არაანაზღაურებადი სტაჟირება და დასაქმება საქართველოში
16 ნოემბერი, 2013
არაანაზღაურებადი სტაჟირება და დასაქმება საქართველოში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აუნაზღაურებელი სტაჟირების მომავალი გაურკვეველია. სტაჟირება, რომელიც სრულიად შესაძლებელია 3 ან 4 წელს გაგრძელდეს; სტაჟირება, რომელიც იმის შანსს გაძლევთ, იმუშაოთ გამოცდილი თანამშრომლების გვერდით, ისწავლოთ მათგან და გაიზარდოთ პროფესიული კუთხით; სტაჟირება, რომელიც შანსს გაძლევთ, ელოდოთ, როდის წავა რომელიმე თანამშრომელი სამსახურიდან, რომ საჭირო დროსა და ადგილას აღმოჩნდეთ და მისი ადგილი დაიკავოთ. ყოველივე ამას ისეთი ენთუზიაზმი სჭირდება, რომელიც თქვენი კვებისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხას თავად გაიღებს.

,,საქართველოში სტაჟირებაც კი პრობლემაა. მე პირადად, არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ შტატგარეშე და ხელფასი არ აქვთ. საზოგადოებრივ მაუწყებელში ვიყავი სტაჟიორად 4 თვის განმავლობაში და შემდეგ წამოვედი, იმიტომ, რომ ჩემს შტატში აყვანას არ აპირებდნენ და ვარჩიე, ახალი სამსახური მეძებნა’’ - აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ლეჟავა. მისი აზრით, აღნიშნულ საკითხზე შრომის კოდექსში აუცილებლად უნდა შევიდეს ცვლილებები, რათა დამქირავებელმა წლების განმავლობაში უშტატოდ არ ამუშაოს პირი.

,ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’ -ში ვიყავი გასაუბრებაზე მისული. მითხრეს, რომ ამიყვანდნენ, მაგრამ მხოლოდ 1-წლიანი სტაჟირების გავლის შემდეგ. ჩემთვის ეს მიუღებელი იყო, ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება ისედაც მქონდა და მიმაჩნია, რომ 3-თვიანი გამოსაცდელი ვადა ნორმალური იქნებოდა. ზოგადად, კი ვიცი, რომ ტელევიზიებში 1 წელი მინიმუმია. სტაჟიორებად, ყოველგვარი ხელფასის გარეშე 2 წელი მაინც მუშაობენ’’ - ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლანა ოსიშვილი.

საინტერესოა, რა სახის კანონი მოქმედებს საქართველოში სტაჟიორისა და მისი დამქირავებლის უფლებების დასაცავად. ,,საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ'' 24-ე მუხლისა და ,,საქართველოს შრომის კოდექსის'' მე-9- მუხლების მიხედვით ვეცნობით გამოსაცდელი ვადის ზოგად წესებს.

,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ მე-9-ზე მუხლი: ,,1. შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით. 2. გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით“.

,,საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ'' მე-8-ე მუხლში განმარტებულია შტატგარეშე მოსამსახურის ცნება: ,,შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად’’.

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ წარმომადგენელი გივი გოცირიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ არ არსებობს სტაჟირების ერთიანი წესი ყველა ტიპის საჯარო სამსახურისათვის.

,,სტაჟირების შესახებ სპეციალიზებული კანონმდებლობა საქართველოში არ არსებობს, თუმცა არსებობს სამართლისა და კანონის ანალოგიის გამოყენების ზოგადი საფუძვლები. არსებობს ასევე ჩანაწერი საქართველოს შრომის კოდექსსა და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში, რომლებიც განსაზღვრავენ სტაჟირების ზოგად წესებს და ამავე კანონმდებლობის თანახმად, სტაჟირების კონკრეტულ წესსა და რეგულაციას კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს (შეიძლება კერძო სტრუქტურისაც) ხელმძღვანელი ან მმართველო ორგანო განსაზღვრავს’’ - ამბობს იურისტი და საქართველოს გარემოს დამცველი ეკოლოგიის ეროვნული მრჩეველი ვახტანგ ოქროპირიძე.

