გიორგი გერმანიძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა
18 ივნისი, 2013
გიორგი გერმანიძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა ბეჭდვა FaceBook Twitter
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსში" რეინტეგრაციისა და დიასპორის საკითხების ხელმძღვანელმა გიორგი გერმანიძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა.
შეხვედრის თემა გლობალიზაციას შეეხებოდა. როგორც მან აღნიშნა, ამ შეხვედრით სურდა, სტუმრებისთვის დეტალები ეჩვენებინა, რადგან მოსახლეობა მხოლოდ საერთო სურათს ხედავს. მან ისაუბრა, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. გერმანიძემ ამერიკის მაგალითები მოიყვანა და აღნიშნა, რომ გარკვეული საკითხებისადმი არასწორი მიდგომით ამერიკაში დაიწყო დასასრულის დასაწყისი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ აუდიტორია საკმაოდ კრიტიკულად იყო მომხსენებლის მიმართ განწყობილი. ერთ-ერთმა სტუდენტმა გამომსვლელს შენიშვნა მისცა. მისი თქმით, მან ვერ დაინახა დემოკრატიული ღირებულებების სწორი აღქმა. ,,არასწორად გადმოეცით თქვენ დემოკრატია. ჩემი აზრით, თქვენი ლექცია მიგვანიშნებს ლიბერალური იდეების დეგრადირებაზე. თქვენ ამერიკა მოიხსენეთ ცუდ კონტექსტში, საბჭოთა კავშირზე კი არაფერი გითქვამთ" - აღნიშნა სტუდენტმა. ამის პასუხად გიორგი გერმანიძემ განაცხადა: ,,თქვენი აზრი განპირობებულია თქვენივე ასაკით. მე ვხედავ ყველაფერს ისეთი კუთხით, როგორც ამაზე ვსაუბრობ. თუ მე ვაკრიტიკებ დასავლურ პრინციპებს, არ ნიშნავს, რომ ვიცავ რუსეთის ინტერესებს. მთავარი არის, ურთიერთმომგებიანი, სამართლიანი სახელმწიფოს შექმნა. ჩემთვის არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ვინ დაგვჩაგრავს, თურქეთი, რუსეთი თუ ამერიკა."
გიორგი გერმანიძეს შენიშვნა იმასთან დაკავშირებითაც მისცეს სტუმრებმა, რომ ის მხოლოდ ამერიკის მაგალითს განიხილავდა, გლობალურ კონტექსტში ინდოეთსა და ჩინეთზე არ უსაუბრია. შეხვედრას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათმა დიდმა ნაწილმა შეხვედრა დასრულებმდე დატოვა იმ მიზეზით, რომ გამომსვლელი მხოლოდ ერთი კუთხით განიხილავდა საკითხს.