პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
10 თებერვალი, 2015
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება ბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეიდან პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ბრიფინგი გამართა.

ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებით. ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული 34 საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. მიმდინარე წლის საგაზაფხულო მიღებაზე რეგისტრაციის პროცესში ჩართულია და მონაწილეობას იღებს პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი 26 საგანმანათლებლო დაწესებულება.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში, სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებაში. რეგისტრაციის მსურველმა თან უნდა იქონიოს მხოლოდ პირადობის მოწმობა.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა საწყის საფეხურზე სწავლის დასაწყებად უნდა გაიაროს სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება. ტესტირების მიზანია დადგინდეს სწავლის მსურველთა პროფესიული უნარების შესაბამისობა მათ მიერ შერჩეულ პროფესიასთან. აღსანიშნავია, რომ სსსმ პირებს ჩვეულებისამებრ ეძლევათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ ზემოაღნიშნული პროცედურების შესაბამისად, თუმცა, ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირების ფორმებით, რაც მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ პროფესიის მოსინჯვის საფუძველზე ფასდება.

სწავლის გაგრძელების მსურველები პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრაციის შემდეგ თავად დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებას გაივლიან.