ეთნიკური უმცირესობები თავს საქართველოს მოქალაქეებად ვერ გრძნობენ
ეთნიკური უმცირესობები თავს საქართველოს მოქალაქეებად ვერ გრძნობენ ბეჭდვა FaceBook Twitter
ეთნიკური ჯგუფი ისტორიულად ჩამოყალიბებული ადამიანთა მდგრადი ერთობაა, რომელიც არსებობს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე და დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავდება ადათ-წესებით, ენით, კულტურითა და რელიგიით.

21-ე საუკუნეში საერთაშორისო ასპარეზზე არსებული ქვეყნებიდან უმრავლესობა მულტიეთნიკურია. იაპონია, სომხეთი და ისრაელი შეიძლება ჩაითვალოს მონოეთნიკურად, თუმცა, სხვა ეთნოსის წარმომადგენლები იქაც ცხოვრობენ. საქართველოც მულტიეთნიკურ ქვეყანად არის მიჩნეული.

"ეთნიკური და რელიგიური მრვალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა და იმ ფაქტით, რომ საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სხვადახვა ეთნოსის წარმომადგენლები მკვიდრობენ და მშვიდობიანად ახერხებენენ თანაცხოვრებას, ჩვენ სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ" - ამ ფრაზით იწყება საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტული ცენტრის კრებული, რომელშიც საქართველოში არსებულ ეთნიკურ უმცირესობებზეა ინფორმაცია.

აფხაზები, ოსები, ქურთები, რუსები, ბერძნები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, სომხები, თურქები, ჩინელები, არაბები, ბოშები - ეს იმ ეთნიკური ჯგუფის არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.

ქართველ ახალგაზრდებში ეთნიკური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ზოგ მათგანს მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, ზოგს კი პირიქით. 21 წლის დიანა კარტოზია საქართველოში არსებულ ეთნიკური უმცირესობების მიმართ თავის პოზიციას გამოხატავს. "მაღიზიანებენ ქურთები და ბოშები. თავი თავიანთ ქვეყანაში ჰგონიათ. არ აქვთ რიდი და პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, რომელთა გვერდითაც ცხოვრობენ. გამაღიზიანებელია მათი სპეციფიკური სუნი. კარგია, რომ ამ ადამიანებს იცავენ, ბოლოსდაბოლოს სხვის ქვეყანაში უწევთ ცხოვრება, მაგრამ თუ სახელმწიფო ეხმარება მათ, მაშინ ისინიც უნდა დაეხმარონ სახელმწიფოს თავიანთი ქცევითა და წესების დაცვით. ჰიტლერის დამოკიდებულება არ მაქვს, მაგრამ ჩემ გვერდით არ იყვნენ და სხვაგან, სადაც უნდა იქ დატკბნენ ბედნიერებით". იმავე პოზიციას იზიარებს გიორგი გულორდავა. ის მიიჩნევს, რომ მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია საფრთხეს უქმნის როგორც ქართულ ენას, ასევე ქართულ სახელმწიფოს. "ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია პირადად ჩემთვის. უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს ეთნიკური უმცირესობების მიმართ. ეს დამოკიდებულება ბევრი რამითაა გამოწვეული. პირველ რიგში, რელიგიური ფაქტორი და სახელმწიფო ენის დაკარგვის საშიშროება. გამაღიზიანებელია ის პრივილეგიები, რომლითაც ისინი სარგებლობენ და ჩვენ ვიჩაგრებით. ეთნიკური უმცირესობის ბევრ წარმომადგენელს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ქართველებისადმი. ამ ფაქტს არც მალავენ და იმასაც არ აქცევენ ყურადღებას, რომ ჩვენს მიწა-წყალზე ცხოვრობენ".

რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას გამოთქვამს საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ ჭოხონელიძე. ის ამბობს, რომ ეროვნულობა მოქალაქეობას არ განაპირობებს. მათი აკულტურაცია და ასიმილაცია აუცილებელია მრავალფეროვანი და დაბალანსებული საზოგადოების მისაღებად. "ეთნიკური უმცირესობების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება მაქვს. ისინი არც მაწუხებენ და არც მაღიზიანებენ, ჩემთვის საქართველოს მოქალაქეები არიან. ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულებით ვერ მოხდება მათი ინტეგრაცია და ეს უფრო სერიოზულ კონფლიქტებს შექმნის. მათ უფლება აქვთ, იცავდნენ თავიანთ წესებს, კანონებს, ენასა და რელიგიას. იმ ქართველების ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და ეთნიკურ უმცირესობას ქმნიან, ჩვენ ვალდებულები ვართ, დავიცვათ ჩვენს ქვეყანაში არსებული ეთნიკური უმცირესობების უფლებები და ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციას".

ფსიქოლოგი და ასოცირებული პროფესორი ელიზავეტა სოლოღაშვილი ნეგატიური დამოკიდებულების განმაპირობებელ ფაქტორად ქვეყნის პოლიტიკურ ფონს მიიჩნევს. "აფხაზებისა და ოსების მიმართ პოლიტიკური საკითხია ჩართული. აზერბაიჯანელებისა და ქურთების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება შესაძლოა, რელიგიურმა განსხვავებამ, ტრადიციებმა, კულტურამ განაპირობოს. ზოგადად, საქართველო ყოველთვის მრავალეროვან ქვეყნად ითვლებოდა. ყოველთვის ვიყავით ლოიალურები სხვა ერების მიმართ. თუ დღეს ნეგატივიზმია წინ წამოწეული, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით ეს წმინდა პოლიტიკური ფაქტორის ბრალია. ისე კი ქართველის ბუნება, ზოგადად, ტოლერანტულია. საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებს საქმიანობის საკუთარი სფერო აქვთ აღებული".

სოციალური ფსიქოლოგი ნანა ბურდული აღნიშნავს, რომ მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ არ არის. ეს მაჩვენებელი სკალაზე -0.5 დან -0.9 პროცენტამდე მერყეობს, რაც საერთო ჯამში საკმაოდ ნეიტრალურ დამოკიდებულებას გულისხმობს. "საზოგადოება რადიკალურად ნეგატიური განწყობით არ გამოირჩევა. თუმცა, ამ დამოკიდებულების განმაპირობებელი ფაქტორებია მათი კულტურა, განსხვავებული ენა, რელიგია. ეს ყველაფერი რაღაც დონეზე იწვევს ჩვენგან განსხვავებულის მიმართ ნეტაგივიზმს".

სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა 18 დეკემბერს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის სამოქმედო გეგმის შესრულების 2010-2011 წლების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. ეროვნულ უმცირესობათა საბჭო იკვლევდა, თუ რა გაკეთდა და რა პრობლემები რჩება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების განათლების, კულტურისა და თვითმყოფაბოდის შენარჩუნების, მედიისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პოლიტიკური და სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით. კვლევიდან ჩანს, რომ, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ცალკეული ღონისძიებებისა, ეთნიკური უმცირესობების დიდი ნაწილი კვლავაც ვერ გრძნობს თავს ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ.

ვებსაიტი დივერსიტყ.გე არის პირველი ელექტრონული საინფორმაციო ბაზა საქართველოში, რომელიც სრულად ეძღვნება და მთლიანად მოიცავს ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხებს. ვებსაიტის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა ქვეყანაში მიმდინარე ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული პროცესების შესახებ, მათი ისტორიისა და კულტურის შესახებ, მოახდინოს ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პოპულარიზება და ხელი შეუწყოს უფრო ფართო საზოგადოების ჩართვას ამ პროცესებში.

ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით წელიწადში რამდენიმე პროექტს აფინანსებს. პროექტები შიდა დაფინანსებითაც კეთდება, თუმცა, ამ ეტაპზე მსგავსი პროექტები არ აქვთ. სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი ივანე ჩხიკვაძე ამ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრა. "პროექტები საკმაოდ ხშირად შემოდის ამ მიმართულებით. მე აგვისტოს თვიდან ვმუშაობ და დაახლოებით 10 პროექტი იქნება, რაც შემოვიდა ეთნიკური უმცირესობების კუთხით. ასევე მიმდინარეობს პროექტები, რომელსაც ჩვენი ფონდი გაეროს ასოციაციასთან ერთად ახორციელებს და რომელიც UშAID-ის დაფინანსებით ხორციელდება. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა ჩვენი ფონდის სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ფონდს "ღია საზოგადოება საქართველო" განხორციელებული აქვს შიდა პროექტებიც ამ მიმართულებით, თუმცა, ამჟამად მიმდინარე შიდა პროექტი არ გვაქვს, გვაქვს მიმდინარე პროგრამები, რომელთაც ჩვენი დაფინანსებით ახორციელებენ პარტნიორი ორგანიზაციები" - აღნიშნავს ივანე ჩხიკვაძე.