სპორტის ფილოსოფია
23 დეკემბერი, 2021
სპორტის ფილოსოფია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ადამიანის ფიზიკური და ინტელექტუალური რეალიზების ძალიან ბევრ საშუალებაზე ადრე გაჩნდა სპორტი. ის ფიზიკური და ემოციური ენერგიების გაცვლის უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა. ამის დასტურია ოლიმპიური თამაშების თითქმის სამიათასწლოვანი ისტორია. მას შემდეგ სპორტი, მთელი თავისი კომპლექსური სტრუქტურით, გარკვეული თვალსაზრისით, გლობალური სამყაროს ფორმირების ერთ-ერთ ფაქტორადაც არის ქცეული.
თუკი არსებობს, ერთი მხრივ, პირველყოფილობა, რომლის მეტაფორადაც ხელშეუხებელს, დაუმუშავებელს, "მოუხარშავს", "უმს" მიიჩნევენ და, მეორე მხრივ, კულტურულობა, რომლის მეტაფორადაც "მოხარშულს", ჩამოქნილს, გამოჩორკნილს, ერთი სიტყვით, ადამიანის ხელშევლებულს, მოდელირებულს ასახელებენ, შეიძლება ითქვას, რომ სპორტი გარდამავალი ფაზაა ამ ორ მოცემულობას შორის. ის მოცავს პაექრობას, შეჯიბრს, აზარტს, ენერგიის უზღვავად გაცემის მოთხოვნილებას – რაღაც შინაგანად გაუკონტროლებელს, ბუნებითს, პირველადს და ამ დროს შემოფარგლულია კულტურული ნორმებითა და ფორმებით.

თუ ვინმეს უნახავს აღდგომა დღეს, შუხუთში, სოფლის სასაფლაოს ცენტრალურ ნაწილში მღვდლის მიერ ასროლილი ლელობურთის ირგვლივ დატრიალებული მტვრის სქელი კორიანტელი, რაც ბურთს ადევნებული თითქმის მთელი სოფლის ზღვარდგადასულ სპორტულ მღელვარებას მოსდევს, მიხვდება, რომ ამ ეიფორიაში რაღაც არის გაუცნობიერებელი და უმართავი, ამავე დროს ეს ყველაფერი საკრალური ელემენტებითაა მართული... მე ეს სცენა რეალობაში არასოდეს მინახავს, მაგრამ ფოტორეპორტაჟებით მიღებული დასწრების ეფექტით შემიგრძვნია სპორტის ამ უძველესი, ნამდვილად ქართული სახეობის წინააღმდეგობრივი, ამბივალენტური ენერგეტიკა. მინახავს ათეულობით ადამიანის შერკინებული ჯგუფები, ფიზიკურად არცთუ მსუბუქად დაშავებულები, გადაღლილ-გათანგულებიც, ტანსაცმელშემოგლეჯილებიც... ამ ფოტოებზე აშკარად იგრძნობა ველური ენერგეტიკა, მაგრამ, გასაკვირი ის არის, რომ ეს ყველაფერი გაჯერებულია ისეთი საკრალური დეტალებით, როგორებიცაა სოფელში ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილის საფლავის პატივისცემა, კურთხევა, საბარძიმე ღვინო, სასულიერო პირის მიერ დადებული სტარტი და არაერთი უფაქიზესი რამ... იმასაც ამბობენ, აქ, საგანგებოდ ამ მოვლენის გასაშუქებლად, უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ჟურნალისტები როგორ ანებებენ თავს თავიანთ პროფესიული საქმიანობას და თავდავიწყებით როგორ ერთვებიან თამაშში...

უკიდეგანოდ ფართოა ეს სფერო – სპორტის ზოგიერთი სახეობა ჯანსაღ ცხოვრებზე სვამს აქცენტს, ზოგი – ინტელექტუალურზე, ზოგი – ფიზიკურ შესაძლებლობებზე, ზოგი – მოქნილობისა და მანევრირების უნარზე, ზოგი – მოწყობილობებისა და ტექნიკის მართვაზე. სპორტია კორიდაც, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში მის ასეთ დეფინიციას მაინცდამაინც სიხარულით არ ხვდებიან, მას მარტივ გართობად კი არა, კომპლექსური ფილოსოფიური საფუძვლების მქონე, ნაციონალური თვითიდენტიფიკაციის მარკერად მიიჩნევენ. თუკი ერთხელ მაინც დასწრებიხართ მას, არც შეღამებულზე 500-600 კილოგრამიანი, ცინიკური წამებით მოკლული 6 ხარის ქვიშაზე სისხლით ასახული ტრაექტორია ამოგივათ თვალიდან და არც ამ სანახაობაზე გავეშებულ პირუტყვთან მებრძოლი გონიერი არსების წასაქეზებელი, ენით აუწერლად ვნებიანი შეძახილები და შორისდებულები მოგშორდებათ... არადა, ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებას ხარი სხვაგვარად, სხვა საკრალურობით ახსოვს: "აგრემც ვალმოხდილ, ნაჯაფარ ბებერ ქედს ვენაცვალები, სულ ნაღვლიანი რადა გაქვს ჯიღა, საცერა თვალები!..." (შოთა ნიშნიანიძე)

ბევრი და ბევრნაირი სათქმელი აქვს ადამიანს... მისი საჭიროების, მისი სულის ანარეკლია ყველაფერი, რაც სამყაროში ხდება. სპორტის სახეობებიც იმ ფორმების ძიებისა და მოხელთების გზებია. ადამიანი ხომ მუდმივად ცდილობს, საკუთარ თავს დაუმთხვიოს გარეგნული, მატერიალური ფორმები... სპორტი გარდამავალია გაცნობიერებულსა და გაუცნობიერებელს, მოთვინიერებულსა და მოუთვინიერებელს, კულტურულსა და კულტურამდელს შორის. ამიტომაცაა საინტერესოც, მიმზიდველიც და ასე ხანდაზმულიც.


ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა სპორტი. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary