სომეხი ახალგაზრდები და ტრადიციები
13 ივლისი, 2013
სომეხი ახალგაზრდები და ტრადიციები ბეჭდვა FaceBook Twitter
სომხები საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 5,7 %-ს შეადგენენ და რეიტინგის მიხედვით ქართველებისა და აზერბაიჯანელების შემდეგ მესამე ადგილი უკავიათ.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ საიტზე განთავსებულია 2002 წლის სტატისტიკური მონაცემები საქართველოს მუდმივი მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებით ეროვნული უმცირესობების მიხედვით, რომლის თანახმადაც სომხურენოვანი მოსახლეობა 248 929 კაცია.
საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდები თავისთავად განიცდიან კულტურის, ენისა და ტრადიციების გავლენას.
,,17 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი. ჩემი ქმარი ქართველია. შესაბამისად, შვილები ქართულ გვარს ატარებენ. ვცდილობდი, პატარა ასაკიდანვე შემეყვარებინა ჩემი სამშობლო და მასზე ინფორმაცია მიმეწოდებინა. ახლა უკვე ისეთ ასაკში არაიან შეუძლიათ, თვითონ გადაწყვიტონ, ისწავლიან თუ არა სომხურ ენას. დააინტერესებთ თუ არა ტრადიციები" - ამბობს 35 წლის კარინა პოღოსიანი. მისი თქმით, საქართველოში მრავლადაა მსგავსი ოჯახები. 

საქართველოში სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის კულტურული, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი ,,ჰაიარტუნი" უკვე 2 წელია ფუნქციონირებს და აქტიურად ცდილობს არჩეულ მიმართულებებში ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოში მცხოვრებ სომეხ ახალგაზრდებს. ცენტრის ხელმძღვანელის ლევონ ჩიდილიანის თქმით, ცენტრი არა მხოლოდ არჩეული სამი მიმართულებით მუშაობს, არამედ ცდილობს, ყურადღება მიაქციოს სხვა დანარჩენ სფერობსაც. ,,ჩვენ ვაწყობთ გამოფენებს, ფილმის პრემიერებს, ვბეჭდავთ სომხურენოვან წიგნებს. კულტურული მიმართულება და ყველაფერი, რაც საინტერესო და მნიშვნელოვანია სომეხი ერისთვის, ჩვენი ინტერესის სფეროა. ცენტრის ბაზაზე დაარსებულია ოთხი ჰაგიოგრაფიული ანსამბლი, ფეხბურთის გუნდი, ქორეოგრაფიული ანსამბლები, როგორც პროფესიონალებისთვის, ისე მოყვარულებისთვის განკუთვნილი, დუდუკის კლასი, სკაუტები, საბავშვო ბაღი, საკვირაო სკოლა, სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია სომხური ენის შესწავლა, კულტურისა და ისტორიის გაცნობა. დღეს უკვე ჩვენს ცენტრს 700-მდე ბენეფიციარი ჰყავს. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობს, ეს ციფრი დიდი არაა. ჩვენ ვახორციელებთ პროგრამას ,,არიტუნ" (მოდი სახლში). საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 20 წლამდე სომეხი ახალგაზრდები ორი კვირით მიგვყავს სომხეთში დასასვენებლად. იმისათვის, რომ საკუთარი თვალით ნახონ კულტურული ძეგლები, გაეცნონ ტრადიციებს" - გვეუბნება ლევონ ჩიდილიანი.

,,ჰაიარტუნის"" ახალგაზრდა აქტივისტს სტელა მკრტიჩიანს საკუთარი მოსაზრება აქვს სომეხი ახალგაზრდების ქართული ცხოვრების შესახებ, მისი თქმით, მრავლადაა ოჯახები, სადაც თვითონ მშობლები არ აქცევენ ყურადღებას ადათ-წესებს. საკუთარ შვილებს არ მიუთითებენ ამ ტრადიციების დაცვისაკენ. ,,ამ ცენტრში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია. ვუკრავთ, ვმღერით და ვცეკვავთ ტრადიციულ სომხურ ჰანგებზე. 9 მაისს კონცერტიც გვქონდა არტ-ჰოლში. ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრია ისეთი ოჯახი, რომელიც არ მიჰყვება ტრადიციებს. არ უნერგავენ შვილს სიყვარულს ტრადიციული, ეროვნული ჰანგებისადმი, ცეკვისადმი. მინდა აქცენტი გავამახვილო თბილისში მცხოვრებ სომხებზე, არ იციან საუბარიც კი. მე მგონი, ზოგიერთმა ქართველმა უფრო მეტი სიტყვა იცის სომხურად. "ჰაიარტუნში" თავს ისე ვგრძნობთ, როგორც ოჯახში". სტელამ #136 რუსულ-ქართული სკოლა დაამთავრა, მისი თქმით, ამ სკოლაში საკმაოდ ბევრი სომეხი სწავლობს, მაგრამ ათ სომეხს შორის შეიძლება მხოლოდ ერთზე თქვა, რომ ეს ეროვნებით სომეხია. დანარჩენებს ნაწილობრივ დავიწყებული აქვთ ეროვნულობა. 

