აფხაზური საშობაო ისტორია
05 იანვარი, 2022
აფხაზური საშობაო ისტორია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ზოგჯერ ის დრო მენატრება, როცა 20 წლის ვიყავი. ზოგჯერ დადებითად მახსენდება, ზოგჯერ კი საშინლად და საკუთარ თავს ვეკითხები, ნუთუ, მე ვიყავი?! მეორე და მეოთხე ათწლეულებისგან განსხვავებით, რომლებიც გაუთავებელი გადასახლებით იყო სავსე ახალ ქალაქებსა და ქვეყნებშიც კი, თუ ჟურნალისტურ სემინარებსა და კონფერენციებზე იშვიათ გასვლას არ ჩავთვლით, 2000-იანი წლები აფხაზეთში გავატარე. გარესამყაროსგან მოწყვეტილი აფხაზური ცხოვრების უგუნურობაში ვეფლობოდი. მე და ადამიანები ჩემი გარემოცვიდან არც დამნაშავეები ვიყავით და არც მძარცველები, მაგრამ ხშირად აღმოვჩნდებოდით ხოლმე ზღვარზე, რომელიც ნორმალურ ცხოვრებას კრიმინალური ცხოვრებისგან განარჩევს, არა ბოროტებით, არამედ სიკეთისა და გულუბრყვილობის გამო.
ერთ-ერთი ასეთი "ზღვარზე" ისტორიიდან 2005-2006 წლების მიჯნაზე მოხდა. ყოველთვის მიყვარდა და ვაფასებდი სოფლის ცხოვრებას. კონკრეტულად ჩემს ნათესავებს აფხაზეთის ვერცერთ სოფელში ნახავდით, ასე რომ ამდგარიყავით და ვინმესთან წასულიყავით, არ გამოდიოდა. ამიტომ მეგობრებისა და ნაცნობების მიპატიჟებას ყოველთვის სიამოვნებით ვიღებდი. თუმცა, ზოგჯერ დაგპატიჟებენ, ზოგჯერ არა. ასეთ დროს რა უნდა ვქნათ? მართალია, თვითონ უნდა წახვიდეთ, მით უმეტეს, ეს აფხაზურ სტუმართმოყვარე სოფლებში ძალიან მიღებულია. თუმცაღა, როდესაც საკუთარ თავს თავად ეპატიჟებით, შეგიძლიათ დღისით მიხვიდეთ, სუფრასთან დაჯდეთ და ბოლოს მასპინძლის სახლი დატოვოთ. მაშინ რა ხდება, როცა სტუმრობა რამდენიმე დღით გსურთ?

გამოსავალი ყოველთვის არის. ერთ სოფელში ხშირად ვიყავით, თუმცა, არ დავასახელებ, ადამიანებმა შეიძლება საკუთარი თავი ამოიცნონ, მე ამ ამბის ჯერ კიდევ მრცხვენია. ხშირად ვიყავით იმ სახლში, სადაც მესაკუთრეები დიდი ხანია აღარ ცხოვრობდნენ, სახლი ხშირად იყიდებოდა, მფლობელებს ვიცნობდით. იმ წელს ისინი არა მარტო სახლში, არამედ აფაზეთშიც არ იყვნენ. მეპატრონეები აფხაზეთშიც როცა იყვნენ, ქალაქში ჩერდებოდნენ, სოფელში იშვიათად ჩადიოდნენ. სახლი საცხოვრებლად სრულიად კეთილმოწყობილი იყო - ელექტოენერგია, წყალი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ერთი სიტყვით ყველაფერი იყო.

შეიძლებოდა ადამიანურად მოვქცეულიყავით და უბრალოდ, მიგვეწერა მეპატრონეებისთვის, დაგვერეკა, გვეთხოვა მათ სახლში შობის დღის გატარების უფლება მოეცათ, მაშინ ინტერნეტი უკვე იყო, დაკავშირების პრობლემა, როგორც ათწლეულის დასაწყისში, არ გვქონდა. რაღატომღაც ადამიანურად ვერასდროს ვიქცეოდით. ამჯერად, გადავწყვიტეთ თვითნებურად ჩავსახლებულიყავით. აღარ მახსოვს, ჩანაფიქრი კონკრეტულად რომელ დღეს განვახორციელეთ, მაგრამ ამ სახლში მეგობრებმა მთელი საახალწლო და საშობაო დღესასწაულები გავატარეთ, უმნიშვნელო საქმეებისა და საკვებისთვის იშვიათად თუ ჩავდიოდით ქალაქში.

თავიდან ყველაფერი გვქონდა: ხორცი, ალკოჰოლი, ბოსტნეული, ხილი, ლობიო, ღომი და სოკოც კი. პირველი დღეები კარგი იყო - "აპაცხაში" ხორცი იბოლებოდა, იქვე ღომი იხარშებოდა, დოქებში ღვინოს ასხამდნენ. ჩვენ არც ისე მდიდრულად ვცხოვრობდით, რომ აღნიშნული დღეები გაგრძელებულიყო. ადრე თუ გვიან საკვები დაგვიმთავრდა, თუ არ ვცდები, ახალი წლის ღამის შემდეგვე. ფულიც აღარ გვქონდა, რომ ქალაქში წავსულიყავით და პროდუქტები გვეყიდა, ნისიად თუ არ წამოვიღებდით.

თბილოდა, ტყეში სოკო ჯერ კიდევ იყო. სოკო კარგად მოვაგროვეთ, მაგრამ კიდევ რაღაც გვინდოდა. საკვებს სახლშიც ვეძებდით და აი, ლობიოც და სიმინდის ბურღული ფქვილით ვიპოვეთ, კიდევ სხვა წვრილმანიც. ჩვენი ქვაბი ისევ ათუხთუხდა, ღომი იხარშებოდა. მართალია, ღვინო უკვე აღარ გვქონდა, მაგრამ სამეზობლოდან ნაცნობებმა ჭაჭა მოგვაწოდეს და მას ვსვამდით, არაფრით იყო ღვინოზე ცუდი.

დღესასწაული ადრე თუ გვიან უნდა დასრულებულიყო. ჩვენს შემთხვევაში ეს ლობიოსა და ღომის დამთავრებისთანავე მოხდა. უკანასკნელი მარცვლებით ლობიოც კი ვერ მოვხარშეთ, სუნელები და მწვანილი დაგვიმთავრდა. მხოლოდ დამარილებულ ლიბიოს ვჭამდით.

"დროა, დავიშალოთ, მეგობრებო,"-გადავწყვიტეთ, ტაქსი გამოვიძახეთ და ქალაქისკენ გავემართეთ.

იმ დღეს სახლში არ წავსულვარ, გზიდანვე სამსახურისკენ გავემართე - გადაუდებელი საქმეებისთვის ფული მჭირდებოდა. ამ დროს მეგობარი მირეკავს: - "სოფელში ხომ არ ყოფილხარ?"

- არა, რატომ?

- ახლახან მოვედი, ისე ჩანს, თითქოს, აქ ადამიანები ცხოვრობენ, ან ცხოვრობდნენ, ლობიო ჯერ ისევ თბილია.

- ოჰო, დაელოდე, ალბათ, მოვლენ.

- არა მგონია, მეზობლებმა მითხრეს, რომ ზურგჩანთებიანი და ჩანთებიანი ადამიანებით სავსე მანქანა ჩემს მოსვლამდე 1 საათით ადრე წავიდა.

გმადლობ მეზობლებს, რომ არ ჩაგვიშვეს, მე კი მაშინ ვერაფრით ვაღიარე, შემდეგ უკვე მნიშვნელოვანი აღარ იყო - გავიდა წლები, ეპოქა.



ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა შობა. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.


სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary