დაანგრიე სტერეოტიპი!!!
15 ნოემბერი, 2015
  დაანგრიე  სტერეოტიპი!!! ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ყოველთვის სტერეოტიპების მტერი ვიყავი. ვცდილობ, წავშალო საზოგადოების ცნობიერებაში ღრმად ჩაბეჭდილი ფრაზები: "ქალი ვიცი მე "კუხნაში", "გოგოს რად უნდა ამდენი სწავლა?", "გათხოვდება და ქმარი მიხედავს".

სამწუხაროდ, თითოეულ ჩვენგანს დღეს მართავს სტერეოტიპი, არ მიყვარს ეს სიტყვა, რადგან არასწორ შეხედულებასთან ვაიგივებ. ჩემთვის არცერთი სახელმწიფო არ მიიჩნევა დემოკრატიულად, სანამ იარსებებს მსგავსი სახის სტერეოტიპები. ამით ჩვენ ვლახავთ იმ ადამიანის უფლებასა და ღირსებას, რომელიც სტერეოტიპების მსხვერპლი ხდება. ვფიქრობ, რომ ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ და დავამსხვრიოთ მსგავსი სახის სტერეოტიპები" - გვესაუბრა 23 წლის თიკო.
"სამწუხაროდ, გენდერული სტერეოტიპი დღემდე აქტუალურია, ჩვენ უნდა შევძლოთ და შევცვალოთ არსებული სტერეოტიპი, რომ ქალი და კაცი არ შეიძლება თანასწორუფლებიანები იყვნენ. ისევე, როგორც მამაკაცებს, ქალებსაც შეუძლიათ იმუშაონ მაღალ თანამდებობაზე" - აღნიშნა 20 წლის თამთამ.


"გენდერული სტერეოტიპი ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს, როდესაც ქალს სურს, ოჯახში ჰქონდეს ხმის ამოღებისა და საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის უფლება, ან უჩნდება სურვილი, იმუშაოს, ეს ხშირად სტერეოტიპებით აღსავსე საზოგადოებისთვის მიუღებელია" - გვითხრა 24 წლის ლიკამ.


დედაქალაქის მასშტაბით ასფალტზე ხშირად შეხვდებით შემდეგი სახის წარწერებს: "ოჯახის რჩენა მხოლოდ კაცის საქმეა", "ქალი და ლიდერი?!", "კაცია და გადაწყვიტოს", "პოლიტიკა რა ქალის საქმეა!". წარწერების აქტუალურობიდან გამომდინარე სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გვერდიც კი შეიქმნა - "შეიცვალე აზრი". აღნიშნული გვერდი დედაქალაქის მასშტაბით გაჩენილ წარწერებს აპროტესტებდა. ეს კი სტერეოტიპებთან ბრძოლის ერთ-ერთი ხერხია.
სტერეოტიპი წარმოადგენს განზოგადებულ აზრს ადამიანის გარკვეული პიროვნული თვისებების შესახებ. ამა თუ იმ მოქმედების დროს ჩვენი ყურადღება მიპყრობილია საზოგადოებისკენ და ვცდილობთ, დავიმსახუროთ მათი მოწონება, ან ხშირ შემთხვევაში გვიპყრობს შიში მოსალოდნელი გაკიცხვის გამო. ამის გამო ვზღუდავთ საკუთარ თავს და ვსვამთ განსაზღვრულ ჩარჩოებში.


ძნელი სათქმელია, საიდან იღებს სტერეოტიპული აზროვნება სათავეს, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოკლებულია კრიტიკულ ასპექტს და ხშირ შემთხვევაში ემყარება მცდარ შეხედულებებს. სტერეოტიპული საფრთხე ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანები ისეთ სიტუაციებში აღმოჩნდებიან, რომლებთანაც დაკავშირებულია სტერეოტიპის ნეგატიური ასპექტები. სოციალურ ფსიქოლოგიაში ფართოდაა ცნობილი ე.წ. "ჩვენ" და "ისინის" ფენომენი, რაც კვლავ გულისხმობს აზროვნების კატეგორიზაციას.
სტერეოტიპები არ შეიძლება იყოს მხოლოდ განსხავებული რასისა და ხალხის მიმართ, არსებობს გენდერული სტერეოტიპებიც, აქ იგულისხმება გაბატონებული შეხედულება ქალისა და მამაკაცის მახასიათებლებისა და როლების შესახებ; ანუ, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა იქცეოდეს ქალი ან მამაკაცი ამა თუ იმ საზოგადოებაში.


