ტოპონიმებში შემორჩენილი სოფლები
19 მარტი, 2022
ტოპონიმებში შემორჩენილი სოფლები ბეჭდვა FaceBook Twitter
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.

მაგრამ გადავიფიქრე, გადავწყვიტე, მოგითხროთ ადგილებზე, რომლებიც აღარ არსებობს. სოფლებზე, რომლებიც ნასოფლარებად იქცა, აყვავებულ, ხალხმრავალ, სიცოცხლით სავსე ადგილებზე, რომელიც მხოლოდ ტოპონიმიკას შემორჩა.

არის ასეთი შესანიშნავი ვებრესურსი, "საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი", დიალექტური კორპუსი. ენის კორპუსზე ახლა არ მოგიყვებით, სხვა, მშვიდობიან დროს ვილაპარაკოთ. ეს პლატფორმა ნამდვილი განძია მისთვის, ვისაც ქართული ენა და მისი დიალექტები, ახლო და არც ისე ახლო წარსული, ადამიანები და ადამიანური ისტორიები აინტერესებს.

მრავალფეროვანი საძიებო სისტემა აქვს, სიტყვით, ტექსტით, ამბით, მოკლედ, ბევრი მაიდენტიფიცირებელი ნიშნით შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო ტექსტი, მთქმელი თუ ადგილი.

ამ შემთხვევაში, ტექსტს მისი ჩაწერის ადგილით ვეძებ, სპეციალურ განყოფილებაში ჩავწერე შიდა ქართლი, მერე კი კონკრეტული სოფლები.

მაგალითად, ერედვი, რომელიც 2008 წლის ომისა და რუსული ოკუპაციის მერე დაიცალა და ნასოფლარად იქცა, კორპუსის ტექსტებში ისე ჯერ არსებობს, ხალხმრავალი, გადამწვანებული, ნაყოფიერი სოფელია, ყოველდღიური ყოფით, ქორწილებითა და დატირებებით. ერთი მთქმელი გვიყვება:

"ჩვენ მეზობელს შვილი მოუკვდა, დედაჩემი იმასა ტირის. მერე ან მამა, ან დედა, ან მე მოვკვდებით, მოვლენ და ისინი გვიტირებენ."

სოფელი აღარ არსებობს, თუმცა სახელი, ერედვი თუ დავიმახსოვრეთ, გამოვა, რომ ის ჩვენს მეხსიერებაში, გონებაში არსებობს,ენა თუ ყოფიერების სახლია, ეს იმას ნიშნავს, რომ ტოპონიმების დამახსოვრებით შეგვიძლია ნასოფლარებს უკვდავება ვაჩუქოთ.

აი, კიდევ ერთი ნასოფლარი, ქურთა, საძიებო ველში ვწერ და იმდენი საინტერესო მთქმელის ტექსტს ვპოულობ. მაგალითად, თავისი დიდპაპის ამბავს მოგვითხრობს ერთი აქაური მთქმელი:

"პაპაჩემი ყოფილა გმირი, უომნია ძალიანა ქვეშის ციხეში, ჩავარდნილა ტყვეთ. ქვეში ურმაშვილები ყოფილან შვიდნი ძმანი. უფროს უთქვია: ჩვენ – შვიდნი ძმა და შენ გახდები მერვეო. იყავი ჩვენთანო და იცხოვრეო"...

მოკლედ, ასე შეგიძლიათ მოძებნოთ ადგილები, სადაც სიცოცხლე აღარაა და რომელთაც ჩვენ, ენაში გაცოცხლებით, დამახსოვრებით, გახსენებით შეგვიძლია შევუნარჩუნოთ სიცოცხლე, ერგნეთი, ხეითი, ფრისი, ნული, არგვიცი...და კიდევ რამდენი სოფელი, რომელიც რუსულმა ოკუპაციამ შეიწირა.


ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა კულტურული ღირსშესანიშნაობები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.