ჰუმანიტარული დარგის ახალგაზრდა მეცნიერები პრობლემის წინაშე დგანან
09 ივნისი, 2013
ჰუმანიტარული დარგის ახალგაზრდა მეცნიერები პრობლემის წინაშე დგანან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

დაფინანსებისა და მასალებზე წვდომის პრობლემა, თვითრეალიზების ნაკლები შესაძლებლობა, უსახსრობა და დასაქმების პრობლემა - ის საკითხებია, რომლებიც ახალგაზრდა ჰუმანიტარული დარგის მეცნიერებს ყველაზე მეტად აწუხებთ.

მცირეა სამეცნიერო კვლევითი ცენტრები, სადაც შეიძლება, მეცნიერი დასაქმდეს. მცირეა ასევე იმ საგრანტო კონკურსების რაოდენობა, სადაც შესაძლებელია საჭირო თანხების მოიზიდვა. ჰუმანიტარული დარგის ახალგაზრდა მეცნიერებთან საუბრისას უამრავი სხვა პრობლემაც იკვეთება. სწორედ ამის შესახებ საუბრობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერი თანამშრომელი ნიკოლოზ ჟღენტი. მისი თქმით, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება, სადაც მკვლევარი უნდა დასაქმდეს, ძალიან მცირეა, ბიუჯეტიც მწირია, ხოლო დასაქმებული მკვლევარის ხელფასი 400 ლარამდე იშვიათად ადის. თანამედროვე პირობებში 400 ლარი ძალიან დაბალი ანაზღაურებაა იმ დიდი შრომისთვის, რისი გაწევაც ახალგაზრდა მეცნიერს უწევს. ნიკოლოზის თქმით, ამგვარ პირობებში ადამიანი იძულებულია, ეძებოს მეორე სამსახურიც, ძირითად შემთხვევაში დამსაქმებელი ხელს უწყობს მას ამაში. მეორე სამსახური ხშირად საერთოდ არ უკავშირდება მეცნიერებას, რის გამოც მეცნიერს პროფესიონალიზმი და კვლევის ხარისხი ვეღარ უვითარდება და ერთ დონეზე ჩერდება. უარეს შემთხვევაში კი იკლებს კიდევაც.

,,უსახსრობა ძალზე უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდის მოტივაციაზე, იმის მაგივრად, რომ მას ჰქონდეს ერთი სამსახური, რომლის ხელფასითაც ელემენტარულად შეძლებს ოჯახის რჩენას, ამავე დროს ერთი კონკრეტული მიმართულებით კვლევის წარმოებასა და პროფესიონალიზმის ამაღლებას, მას უწევს სამუშაო დროისა და თემატიკის განაწილება, იგი ხარისხიანად ვერცერთ საქმეს ვერ აკეთებს, ექმნება ფინანსური პრობლემა, ოჯახური პრობლემა, დაოჯახების პრობლემა, გაუთავებელი ნერვიულობა და სტრესი სამეცნიერო საქმიანობის წარუმატებლობის გარდა, იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებსაც" - ამბობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ნიკოლოზ ჟღენტი, რომელსაც სამუშაო მიმართულებად წყაროთმცოდნეობა აქვს არჩეული.

თითქმის იმავე პრობლემების შესახებ საუბრობენ სხვა კვლევითი მიმართულების ახალგაზრდა მეცნიერები. ნინო ჭინჭარაული გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის თანამშრომელია. ,,როდესაც გჯერა საკუთარი შესაძლებლობების და შენივე ინტერესების ერთგული რჩები შინაგანად, მაშინ დრო პირობითი ხდება და ნელ ტემპში სვლაც პროფესიულ წარმატებებთან გადაკვეთაშია. ასევე მნიშვნელოვანია პროფესიული ზრდის პროცესს მოთმინებით შეხედო, არ გაექცე ყველაზე რუტინულ საარქივო და საბაზო გამოცდილებებს" - ამბობს ნინო. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია: თანამედროვე ქართული ხელოვნება, სოც-რეალიზმის კულტურა, პოპკულტურა და ხელოვნების ისტორიის რელიგიურ-პოლიტიკური საკითხები. მისთვის პრობლემას წარმოადგენს მასალებზე წვდომა, დეფიციტია საჭირო მასალაზე, ინტერნეტ-ბიბლიოთეკები და გამოცემები კი ფასიანია. მათი სარგებლობა ახალგაზრდა დამწყები მეცნიერისთვის ფუფუნების საკითხია.

,,მეცნიერისთვის მთავარი პრობლემა მაინც დაფინანსების ნაკლებობაა. ძნელია ახალი გამოცემების შეძენა, ექსპედიციების მოწყობა. მართალია, არსებობს გრანტების მოპოვების საშუალება და სამსახურიც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს ჩვენს მოთხოვნილებებს, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი" - ამბობს ჩუბინაშვილის ცენტრის კიდევ ერთი ახალგაზრდა მეცნიერი თანამშრომელი ნათია ნაცვლიშვილი.