რატომ ქმნის და რაში სჭირდება საზოგადოებას სტეროტიპები, ნუთუ ამის მიზეზი მხოლოდ შიშია და ასე გვეშინია შეცდომების დაშვების? ამ და სხვა საკითხებზე კლინიკური ფსიქოლოგი, არტთერაპევტი ირმა კვაჭაძე გვესაუბრა: "ადამიანები არ იბადებიან სტერეოტიპებითა და ცრურწმენებით, მაგალითად, სოციალური ჯგუფებისადმი სიძულვილის განცდით, მათი დისკრიმინაციის სურვილით ან გენდერული მკაფიო სტიგმატიზაციით. ეს მოგვიანებით შეძენილი ფენომენია. პროცესში კი დომინირებს მშობლისა და საზოგადოების როლი. მათი არსებობის მიზეზი შესაძლოა მრავალი იყოს, მაგალითად, ქცევის ოდესღაც ადაპტირებული, მისაღები სტრატეგია, რომელიც დღეს არააქტუალურია, ან ვიღაცის მიერ გამოტანილი დასკვნა და განზოგადებული შეხედულება. სტერეოტიპებიდან თავის დასაღწევად პირველ ნაბიჯი კრიტიკული აზროვნება, საკითხისადმი ცოდნის გაფართოება და "მოწინააღმდეგე ბანაკთან" პირდაპირი კონტაქტია, ხოლო რომელიმე კონკრეტულ დაჯგუფებისადმი მიკერძოებულობის სურვილი შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვარ თავდაცვით რეფლექსად".


რაც შეეხება გენდერულ სტერეოტიპებს, 2010 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, რომლის მთავარი არსი სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობაა. ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც ქალსა და მამაკაცს თანაბარ პირობებში აქცევს. მთავარია, მიღებული რეგულაცია პრაქტიკულად განხორციელდეს.


"გენდერული სტერეოტიპების ჩამოყალიბებაში, პირველ რიგში, დიდია კულტურული როლი, გასათვალისწინებელია ისტორიული და რელიგიური ფაქტორებიც. საგულისხმოა ისიც, რომ როდესაც საუბარია გენდერზე, ზუსტად უნდა განიმარტოს, რას ნიშნავს ის, რა განსხვავება და საერთო აქვს სქესთან. მარტივად რომ ვთქვათ, სქესი ფიზიოლოგიურადაა დეტერმინირებული, გენდერული მახასიათებელი კი სოციუმისთვის შექმნილი შეხედულებებისაგნ. გენდერულ უთანასწორობას მივყავართ მოძალადე, მსხვერპლის პოზიციამდე ისევე, როგორც ნებისმიერ უთანასწორობას. დომინანტი ხშირ შემთხვევაში ხდება აგრესორი, მჩაგვრელი" - განაცხადა არტთერაპევტმა ირმა კვაჭაძემ.


სხვა სტატიები

არასრულწლოვანთა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია. საზარელი მკვლელობის, ძარცვის, ქურდობის, სხეულის დაზიანების შესახებ მუდმივად გვესმის.
სრულად
რამდენჯერ გიყიდიათ საკვები პროდუქტები გარემოვაჭრეებთან? გიფიქრიათ, რომ შედარებით დაბალ ფასთან ერთად შეიძლება ხარისხიც არ იყოს შესაბამისი?
„ამას მაინც გავყიდი, მაგრამ სხვა პროდუქტებს რა ეშველება?“ - ერთ-ერთი გარემოვაჭრე ხორცპროდუქტებს სითხით ნამავდა და გვერდით მდგომს ესაუბრებოდა.
სრულად






Carpet Cleaning Calgary