ახალგაზრდები ჯანსაღი ცნობიერების გარეშე
04 იანვარი, 2014
ახალგაზრდები ჯანსაღი ცნობიერების გარეშე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად გვესმის: ,,დღეს საქართველოში განათლების პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია’’. განათლებაზეა საუბარი მხოლოდ? პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოიაზრებს დაბალ ცნობიერებას, დრომოჭმულ მენტალობას, ფასეულობებს, სტერეოტიპებს. თანამედროვე რეალობაში ვიგებთ: ,,მამას 18 წლის ქალიშვილი უცემია წარბის კორექციის გამო’’, ,,ვიღაცას შეყვარებულთან სექსუალური აქტის შემდეგ უფიქრია, რომ ქალიშვილობა სხვანაირად იკარგება’’, ,,ვიღაცას ცოლი ქალიშვილი არ ჰგონებია, მეორე დღეს კი უთქვამს - უი, შემეშალაო’’. არსებული პრობლემები რამდენიმე მიმართულებით იშლება: გენდერული სტერეოტიპები, ჯერ კიდევ გაუთვითცნობიერებელი სექსუალური განათლების არარსებობა, დაბალი ეკოლოგიური ცნობიერება, დაბალი კულტურული ქცევა, განსხვავებული აზრის უპატივცემულობა.

27 წლის ქეთი ჟვანია საუბრობს სამოქალაქო ცნობირებაში არსებულ ხარვეზებზე და საკუთარ აზრსაც გვიზიარებს: „განათლების სფეროა მთავარი ამ შემთხვევაში და განსაკუთრებით სკოლა. სავალალო მდგომარეობაა საქართველოში განათლების მხრივ. არის ახალგაზრდების ერთი ნაწილი, რომლებიც ბრმად აკეთებენ ყველაფერს და ვერ იაზრებენ, სტერეოტიპებით ცხოვრობენ და მეორე ნაწილი, რომელიც ამ პირველს დასცინის’’.

22 წლის თამარი ცხვირზე პირსინგის გაკეთების შემდეგ მიხვდა, რომ მისი ‘’განსხვავებულობა’’ საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი ყოფილა. ,,იმის გამო რომ ცხვირზე პირსინგი მაქვს საზოგადოების უმრავლესობა (ახალგაზრდების ჩათვლით) ალმაცერად მიყურებდა. საქართველოში ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ თუ კი გოგო გაბედავს და ცხვირს, ჭიპს ან წარბს გაიხვრეტს, ყველაფერზე არის წამსველი და საზოგადოების უმრავლესობა მას, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალს ისე აღიქვამს’’ - ამბობს თამარ ნატრიაშვილი.

ქვეყანაში ქალის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები არსებობს. ამას ცხადყოფს „გაეროს განვითარების პროგრამის“ დაკვეთით 2013 წლის თებარვალ-ივლისში ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლზე.

სტერეოტიპების შესახებ საუბრობს ახალბედა მწერალი თორნიკე გოგნიაშვილი. მისი თქმით საზოგადოება სტერეოტიპებისა და ჩარჩოების სამფლობელოში ცხოვრობს: ,,მე მაინც ვფიქრობ, რომ პრობლემა ქართულ ტრადიციებშია, ძალიან ბევრი, არაფრის მომცემი ტრადიციაა, რომელსაც მარხვაზე მეტად ვიცავთ სადღეგრძელოების ჩათვლით. მოდერნიზაცია განიცადა, რა თქმა უნდა, ტრადიციებმაც, მაგალითად, ადრე თუ აკვანში აქორწინებდნენ ბავშვებს (რაც, ჩემი აზრით, სადიზმია) ამის მერე მოტაცება შემოვიდა მოდაში. დღევანდელობის ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს ქუჩაში ნაგავის დაყრაც. იმ ჯამში ჩაფურთხება, სადაც მივირთმევთ, ეს უკვე უზნეობის უმაღლესი საფეხურია“.

სამოქალაქო თვითშეგნებას ადრეული ასაკიდან ჯერ კიდევ სკოლაში ეყრება საფუძველი. სამოქალაქო განათლების დაბალი დონე დღეს შესაძლოა ნომერ პირველ პრობლემად ჩაითვალოს ქართული საზოგადოებისთვის, რომელიც ბოლო ორი ათეული წელია, დემოკრატიულ ფასეულობებში გარკვევას ცდილობს. კომუნისტური დიქტატურის პირობებში ნაცხოვრები საზოგადოებისთვის ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა, ისევე როგორც არ აღმოჩნდა ადვილი ამ ფასეულობათა სწავლება ახალი თაობებისთვის.

სამოქალაქო განათლების ელემენტები სკოლებში ისწავლება მერვე კლასის ისტორიის შესავალ ნაწილში, შემდეგ მეათე კლასში ისწავლება საგანი - სამოქალაქო განათლება, ხოლო ის სკოლები, რომლებიც ჩართულნი არიან სამწლიან სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროექტში, შექმნილია სამოქალაქო კლუბები, რომლის ფარგლებშიც ტარდება ტრეინინგები, ეწყობა საქველმოქმედო აქციები, მცირე გრანტების ფარგლებში იწერება პროექტები და სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებელი საზაფხულო თუ საზამთრო ბანაკები იმართება.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების სამწლიან პროგრამას „PH International საქართველო“-ს ოფისი ახორციელებს. პროგრამა ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში; გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. პროგრამის მიზნების მისაღწევად „PH International საქართველო“ 9 რეგიონში თანამშრომლობს პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ახალციხის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ,,ოცნებიდან რეალობამდე" ხელმძღვანელი ნინო ნადირაძე ჩვენან საუბრისას აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეების ცნობიერების დონე მაღალია. მისივე თქმით, საქალაქო კლუბის ჩამოყალიბების იდეა თავიდანვე ყველა სკოლისთვის იყო ცნობილი და თავიდან ბევრი კლუბიც შეიქმნა, თუმცა, შემდგომში პედაგოგებმა უარი განაცხადეს აუნაზღაურებელ სამსახუში მუშაობაზე. კლუბის პედაგოგი შეიძლება იყოს ან ამავე სკოლის, საგნის ,,სამოქალაქო განათლება’’ პედაგოგი ან აქტიური პედაგოგი. ,,იმ მოსწავლეებში, რომლებიც სამოქალაქო კლუბის წევრები არიან, ძალიან მაღალია კრიტიკული აზროვნება, იმიტომ რომ სამოქალაქო კლუბის ფარგლებში ტარდება ტრენინგები, მათ შორის, დებატებიც’’- ამბობს ახალციხის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ,,ოცნებიდან რეალობამდე" ხელმძღვანელი ნინო ნადირაძე. მისი თქმით, მოსწავლეების მხრიდან ნამდვილად არის დაინტერესება და ისინი ერთმანეთის მიბაძვით ხდებიან კლუბის წევრები.

,,ასი’’- ახალგაზრდული საზოგადოებრივი ინიციატივა მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოში საშუალო სკოლის მოსწავლეების, ჟურნალისტიკის სტუდენტების, საშუალო სკოლის მასწავლებლების, რეგიონალური ადმინისტრაციისა და თვითმართველობის ინსტიტუტების გავლენის გაზრდას სამოქალაქო ცნობიერებაზე.

,,ჩვენი ერთ-ერთი პროქტი ითვალისწინებდა სოციალური მედიის საშუალებების გამოყენებასა და პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. ორი მიმართულებით ვიმუშავეთ, კერძოდ, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტის სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებთან. ასევე ბათუმელ და ქუთაისელ სტუდენტებთან. ჩავატარეთ რამდენიმე ტრენინგი, რის შემდეგაც რაღაც პერიოდი ძალიან ინტენსიური კონტაქტი გვქონდა ჩვენს ბენეფიციარებთან, განსაკუთრებით სტუდენტებთან, რასაც სკოლის მოსწავლეებზე, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით. ამას, ალბათ, ობიქტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ყველა მონაწილემ პატარა სოციალური მედიის პროექტი განახორციელა, უმრავლესობა მათგანი სხვადასხვა მედიაში დასაქმდა, თითქმის, ყველა მაშინდელი სტუდენტი, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული ჟურნალისტია ან მონათესავე სფეროში მუშაობს. პროექტი ერთ წელზე მეტია რაც დასრულდა’’ - აღნიშნავს პროექტის ერთ-ერთი წარმომადგენელი ელზა ქეცბაია.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary