გასხვისებული ინტელექტი - ე.წ „ტვინების გადინება“
31 იანვარი, 2015
გასხვისებული ინტელექტი - ე.წ „ტვინების გადინება“ ბეჭდვა FaceBook Twitter
ისეთ სახელმწიფო სისტემაში, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ალბათ, თითოეულ აქ მცხოვრებ ადამიანს აქვს სურვილი საკუთარი სატკივარი გაუზიაროს აუდიტორიას. სამწუხაროდ, ჩვენს სამშობლოში ასეთი სატკივარი თუ პრობლემები იმდენად უხვადაა, რომ ამორჩევაც არ საჭიროებს დიდი აზრის დატანებას.

„ბრეინ დრეინი“, სიტყვასიტყვით „ტვინების გადინება“ და იგივე მაღალკვალიფიციური კადრების ემიგრაცია ის პრობლემაა, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, განსაკუთრებით კი საქართველოში მწვავედ დგას.

„ტვინების გადინების“ პროცესი 80-90-იან წლებში მასშტაბურად დაიწყო. მის გამომწვევი მიზეზები კი იყო: ხელფასების სიმცირე, უმუშევრობა, კარიერული წინსვლის არარსებობა და ზოგადად მძიმე სოციალური და პოლიტიკური გარემო.

დღეს, როდესაც ჩვენი ხელისუფალნი მედია საშუალებებით იქნება ეს, თუ უბრალო კომუნიკაციის გზით ყოველდღე გვიმტკიცებენ, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ და განვითარებულ სახელმწიფოში, სადაც კარიერული წინსვლის უამრავი გზა აქვს აქ მცხოვრებ მოქალაქეს, ვფიქრობ, ამგვარ სახელმწიფოში ეს პროცესი პროცენტულად მაინც უნდა შემცირებულიყო.

ამ საკითზე პირველად მაშინ დავფიქრდი, როდესაც საზღვარგარეთ მცხოვრებ სტუდენტებთან საუბრისას აღმოვაჩინ, რომ არცერთ მათგანს არ ჰქონდათ სურვილი საკუთარ სამშობლოში დაბრუნების. მიზეზი კი მარტივი იყო, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულება მხოლოდ ფორმალურად აცხადებს ვაკანსიას, სადაც ვაკანტური ადგილები მხოლოდ მათი ნათესაური კლანის რომელიღაც წარმომადგენლისთვისაა განკუთვნილი. არავის აინტერესებს შენი განათლების ხარისხი.

მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ქვეყნის საერთო მოსახლეობის მცირე ნაწილს შეადგენენ, თუმცა, მათი წასვლა, ისეთ პატარა სახელმწიფოდან, როგორიც საქართველოა, ქვეყნის განვითარებაზე მწვავედ აისახება.

რას აკეთებს სახელმწიფო? სტუდენტისთვის მიმზიდველ გარემოდ უცხოეთს ქმნის, არ ზრუნავს ქვენის მთავარ პრობლემებზე.

კვლევის შედეგების მიხედვით ქართველი ახალგაზრდობა საქართველოში მიღებულ განათლებას აფასებს როგორც არადამაკმაყოფილებელს კონკურენტული შრომის. ამის მიზეზი არის ის, რომ (გამოკითხულთა მიხედვით) უმაღლესი განათლების სისტემაში არის ისეთი პრობლემები, როგორიცაა: არასაკმარისი ქართულენოვანი ლიტერატურა, სწავლის საფასურის სიძვირე, ტექნიკური გაუმართაობა, სასწავლო პერსონალის არაკომპეტენტურობა და ა.შ. რაც განაპირობებს სტუდენტების სწრაფვას ევროპული სასწავლებლებისკენ, სადაც უკეთესი განათლების მიღებაა შესაძლებელი.

სახელმწიფო არაფერს აკეთებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და არავითარ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. დაუსრულებელ კინკლაობაში დრო გადის და ქვეყნის მთავარი პრობლემები უყურადღებოდ რჩება.

მე კი როგორც სტუდენტს, როგორც რიგით მოქალაქეს, არანაირი სურვილი არ მაქვს ჩემი ახლობლების რიგებიდან კიდევ დატოვონ ადამიანებმა სამშობლო და უცხოეთს მიაშურონ.

საქართველო კი ჯერ კიდევ იმ ქვეყნების რიგში დგას სადაც „ტვინები გაედინებიან” და უკან თითქმის აღარ ბრუნდებიან...