,,ლიტერატურა და მკითხველის ფენომენი“
16 დეკემბერი, 2014
,,ლიტერატურა და მკითხველის ფენომენი“ ბეჭდვა FaceBook Twitter
,,ლიტერატურა და მკითხველის ფენომენი" - ასე ჰქვია საჯარო ლექციას, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ხელოვნებისა და მეცნიერების საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.

ლექციას ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი საბა მეტრეველი გაუძღვა.

ლექცია-დიალოგის მიმდინარეობისას მომხსენებელი სხვადასხვა საკითხთან ერთად, ზოგადად, ლიტერატურასა და მეცნიერებას შეეხო: ,,ადამიანი რასაც ქმნის, შეგვიძლია, ორ კატეგორიაში მოვათავსოთ, მეცნიერებისა და ხელოვნების. ლიტერატურა მხატვრული სიტყვის ხელოვნებაა, მხატვრული სიტყვა გრძნობასა და სულზე მოქმედებს, მეცნიერება კი - გონებაზე. მეცნიერება პასუხს სცემს კითხვას: რატომ? ხელოვნება კი: როგორ? და რატომ? ხელოვნება სულის დახვეწას ემსახურება" - აღნიშნა საბა მეტრეველმა.
ლექცია-დიალოგს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

,,მომავალი ფსიქოლოგი ვარ და ჩემი ინტერესის სფერო გონიერი ადამიანების შესწავლაა, ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა დამეხმარება ამაში. გარდა ამისა, აქტიური მკითხველი ვარ და ლიტერატურა ძალიან მიყვარს" - გვითხრა ანა ცაიშვილმა.

საჯარო ლექციის ორგანიზატორების თქმით, მსგავსი შეხვედრა მომავალშიც გაგრძელდება:
,,ეს საჯარო ლექცია პირველი არ არის და იგი გაგრძელებაა იმ ლექციათა ციკლისა, რომელიც იმართება ილიაუნის თვითმმართველობის ხელოვნებისა და მეცნიერების საბჭოს ორგანიზებით. ლექციებს სხვადასხვა ლექტორი უძღვება, ისინი სტუდენტებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ. დღევანდელი ლექცია ლიტერატურას მიეძღვნა" - აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ხელოვნებისა და მეცნიერების საბჭოს თავჯდომარემ ნინო მერაბიშვილმა.