სუიციდი ახალგაზრდებში
12 ოქტომბერი, 2013
სუიციდი ახალგაზრდებში ბეჭდვა FaceBook Twitter

,,თავის მოკვლა ერთხელ ვცადე და ახლა ძალიან ვნანობ, მაშინ 12 წლის ვიყავი, ვერ ვხდებოდი ამით გარშემომყოფებს რა დიდ ტკივილს მივაყენებდი. უბრალოდ, მაშინ აღარ მინდოდა სიცოცხლე. ეს იმის ბრალი იყო, რომ ჩემი მშობლები დაშორდნენ და ეს ჩემთვის ძალიან რთული გადასატანი იყო. რაღაც აბები ავიღე და ისინი დავლიე, მხოლოდ ის მახსოვს, რომ გამოვფხიზლდი, საავადმყოფოში აპარატზე ვიყავი შეერთებული" - ნინო, 19 წლის.

,,თვითმკვლელობისკენ რამდენად მიდრეკილი ვარ, არ ვიცი, მაგრამ რამდენჯერმე მქონდა მსგავსი შემთხვევა. მართალია, ყოველთვის ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ხანდახან ეს ძალიან რთული ასატანია. იმ ზომამდე მივედი ერთხელ, რომ ვენები გადავიჭერი, თუმცა, საბედნიეროდ, არტერიები დაზიანებული არ იყო. მეორედ აბები დავლიე და დიდი დოზა მომივიდა, თუმცა, გადავრჩი. ალბათ, დაბალი ნებისყოფის ბრალია“ - ნიკა, 23 წლის.

სუიციდი ძალიან რთულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში, ასაკი ყოველწლიურად მცირდება. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, სტატისტიკური მაჩვენებლები რეალურ სურათს ვერ ასახავს. ამაზე გავლენას ახდენს ის, რომ არავის სიამოვნებს თვითმკვლელობის ფაქტის გამჟღავნება. როგორც სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2010 წელს საქართველოში სულ 113 თვითმკვლელობის შემთხვევა იყო, აქედან 15 ქალი და 98 კაცია, მათ შორის 15 წლამდე ერთი მამაკაცია, 15-დან 19 წლამდე - 6 და 20 წლის ზემოთ - 15 ქალი და 91 მამაკაცი. 2011 წელს თვითმკვლელობის მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობამ სულ 98 შეადგინა, აქედან 15 წლამდე 1 შემთხვევა იყო, 15-დან 19 წლამდე - 2 და 20 წლის ზემოთ - 95. ხოლო 2012 წლის მონაცემებით, სულ სუიციდის 102 შემთხვევა იყო, 15 წლამდე - 1, 15-დან 19 წლამდე - 4, ხოლო 20 წლის ზემოთ - 97 შემთხვევა.

სოციოლოგ ინგა იმნაძის თქმით, თვითმკვლელობაზე მრავალი სოციალური ფაქტორი ახდებს გავლენას, მათ შორის პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში, სოციალური და ეკონომიკური ფონი, ურთიერთობა საზოგადოებასთან, თვითდამკვიდრების პრობლემა, ოჯახური მდგომარეობა და სხვა. „ასევე უნდა ითქვას, რომ ქალებში თვითმკვლელობის მაჩვენებელი სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცებში. აღსანიშნავია ისიც, რომ მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ თავის ჩამოხრჩობას, იარაღიდან გასროლას, ან სიმაღლიდან გადახტომას. ქალები უპირატესობას ანიჭებენ საძილე საშუალებებს, საწამლავებს, გაზსა და სხვა მსგავს მეთოდებს. დაოჯახებულ ახალგაზრდებში თვითმკვლელობის ფაქტი უფრო ხშირია, ვიდრე დაუოჯახებელ იმავე ასაკის ახალგაზრდებში".

როგორც ექიმი ფსიქიატრი მაია ბიბილური აღნიშნავს, სუიციდი ეს არის საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა. თვითმკვლელობის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები. თვითმკვლელობის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში დეპრესიული მდგომარეობა და ფსიქიკური აშლილობაა. ძლიერმა სტრესმა შეიძლება, გამოიწვიოს ისეთი აფექტური მდგომარეობა, რაც ადამიანს უბიძგებს, მოიკლას თავი. ადამიანი თვითმკვლელობამდე შეიძლება ახლობელი ადამინის დაკარგვამაც მიიყვანოს. „სუიციდის რამდენიმე ფორმა არსებობს, ერთ-ერთი მათგანია დემონსტრაციული სუიციდი, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თავს სხვების დასანახად იკლავს. ეს შეიძლება იყოს შურისძიებისთვის, შანტაჟის, დაშინებისა ან სხვა მიზეზებისთვის. ამ შემთვევაში შეიძლება თავი არც მოიკლას, მხოლოდ დააშინოს ისინი, ვის გამოც ამას აკეთებს“ - გვიხსნის ექიმი ფსიქიატრი და დასძენს: „არსებობს ოთხი სახის სუიციდი, ესენია: ეგოისტური, ანომიური, ალტრუისტული და ფატალისტური. ალტრუისტული თვითმკვლელობა ხასიათდება ინტეგრაციის მაღალი დონით, ეგოისტური თვითმკვლელობა კი - ინტეგრაციის დაბალი დონით. რეგულაცია გულისხმობს გარე ზეგავლენას ხალხზე. ფატალისტური თვითმკვლელობა ხასიათდება მაღალი რეგულაციით, ანომიური თვითმკვლელობა კი - დაბალი რეგულაციით. ეგოისტური თვითმკვლელობის მაღალი დონე ისეთ საზოგადოებებში გვხდება, სადაც ინდივიდი არ არის ინტეგრირებული უფრო ფართო სოციალურ ერთეულში. ინტეგრაციის დაბალი დონე ინდივიდებში ქმნის უფუნქციობის შეგრძნებას" - ამბობს მაია ბიბილური.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ფსიქოლოგი რეზო ჯორბენაძე განსაკუთრებით საინტერესოდ მიიჩნევს დღევანდელ პირობებში სუიციდის პრობლემას. „მე არ მაქვს ზუსტი მონაცემები და სტატისტიკა, იმატა თუ არა სუიციდის შემთხვევამ. დავეყრდნობი საგაზეთო სტატიას, სადაც ეწერა, რომ არის მატება. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სუიციდის შემთხვევის რაოდენობის მატება ციკლური ბუნებისაა, ხან მატულობს, ხან კი - მცირდება. არის შეხედულება, რომ გეოგრაფიული ფაქტორიც განსაზღვრავს მატებას ან კლებას. მაგალითად, ჩრდილოეთში უფრო მეტია თვითმკვლელობის შემთხვევა, ვიდრე სამხრეთში, მაგრამ ასევე არის მეორე შეხედულება, რომლის მიხედვით, სუიციდს სოციალური, იგივე საზოგადოებრივი ფაქტორები განაპირობებს. ეს ტრადიცია სოციოლოგიდანაა. დიურკემი სწორედ ამაზე წერდა, წიგნიც აქვს დაწერილი ,,სუიციდი", სადაც მოყვანილია ფორმები და სახეები, ისინი დღესაც გამოიყენება, მაგალითად, ანომიური სუიციდი, რაც უკავშირდება საზოგადოებაში გამეფებულ უწესრიგობას, ნორმების არარსებობასა და ადამიანებს შორის არაემოციურ დამოკიდებულებას. დღეისთვის კლინიკაში მომუშავე პრაქტიკოსები სხვა ინდიკატორებსაც გამოყოფენ, განსაკუთრებით ხაზგასმაა პიროვნების მდგომარეობაზე, მაგალითად, დეპრესიულ ადამიანზე და ა.შ.".