პრობლემა ბევრია, თუმცა, მათ დაძლევაში ახალგაზრდა მეცნიერებს თავისივე კოლეგები, როგორც ახალგაზრდა, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლები ეხმარებიან. ,,პირადად მე უფროსი კოლეგების დახმარებას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. ნებისმიერ დროს შემიძლია, მივმართო მათ და მივიღო კვალიფიციური რჩევა, თუ დახმარება ჩემთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით" - ამბობს ირმა ხოსიტაშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერი თანამშრომელი.
ნიკოლოზ ჟღენტი საკუთარ არჩევანს სწორედ ახალგაზრდა მეცნიერებს, საკუთარი ახალგაზრდა ლექტორების მონდომებას უკავშირებს. მისი თქმით, ძალიან გაუმართლა, როდესაც თსუ-ში სწავლისას ისეთ გარემოში მოხვდა, სადაც ლექტორებმა თეორიული ცოდნის გარდა, საველე სამუშაოების საშუალებით, პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობა მისცეს. მან საკუთარი ლექტორებისგან პროფესიის უპერსპექტივობის, სამსახურის ნაკლებობის შესახებ დასაწყისშივე იცოდა, მაგრამ მისი არჩევანი მაინც ჰუმანიტარული დარგის მეცნიერება გახდა. ის საკუთარ გულისტკივილსაც გამოთქვამს. ,,ჩვენს სფეროში მოღვაწეობენ დიდი მეცნიერები, მსოფლიო დონის სპეციალისტები. ხნიერი მეცნიერები უარს არ ამბობენ ახალგაზრდა მეცნიერის დახმარებაზე, პირიქით, დიდი სიხარულით გვიწევენ კონსულტაციებსა და გვაძლევენ მითითებებს, თუმცა, ძირითადი ტენდენცია მაინც სამწუხაროა, რადგან ეს ინიციატივა ისევ ჩვენგან, ახალგაზრდა მეცნიერებისგან მოდის და არა მათგან. შეიძლება ითქვას, მათთვის პრიორიტეტი ისევ სამეცნიერო საქმიანობაა და არა პედაგოგიური. ამის გამო დაუნჯებულ ცოდნასა და გამოცდილებას ისინი ვერ გადასცემენ ახალგაზრდა თაობას და "უმემკვიდრეოდ" რჩება მრავალი სფერო" - ამბობს ნიკოლოზ ჟღენტი.

ახალგაზრდა და ასევე უფროსი თაობის მეცნიერებისთვის მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენს ,,შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი". მისი საქმიანობა მიმართულია მეცნიერების დაფინანსებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველსაყოფად, მეცნიერების დაფინანსების ერთიანი სისტემის შექმნისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებისკენ. ფონდი ახორციელებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ბენეფიციართა საქმიანობის მონიტორინგს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წარადგენს ანგარიშს საგრანტო დაფინანსების საფუძველზე შექმნილი ახალი სამეცნიერო პროდუქციისა და მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტის მონაცემების თაობაზე. ,,შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის დოდო გუგავას თქმით, ფონდი თავისი საქმიანობით დახმარებას უწევს იმ ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებსაც კვლევის განსახორციელებლად სახსრები არ ჰყოფნით.

,,ფონდის ერთადერთი საქმიანობა არის მეცნიერების ხელშეწყობა საგრანტო დაფინანსების გზით. ფუნდამენტური და გამოყენებითი საგრანტო კონკურსები ყოველწლიურად ცხადდება. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა კი განსაზღვრული კრიტერიუმებისამებრ ყველა მეცნიერს შეუძლია. მიღებული კვლევები ეგზავნება დარგის სპეციალისტებს, ექსპერტებს, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. საბოლოოდ კი, ფინანსდება საუკეთესო კვლევა. ყოველი წლის საგრანტო კონკურსის შედეგები მისი გადამუშავების სპეციფიკურობიდან გამომდინარე მხოლოდ მომავალ წელს ცხადდება" - ამბობს დოდო გუგავა.
2012 წელს ფუნდამენტურსა და გამოყენებით საგრანტო კონკურსში შემოსული განაცხადებიდან დაფინანსდა 132 მსხვილბიუჯეტიანი (წლიურად მეცნიერთა გუნდს ფუნდამენტურ მიმართულებაზე შეუძლია 50 000, ხოლო გამოყენებითზე 100 000 ლარის მოთხოვნა). დოდო გუგავას თქმით, გარდა მსხვილბიუჯეტიანი სახელმწიფო საგრანტო კონკურსებისა ფონდი, ზოგადად, ახორციელებს 30 სახის სხვადასხვა საგრანტო კონკურსს, რომლებიც მიზნობრივად გათვლილია ახალგაზრდა მეცნიერების დაფინანსებაზე. ასეთ კონკურსებს მიეკუთვნება, მაგალითად, პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის, მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები, უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო პროექტი.

ამ ეტაპზე უკვე გამოცხადებულია 2013 წლის საგრანტო კონკურსები, მიღებულია განაცხადების ნაწილიც, შედეგები მომავალი წლის მეორე ნახევარში გამოცხადდება.

ახალგაზრდა მეცნიერების წახალისებაზე, ცენტრის უკვე განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე საუბრობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნესტან ბაგაური. მისი თქმით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობს მეცნიერებისა და ახალგაზრდა თაობის ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებით.

სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია შემოგთავაზოთ განათლების სამინისტროს სამომავლო გეგმები ამ დარგის მეცნიერების პოპულარიზაციისა და დაფინანსების გაზრდის კუთხით. სამინისტროსთან დაკავშირების მცდელობა უშედეგო გამოდგა. მათ არ უპასუხეს არცერთ გზავნილსა და სატელეფონო ზარს.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary