩუქოთ. ღიმილი კარგია, ღიმილი პოზიტივია, ღიმილი ცხოვრებას ალამაზებს, ღიმილი ჯადოსნური ელექსირია, ამიტომაც გადავწყვიტეთ, გავიღიმოთ და მოგიწოდოთ თქვენც, გვიპასუხოთ ღიმილით“.

SA Group-ის იდეა, როგორც ვაჩე კუპატაძემ აღნიშნა, ნეგატივიდან წამოვიდა, რომელსაც ხალხი სწორედ ისეთ ადგილებში ამჟღავნებდა, სადაც ნეგატივის ადგილი არ იყო. იდეა დაიბადა, მეგობრებს გაანდო, მეგობრები მხარში ამოუდგნენ, ფლაერებისა და სტიკერების ბეჭდვა და დარიგება დაიწყეს. გადაწყვიტეს მასშტაბური კონცერტის ჩატარება, თუმცა, დაფინანსების არქონის გამო ღონისძიება ჩაიშალა, მაგრამ როგორც ოპტიმისტმა ადამიანებმა, იმედი არ დაკარგეს და ახალი იდეების განხორციელება დაიწყეს.

„გაიღიმეთ, გაუღიმეთ ყველას, იყავით კმაყოფილები თქვენი არსებითა და თქვენი ცხოვრებით, იყავით გამორჩეულები თქვენი პოზიტიური ღიმილით და დაიმახსოვრეთ, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ღიმილით მოკვდნენ, იყვნენ, არიან და იქნებიან, რადგან მათ ღიმილის არსი გაიგეს“. ეს სიტყვებიც ერთმა მომღიმარმა ადამიანმა წარმოთქვა და გარშემომყოფებს ღიმილით გადასცა.