სომხებს აქვთ დღესასწაულები, რომლებიც მხოლოდ მათ ეკუთვნით. ასეთია მაგალითად, ,,ვართავარი" - წუწაობის დღესასწაული. ჰოვანეს შახნაზარიანის თქმით, ,,ვართავარი"" სომხეთში ძალიან დიდი დღესასწაულია და მას საკმაოდ მასშტაბურადაც აღნიშნავენ. ,,შეიძლება, გზაში მიდიოდე და უცებ ზემოდან ვიღაცამ სათლით წყალი გადმოგასხას. ეს ისეთივე დღესასწაულია, როგორც ვთქვთ, ესპანეთში პომიდვრებით ბრძოლის დღე". ამ დღესასწაულს თბილისშიც აღნიშნავენ. სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად რაბათში ,,ჰაიარტუნის" ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ჯეირანი", მომღერლები და ვოკალისტებიც მიდიან კონცერტის ჩასატარბლად. 

ჰოვანესი ცენტრის ახალგაზრდა სკაუტთა გუნდის უფოსი და თბილისის სურბ ეჯმიაძინის ეკლესიის მგალობელთა გუნდის წევრია. როგორც ის ამბობს, აუცილებელია კულტურების დაკავშირება. ,,დღეს საქართველოში კულტურა საკმაოდ მაღალ დონეზეა. ჩვენ ასეთ დონეზე უნდა ავიყვანოთ ხალხური ცეკვის, სიმღერისა და სხვადასხვა ტრადიციისადმი სიყვარული. ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან შევაყვაროთ ბავშვებს ეროვნული ღირსებები. აი, ამ ყოველივეს შემდეგ შესაძლებელი გახდება მეგობრობის ხიდის გადება, იმისათვის რომ აღარ არსებობდეს დიდი უფსკრული". 

14 წლის როზიტა გამბაროვა და 15 წლის ადა გულასიანის თქმით, არიან ისეთებიც, რომლებსაც რცხვენიათ ეროვნების თქმა. ,,სკოლაში რომ არ დასცინონ კლასელებმა, ზოგჯერ მინახავს, რომ სომეხი ან გვარს არასწორად ამბობს, ან მალავს არ დამცინონო. რცხვენიათ, რომ ეროვნებით სომხები არიან" - ამბობს ადა გულასიანი. ,,ეს ყოველივე იმიტომ ხდება, რომ ოჯახში არ ასწავლეს საკუთარი ეროვნების სიყვარული. დედა მასწავლის სომხური კერძების მომზადებას. გამორჩეული სამზარეულო გვაქვს, გემრიელი კერძები" - აღნიშნავს როზიტა გამბარობა.

ჰოვანეს შახნაზარიანის თქმით კი, მას პრობლემა არ ჰქონია არასდროს ქართველებთან დამოკიდებულებაში. არც საკუთარი ეროვნების დამალვა უცდია ოდესმე. ,,უამრავი ქართველი მეგობარი მყავს. პატარაობიდან ერთ უბანში ვიზრდებით, ერთმანეთის ძმები ვართ. არ ვასხვავებთ ერთმანეთს. ეგეც რომ არა, ჩემი სიძე ქართველია. ძალიან მიყვარს. საერთოდ არ ექცევა ყურადღება ეროვნულობას. არსებობს პატარა ლაფსუსები, წვრილმანები, როცა ხდება შოვინიზმის გამოვლენა, დაცინვა. სიმართლე რომ ვთქვათ, ამას პოლიტიკური ელფერიც კი დასდევს " -ამბობს ის. ,,ვცდილობთ, ქართული ვისწავლოთ, რაც შეიძლება ძლიერად და კარგად, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა. აქ დაიბადე, ქართული წყალი დალიე, ამ მიწაზე გაიზარდე" - ამბობს ჰოვანესი.

ლევონ ჩიდილიანის თქმით, ახალგაზრდებში ტრადიციების, რელიგიისა და მით უმეტეს ენის შენარჩუნება ძალიან რთულია. ,,20 წლის წინ ჩემ ბავშვობაში თბილისში რვა სომხურენოვანი სკოლა მოქმედებდა, სადაც 2500-მდე ბავშვი მაინც სწავლობდა. ახლა მხოლოდ ერთი სკოლაღა დარჩა. აქ 300-მდე ბავშვი სწავლობს. ახალგაზრდების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არა თუ წერა, სომხურად ლაპარაკიც კი აღარ იციან. იკარგება ენა. რაც შეეხება რეგიონებს: ახალციხესა და ახალქალაქს, აქ სომხები კომპაქტურად არიან ჩასახლებულები და მათთან სულ სხვა პრობლემებია. აქვთ სომხურენოვანი სკოლები. უკეთესაც იცნობენ და იცავენ ტრადიციებს, თუმცა, ქართულ ენაზე მეტყველება უჭირთ".

თბილისის სურბ ეჯმიაძინის ეკლესიის წინამძღვრის მამა ჰუსიკ არუთინიანის თქმით, მრევლის მორალური დონე დღითიდღე იმატებს. ,,კვირაობით ლიტურგიის დროს ეკლესია თითქმის სავსეა. აზროვნება ძალიან შეიცვალა. ზიარებაზე, ან თუნდაც, ტაძარში ავტომატურად არ მოდიან. ესმით, რასაც ვქადაგებთ და იაზრებენ. მეტი დატვირთვა ახალგაზრდებიდან მოდის. არის შედარებით ხნიერი მრევლი, ისინი ცდილობენ, საკუთარი ლოცვების წიგნები მისცენ ახალგაზრდებს, აუხსნან და ასწავლონ, რაც მათ იციან. იმისათვის, რომ ლოცვები ყველასთვის გასაგები იყოს, ჩვენ გვაქვს სომხურად ნათარგმნი წიგნები და ლიტურგიებიც სომხურ ენაზე ტარდება. როგორც ,,ევანგელში" წერია: ,,მოდის ბევრი, მაგრამ არჩევას ცოტა აკეთებს" - ამბობს ჰუსიკ არუთინიანი.