20 იანვრიდან ლონდონში "განათლების მსოფლიო ფორუმი 2014" მიმდინარეობს. ფორუმს 133 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის 101 ქვეყნის განათლების მინისტრი ესწრება.
ფორუმზე იმყოფებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.
ფორუმის მიზანია, განისაზღვროს თანამედროვე მსოფლიოს საერთო საგანმანათლებლო პოლიტიკა. ფორუმის ფარგლებში იმ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც საერთო გამოწვევას წარმოადგენს და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას საჭიროებს. ფორუმზე სხვადასხვა ქვეყანაში განათლების საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები პირები ერთმანეთს ხვდებიან და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
თამარ სანიკიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა მსოფლიო ფორუმში, სადაც განიხილება თემები, რომლებზეც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე მუშაობს. მისი თქმით, ფორუმზე განიხილავენ შემდეგ თემებს: მასწავლებლის პროფესიული განვითარება; თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში; განათლების ლიდერთა გააქტიურება და განვითარება; სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სხვ.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიტანეთის საბჭომ უზრუნველყო.