კინოფესტივალი "ამირანი" თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გაიხსნა
03 ივნისი, 2013
კინოფესტივალი "ამირანი" თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გაიხსნა ბეჭდვა FaceBook Twitter

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინოფესტივალი ,,ამირანი" გაიხსნა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებთან შეხვედრა გაიმართა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება მოეწყო, რომელთა პრინციპიც უწყვეტი კადრია. ფესტივალში მონაწილეობას 60-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი ფილმი იღებს. წელს 36 ქვეყნის 61 სტუდენტური ნამუშევარი შეირჩა საკონკურსო პროგრამისათვის. ფესტივალს ესწრება საერთაშორისო ჟიური, რომელიც 4 წევრისგან შედგება.

გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური მხატვრული ფილმისთვის; საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური დოკუმენტური ფილმისთვის; საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური / ექსპერიმენტალური ფილმისთვის; ჟიურის სპეციალური პრიზი. ასევე, გაიცემა სპეციალური დიპლომები საუკეთესო ხმის, მონტაჟის, ოპერატორის ნამუშევრისათვის – იმ სპეციალობების მიხედვით, რაც ისწავლება მსოფლიოს კინოსკოლებში. გამარჯვებულები 7 ივნისს საზეიმო ცერემონიალზე გამოვლინდებიან.

ფესტივალი წელს იმითაც გამოირჩევა, რომ იგი კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს ემთხვევა. ხუთდღიანი ფესტივალი ტრადიციისამებრ მისი დამფუძნებლის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალი "ამირანი" 1978 წელს დაარსდა კინო კავშირისა და "თეატრალური ინსტიტუტის" თაოსნობით, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნებების ხელშეწყობითა და ინიციატივით, როგორებიც არიან: გოდერძი ჩოხელი, ტატო კოტეტიშვილი, ნანა ჯანელიძე, ნანა ჯორჯაძე, დიტო ცინცაძე, გურამ პეტრიაშვილი, ანდრო ჭიაურელი, დათო ჯანელიძე, შაქრო ჯორჯაძე და სხვა.