მაკა გოგოხია - გმირი თანამედროვე ცხოვრებიდან
14 მარტი, 2021
მაკა გოგოხია - გმირი თანამედროვე ცხოვრებიდან ბეჭდვა FaceBook Twitter
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა "ქალი ჩემი საზოგადოებიდან". სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

2001 წელს, გალის რაიონში, სამუშაოდ რამდენიმე მიზეზით წავედი. ერთ-ერთი აფხაზური გაზეთის წარმომადგენლობაში ჟურნალისტად ვიმუშავებდი.
თუმცა, მაშინ ჟურნალისტი ჯერ კიდევ არ ვიყავი, გალში ორთვიანი მივლინების შემდეგ მივიღე ეს სტატუსი. მოგზაურობის მთავარი მოტივი ჟურნალისტიკა არ იყო, გმირობა მინდოდა. არ შემეძლო მეთქვა ის სიტყვები, რაც მაშინ ძალიან მოდური იყო: "მე ვომობ", ომის დროს ძალიან პატარა ვიყავი. აი, გალის რაიონში ყოფნა და ცხოვრება იმ პერიოდში ნამდვილად გმირობის ტოლფასი იყო. განა ეს უკეთესი ადგილი არ არის ახალგაზრდა და ამასთანავე, მამაცი ადამიანისთვის?

გალში სრულიად განსხვავებული ადამიანები დამხვდნენ, პირველად ჩემს შესახვედრად მანანა გოგოხია გამოვიდა, ჩემს ცხოვრებაში როგორც ყოველთვის თბილ, ასევე, ყოველთვის ხალისიან ადამიანად დარჩა. 

2001 წლის გალში ყველაფერი იყო: სადღაც ისევ იყო დივერსია - ცარიელ ქუჩაში ადამიანები საკაცეებით მირბოდნენ. საღამოს ქალაქში "მსუბუქი სროლაც" გაისმა, კაფეში სამხედროებმა იჩხუბეს. ქალაქიდან სატვირთო მანქანის ფურგონით სოფლებისკენ გადაადგილებით შეიძლება სამიზნე გამხდარიყავით, უნდა გცოდნოდათ მანქანები, რომლებშიც არ უნდა ჩამსხდარიყავით, ენგურის ხიდთან შეიძლება ჩაეცხრილეთ. და აი, ამ ყველაფრის ფონზე მაკას სახეს ღიმილი არ შორდებოდა და სულ სიცოცხლის სიყვარულს ასხივებდა.

იმ პერიოდში და შემდეგაც, ვფიქრობ, რაიონში არცერთი ჰუმანიტარული პროექტი არ იყო, რომელსაც არ აკეთებდა, ან ჩართული არ იყო მანანა.

დაწყებითი სკოლის უფროსი, საესტრადო წრის ხელმძღვანელი, უფლებადამცველი, ჟურნალისტი, თოჯინების თეატრის კოორდინატორი, ახალგაზრდული სპორტული შეჯიბრის კოორდინატორი, პროექტებს სოციალურად დაუცველების, ობოლი ბავშვებისა და შშმ ადამიანებისთვის ახორციელებდა. ეს იმ საქმეების ნახევარიც არ არის, რისი გაკეთებაც მაკამ ამ წლებში მოასწრო. 

"შეიძლება ითქვას, რომ მუშაობა შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან მეორე დღესვე დავიწყეთ, 1993 წელს. მეგობრებთან ერთად კულტურის სახლი აღვადგინეთ. მაშინ კარისა და მაყურებლისთვის განკუთვნილი სკამების გარეშე იყო, მაგრამ თავი გავართვით და პირველი საახალწლო კარნავალი ჩავატარეთ. ძალიან რთული იყო, მაგრამ ადამიანები ძალიან მეგობრულები იყვნენ. გალში იმ დროს ცოტა ადამიანი ცხოვრობდა, ჩვენ ძალიან გვინდოდა, ბავშვებს ქუჩებში ყოველგვარი შიშის გარეშე ესეირნათ. თოჯინების თეატრიც ჩამოვაყალიბეთ. ბევრი პრობლემა გვხვდებოდა, როგორც ტრანსპორტის, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ პრეზენტაციის დღეს დარბაზი სავსე იყო,"- მანანა გოგოხია ნახევარი საუკუნის წინანდელ ამბებს ისე იხსენებს, თითქოს გუშინ იყო. 

უნდა აღინიშნოს, რომ მანანასა და მისი ორგანიზაციის საქმიანობა მხოლოდ ქალაქსა და შეიძლება ითქვას, რაიონზეც არ ვრცელდებოდა. არის პროექტები, რომელიც მეზობლად, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში განხორციელდა. 

ახლა სხვა დროა, ბევრად უსაფრთხო, გალი დაცარიალებულს აღარ ჰგავს, ოჩამჩირისა და ტყვარჩელისგან განსხვავებით აქ ცხოვრება ჩქეფს. აი, სოციალური პრობლემები კი არსადაც არ გამქრალა, გარკვეული გაგებით მოიმატა კიდეც. გალში მცხოვრები აქტივისტები ომის შემდგომ წლებს ნოსტალგიით იხსენებენ, სამუშაო გარემო ბევრად თავისუფალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება სამოქალაქო სექტორისადმი კეთილგანწყობილი არასდროს ყოფილა. ბოლო 5-6 წელია ადამიანებს აფხაზეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს, რაც ორგანიზაციის საქმიანობიდან გამომდინარე მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეიძლება კანონგარეშე იყო იმ ტერიროტიაზე, სადაც ცხოვრობ და მუშაობ. ეს გაურკვეველი ვითარება უკვე ბევრი წელია გრძელდება. 

"უცნაური და სამწუხარო ვითარებაა. აქ არის ჩემი სახლი, ჩვენი საქმე, რომელსაც დიდიხანია ვაკეთებთ. ბევრი მადლიერება მიგვიღია, მათ შორის, ხელისუფლებიდან ცხოვრების გამოცოცხლებისთვის, ასევე, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, სოციალური მხარდაჭერისთვის. ჩვენ ახლა გაურკვევლობაში ვართ. ეს ამცირებს ჩვენს შესაძლებლობებს გალის რაიონში ცხოვრების გასაუმჯობესებლად,"-ამბობს მანანა გოგოხია.

პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.