უმაღლესი განათლების პრობლემები სომხეთში
11 ოქტომბერი, 2021
უმაღლესი განათლების პრობლემები სომხეთში ბეჭდვა FaceBook Twitter
ვინ გამოხვალ, როცა გაიზრდები? ამ კითხვას სომხეთში სამი წლიდან ბავშვებს ყველა ოჯახში უსვამენ. უფროსები ცნობისმოყვარე კითხვებით არ შემოიფარგლებიან და მთელ რიტუალს აწყობენ მას შემდეგ, რაც პატარებისთვის პირველი კბილების ამოსვლას იზეიმებენ.
ძველი სომხური ტრადიციის თანახმად სხვადასხვა მარცვლეულისგან ფაფას ამზადებენ, ბავშვს თავზე დასაფენს ადებენ და დადებითი სურვილებით მარცვლეულს ტკბილეულთან ერთად უსვამენ. ამ რიტუალის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პატარებს კბილები სწრაფად და უმტკივნეულოდ ამოუვიდეთ. შემდეგ ბავშვის წინ სხვადასხვა საგანს დებენ, თითოეული გარკვეული პროფესიის სიმბოლოა. რომელიმე მათგანის აღებით კი პატარა ჩაიფიქრებს, მომავალში ვინ გამოვა. როგორც ჩანს, ასეთი სერიოზული მიდგომით ახალგაზრდა ადამიანმა მოთხოვნადი და საინტერესო პროფესია უნდა აირჩიოს. თუმცა, ბევრი მათგანი პოპულარულ პროფესიას ირჩევს, რომლის წარმომადგენლებიც მეგობრები და ახლობლები არიან. სწორედ ამიტომ, მაგალითად საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ყოველწლიურად ასობით სტუდენტს უშვებს, ამ პროფესიაზე მოთხოვნა კი ორჯერ ნაკლებია.

სომხეთის მოსახლეობაში ძალიან ბევრი ადამიანია უმაღლესი განათლებით. ტაქსის მძღოლით დაწყებული და მიმტანით დამთავრებული, თითოეულ მათგანს აქვს დიპლომი და ამით ისინი ძალიან ამაყობენ. მიზეზი იმაშია, რომ სომხეთში უმაღლესი განათლების დამადასტურებული დიპლომი ძალიან ფასობს, ამიტომ მშობლები ამ საკითხს დიდი ყურადებით ეკიდებიან და საკუთარი შვილებისთვის რეპეტიტორებს საფუძვლიანად არჩევენ, რათა მათ ახალგაზრდები მისაღები გამოცდებისთვის მოამზადონ. ზოგჯერ მომზადება გამოცდებამდე ერთი წლით ადრე იწყება და მოსწავლეები უფრო მეტ დროს ტესტებს უთმობენ, ვიდრე მიმდინარე გაკვეთილებს. კარგი იქნებოდა, მშობლები და მოზარდები უფრო მეტად იკვლევდნენ არსებული შრომის ბაზრის ტენდენციებს, რომ უფრო მოთხოვნადი და შესაფერისი პროფესიები აერჩიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში უმეტესობას საკუთარი უნარების გადახალისება და პროფილის შეცვლა, ან სრულიად ახალი პროფესიის ათვისება მოუწევს.


ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა უმაღლესი განათლება. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.