"ჩემი ფილმი"
03 თებერვალი, 2022
"ჩემი ფილმი" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თუ ჩემს მეხსიერებას სამუდამოდ დარჩება ხმელთაშუა ზღვის სიცილიური ნიავით აშრიალებული ფარდები, რომლებიც წამდაუწუმ ეხება შუშის ლანგარზე დალაგებულ ყვითელ ლიმონებს და ზღვის და ციტრუსის ეთერზეთების ნაზავ სურნელს ენიო მორიკონეს მუსიკის ფონზე მაგრძნობინებს, ე. ი., ეს ჩემი ფილმია! თუ წითელ ყაყაჩოებში დაცემული თეთრი ცხენის დანახვა ყოველ ჯერზე მაჟრჟოლებს, ე. ი., ეს ჩემი ფილმია! თუ ჰოლოკოსტისგან გაწამებულთა სპილბერგის მიერ ვიოლონოთი გადმოცემული სევდა ღრმა ჯურღმულების გავლით სიმსუბუქეს მაგრძნობინებს ე. ი., ეს ჩემი ფილმია! თუ მარად ცოცხალ კადრად ამეკვიატება ერთმანეთს ტრაგიკულად დაშორებული დედა-შვილის გამჭვირვალე ვალსი პეჩორაზე, ე. ი., ეს ჩემი ფილმია!

ფილმების საჩვენოდ გახდომაში მათ ჟანრობრივ და სტილისტურ გამართულობაზე მეტად, მნიშვნელოვანია ერთგვარი ამოუხსნელი ბმები, რომლებიც ჩვენს არაცნობიერს სამუდამოდ აკავშირებს კადრებთან, ხმებთან, სურნელთან, შეგრძნებებთან. რამდენჯერ გვივლია ყვითელი ფოთლებით მოქარგულ ქუჩებში და გია ყანჩელის მუსიკის თანხლებით აგვიტანია ერთდროულად მძიმე და ნათელი სევდა... იმ გაურკვევლობის სევდა, შენი დროისა და ენერგიის რა ნაწილი დაუთმო ორ უძვირფასეს მოცემულობას შენს ცხოვრებაში – ოჯახს და პროფესიას, როგორი ტკბილი-მწარე ჭიდილი გვიგემია და როგორ გვიძებნია სიმართლე ორივე მხარეში... როგორ გვიცხოვრია ალცჰაიმერიან მშობლებთან ერთად და ამ მდგომარეობის გადმოსახედიდან რამდენი წყალგაუვალი სტერეოპტიპი ჩვენივე ხელით გვირღვევია... როგორ შეგვიღწევია, ერთი შეხედვთ, ჩვენთვის მიუღებელი იდეოლოგიებისა თუ ფასეულობების გულისგულში და როგორ გვიღიარებია ისინი... როგორ გაურანდავს და დაურბილებია ჩვენი სიხისტეები და სიხენეშეები სხვის პოზიციაში საკუთარი თავის ჩაყენებას და როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ უშლია მათ ზღვრები ჩვენს წარმოდგენებში აშკარა ოპოზიციებს შორის. რამდენჯერ კინემატოგრაფის მოუხეშავ ესთეტიკაში გვიპოვია თავი და რამდენჯერ გავუკვირვებივართ დოკუმენტური ფილმის არამოდელირებულ, ბუნებრივ მხატვრულობას...

ბოლო დროს თითქოს უკვე ყველაფრის მნახველი ინტელექტუალური და მულტიმედიური მაყურებლის მოსაპოვებლად მოხმობილმა ძალისხმევამ არ დაგვიტოვა მარტივი, მსუბუქი, უნარევო მოცემულობები და კომპლექსად, კომბინაციად, ეკლექტად აქცია შესამეცნებელი სამყარო. თეზისით, რომ "ამ მაყურებელს ვერაფრით გააკვირვებ", მართლდებოდა გამომსახველობით საშუალებათა ზომიერი თუ ზომასგადაცილებული სიმრავლე და მრავალფუნქციურობა ფილმებში, წიგნებში, სპექტაკლებში... როგორც მკვლევრები მიუთითებდნენ, ღრმა ფსიქოლოგიზმი, "დაჩეხილი" კომპოზიციები, ცნობიერების ნაკადი, შინაგანი მონოლოგები, არაერთგვაროვან პარალელურ მხატვრულ ქსოვილებში სამყაროს წინააღმდეგობრივი ხასიათის, თუ სულაც მისი უშინაარსობის, გადმოცემა ე. წ. პოსტმოდერნული ეპოქის მთავარი მახასიათებლები იყო. გაგება-ახსნა-შეღწევის მცდელობებით ერთგვარ რთულ ინტელექტუალურ სავარჯიშოს ემსგავსებოდა ფილმები... ჯერ კიდევ ამ ინერციის ქვეშ მოყოლილ მაყურებელში სულ რამდენიმე წელია, გაჩნდა გამაოგნებლად მარტივი, ბუნებრივი და, რაც მთავარია, დადებითი სიუჟეტები, ფაბულები, რომლებიც, ერთი შეხედვით, თითქოს გავრცელებული და ბანალურია. რეჟისორებმა აქცენტი აიღეს ამ სახეობრივი მრავალფეროვნების ძიებაში კარგა ხნის წინ მიტოვებულ, ყურადღების მიღმა დარჩენილ მათსავე გარემოზე, მეგობრებზე, მეზობლებზე, იმაზე, რაც ბუნებრივი და ნიშნეულია ადამიანისთვის... აქცენტი აიღეს ადამიანებზე, რომელთათვისაც მხატვრული რეტროსპექტივისთვის, 3 ათეულზე მეტი წელია, არავის მიუმართავს... ამ ინტელექტუალურ და გამომსახველობით სიმძიმეში მარტივი, მსუბუქი, სადა დაფასდა. მსუყე ფერებით შეფერადებული ნეგატივიდან უცებ სიმართლითა და სინათლით სავსე სიუჟეტებს მიუბრუნდნენ ხელოვანები... და ამას ბოლოდროინდელი კონკურსების ნომინანტები ცხადყოფს.

...რამდენჯერ გადავურჩენივართ შუშის ლანგარზე ლიმონებიანი სახლიდან სიცილიურ ხმელთაშუა ზღვაზე გასულ პეიზაჟს, იმიტომ ხომ არა, რომ სამყაროში დატრიალებული ყველა ისტორია ჩემი ისტორიაა, ყველა სევდა – ჩემი სევდა, ყველა საჭიროება – ჩემი საჭიროება, ყველა ვნება – ჩემი ვნება და ყველა გემოვნება – ჩემი გემოვნება?!
რამდენჯერ ჩვენი ცხოვრების ერთგვარ ლოკომოტივებად ქცეულან ჩვენი ფილმები – ფილმი-თავშესაფრები!



ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ფილმები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary