ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
09 თებერვალი, 2015
ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო ბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების პროგრამის დაძლევის მსურველთა რეგისტრაციას 2015 წლის 10 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით.

გამოცდები ჩატარდება 2015 წლის 4 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით. რეგისტრაციის უფლება აქვთ პირებს, რომელთა ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს, თუ მათ დაძლეული აქვთ წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.

სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინოს რესურსცენტრში.
ა) ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველი პირი, თუ სწავლობს სკოლაში, მან განაცხადი უნდა წარადგინოს იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა; ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადებს წარდგენა ხდება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

პირი, რომელიც ექსტერნატის ფორმით წარმატებით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ვალდებულია წარმატებით ჩააბაროს სკოლის გამოსაშვები გამოცდები.

ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით და მას ატარებს ის სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე ან პირს სურს რომ გააგრძელოს სწავლა.

მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით.

შეგახსენებთ, რომ პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა.