რას გაურბიან „სეუ“-ს სტუდენტები?!
16 მარტი, 2014
რას გაურბიან „სეუ“-ს სტუდენტები?! ბეჭდვა FaceBook Twitter
„დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებოდით, თუ პირობას მომცემთ, რომ დიპლომს ავიღებ!..“(იცინის)
„პრობლემები თავიდან უფრო იყო, ახლა ცდილობენ გამოასწორონ...რა ვიცი, რა გითხრათ, სხვა...არ მინდა რა… სხვა ჩაწერე გთხოვ!“
„ჩემს კომენტარზე სახელს მიაწერ? არა, არ მინდა მაშინ პასუხების გაცემა...“
„მეჩქარება“ (მოსეირნობს)...
ასეთი იყო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტების პასუხები ჩვენს კითხვებზე.
ხშირია შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები გვიკავშირდებიან და თავიანთი სასწავლებლის კონკრეტულ პრობლემაზე სტატიის დაწერას გვთხოვენ. გვიყვებიან ფაქტის შესახებ და სტატიაზე მუშაობის პროცესში, არც დახმარებაზე ამბობენ უარს. ლოგიკურია, როდესაც სწავლობ უმაღლეს სასწავლებელში და სწავლის სანაცვლოდ საკმაოდ დიდ თანხას იხდი, პრობლემებზე თვალს არ უნდა ხუჭავდე და სამართლიანად ითხოვდე მის მოგვარებას. ამის ფონზე პასუხები, რომელიც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებისგან მოვისმინეთ, ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურიც კი იყო.

ჩვენი მუშაობის მიზანი უნივერსიტეტში არსებული რეალური ვითარების გაცნობაა საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისაც ამ კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელთან აღნიშნულ მომენტში შეხება არ აქვს, მაგრამ შეიძლება მოუწიოს. ჩვენ ასევე ვცდილობთ დავეხმაროთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფრო ახლოს გაეცნონ სტუდენტების პრობლემებს და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ზომები მიიღონ.

იმისთვის, რომ სტუდენტებს გავსაუბრებოდით, უნივერსიტეტს ვეწვიეთ.

უნივერსიტეტიდან გოგონა გამოდიოდა... გამიღიმა და მოსასმენად მოემზადა, თუმცა, სიტყვა ჟურნალისტის გაგონებაზე - „ძალიან დიდი ბოდიში, მეჩქარება...“

შემდეგ გამოკითხულ სტუდენტებში მეტ-ნაკლებად გამიმართლა:

„ჩვენს უნივერსიტეტზე შემიძლია გითხრათ, რომ საუკეთესო ინფრასტრუქტურა აქვს და ჯერ ისევ არ არის დასრულებული. ამ მხრივ ძალიან მომწონს. თუმცა, ადინისტრაცია რომ მეტ ყურადღებას გვითმობდეს და ჩვენ მიმართ უფრო თავაზიანები იყვნენ, ალბათ, უკეთესი იქნებოდა...“ - ვინაობა არც მან დაასახელა.

„მე მომწონს ჩვენი უნივერსიტეტი, ვფიქრობ საქართველოს უნივერსიტეტების ფონზე პირობები საუკეთესო აქვს...პრობლემები? რა ვიცი, ალბათ, ბევრია, ერთ-ერთია ლექტორები. ანუ, თითქმის სულ მოწვეული ლექტორები გვყავს და ერთი ლექტორი 2-3 საგანს კითხულობს, რამდენად სწორია არ ვიცი...“- აღნიშნა თორნიკემ.

მირანდა ჭარხალაშვილი ის სტუდენტია, ვისაც კომენტარზე სახელი და გვარის მითითებაზე უარი არ უთქვამს და საკუთარი აზრიც გაგვიზიარა: „ჩემს უნივერსიტეტში ვფიქრობ, ყველაზე მთავარი პრობლემაა სასწავლო საგნების შერჩევა და მათი ცხრილში ჩასმა. ვგულისხმობ იმ საგნებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სავალდებულო არ არის. ასევე პრობლემაა სპეც.ლიტერატურის სიმცირე და ბიბლიოთეკაში არ მოიპოვება...“

გაგვიჭირდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებაც. სამწუხაროდ, „სეუ“-ს ვებ გვერდი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა კომპეტენტური პირის საკონტაქტო ინფორმაცია მოიპოვო. როდესაც სასურველ რესპონდენტს უკავშირდები (ხანგრძლივი ძებნის შემდეგ), სხვასთან გამისამართებენ და ამბობენ, რომ ამ თემაზე სხვა უფრო კომპეტენტურია, ან უნივერსიტეტის სახელით სხვამ უნდა გვიპასუხოს და იმის იმედით, რომ ის სხვა პასუხის გაცემაზე უარს არ იტყვის, ღიმილით გემშვიდობებიან...

ნინო ქეთელაურის ბლოგი
თავისუფალი ასოციაცია