კითხვაზე: თუ რა პრობლემას აწყდებიან საქართველოში სტაჟირების გავლისას, პასუხები ერთგვაროვანია. ,,როდესაც არაანაზღაურებად სტაჟირებას გადიხარ, ისედაც იცი, რომ ფულს არ გადაგიხდიან, მაგრამ მიდიხარ იმიტომ, რომ გჭირდება გამოცდილება. თუ იმის საშუალება მომეცემა, სტაჟირება ჩემი პროფესიის კუთხით გავიარო, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ. მაგრამ ხშირად დამსაქმებელი არღვევს სტაჟიორის უფლებებს, როდესაც მას ბევრ ვალდებულებას აკისრებს’’ - ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა ღვინიაშვილი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ქეთი მურღულია ამბობს, რომ სტაჟიორი დამსაქმებლის მხრიდან აღიქმება, როგორც თანამედროვე მონა. ,,უხელფასო მუშახელს აკეთებინებენ ყველაფერს, რომ ბოლოს რაღაც სარეკომენდაციო წერილი მისცენ. თანამედროვე მონებად აღიქვამენ სტუდენტებს იმის მაგივრად, რომ მათ განვითარებაზე იზრუნონ’’.

სხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ გადავხედავთ, შეგვიძლია, გავარკვიოთ ის ძირითადი მოვალეობები, რაც სტაჟიორს აუნაზღაურებელი სტაჟირებისას ენიჭება.

ამერიკის შეერთებული შტატების ხელფასისა და საათობრივი გადანაწილების დეპარტამენტის მიერ შემოთავაზებულ კანონში (U.S. Department of Labor Wage and Hour Division) განმარტებულია ზოგადი ფუნქციები, რაც აუნაზღაურებელი სტაჟირების მონაწილეს ევალება. აქ სამართლებრივი სტანდარტების მიხედვით მოცემულია 6 ძირითადი კრიტერიუმი, რაც დამაჯერებელად ასაბუთებს იმას, თუ რატომ არ უნაზღაურდება შრომა სტაჟიორების მომზადების სისტემაში ჩართულ პირებს.

1. სტაჟიორის მომზადების სისტემაში ჩართულ პირებს დამსაქმებლები სთავაზობენ იმავე შესაძლებლობებსა და პირობებს, რასაც ნებისმიერი სხვა საგანმანათლებლო საზოგადოება სთავაზობს მათ სხვადასხვა ტრენინგის სახით;

2. ამ სისტემაში მონაწილე პირებისთვის პროგრამა გამოცდილების მიღების საშუალებაა და შესაბამისად, მომგებიანია მათთვის;
3. სტაჟიორის მომზადების სისტემაში მონაწილე პირები არ ღებულობენ მონაწილეობას თანამშრომლების შეცვლაში, მაგრამ ისინი ყოველთვს არიან გარკვეულნი ცალკე გამოყოფილი ჯგუფის ზედამხედველობის ქვეშ;

4. დამსაქმებელი უზრუნველყოფს განვითარებას სისტემაში ჩართული პირების და მათ პროფესიულ ზრდას, რაც დიდ უპირატესობას ანიჭებს მათ შემდგომ საფეხურზე;

5. სისტემაში ჩართული პირი არ არის სამუშაოს მთავარი წარმმართველი პირი, შესაბამისად, იგი არ არის დომინანტი;

6. სტაჟიორის მომზადების სისტემაში ჩართული პირისა და დამსაქმებლისთვის თავიდანვე ცნობილი და გასაგებია, რომ ხელფასი სამუშაო საათებისთვის არ არის გაწერილი და განსაზღვრული.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary