საქართველოს ახალგაზრდულმა პარლამენტმა ,,2013 წლის მოწვევის" შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
შეხვედრაზე ახალგაზრდული პარლამენტის დამფუძნებელმა თეონა ლავრელაშვილმა და ორგანიზაციის წევრებმა 2013 წელს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და თავიანთი საქმიანობა შეაფასეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და სამოქალაქო სექტორი.
თეონა ლავრელაშვილმა ახალგაზრდული პარლამენტის მუშაობის შეფასებისას გამოყო რამდენიმე მნიშვნელოვანი წამოწყება, რაც ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა: ,,პროექტი საკმაოდ წარმატებული გამოვიდა, სულ 8 საკანონმდებლო წინადადება შევიდა საქართველოს პარლამენტში, მათგან ორი უკვე დამტკიცებულია ინიციატივად. მთელი წლის განმავლობაში ახალგაზრდა დეპუტატები ინტენსიურად სტუმრობდნენ სხვადასხვა რეგიონს, ხვდებოდნენ ახალგაზრდებს და ეცნობოდნენ მათ პრობლემებს, რომელთა ასახვაც ხდებოდა საკანონმდებლო ინიციატივებში, ეწყობოდა საჯარო დისკუსია, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და მათი აზრის კვლევა ამა თუ იმ აქტუალური საკითხის განხილვის დროს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები ერთად იდგნენ და ცდილობდენ საერთო ენის გამონახვას".
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის უფროსი ბექა მიქაუტაძე, რომელმაც ,,თავისუფალ ასოციაციასთან" ახალგაზრდული პარლამენტის მნიშვნელობასა და მის შემდგომ ხელშეწყობა-განვითარებაზე ისაუბრა: ,,საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც გვიჩვენებს იმას, რომ ახალგაზრდებს დიდი სურვილი აქვთ თავიანთი წვლილი შეიტანონ რეალურ პოლიტიკურ პროცესებში. ის 8 საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტში წარადგინეს ახალგაზრდა პარლამენტარებმა, ადასტურებს იმას, რომ აქ ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ისინი უფრო გააქტიურდებიან, უფრო დიდი დოზით ჩაერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ამისათვის ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მათ, ხელს შევუწყობთ შემდგომ განვითრებაში".
საქართველოს ახალგაზრდულმა პარლამენტმა მუშაობის პროცესში გაწეული დახმარებისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა არასამთავრობო სექტორს. ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" თავმჯდომარემ გია ნოდიამ შეხვედრაზე ისაუბრა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესში: ,,ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც აუცილებლად შეუწყობს ხელს პარლამენტარიზმის კულტურის ამაღლებას საქართველოში, დაამკვიდრებს ახალ ხედვასა და ინიციატივას, რადგან ახალგაზრდებს აქვთ საკმაოდ მისაღები რეკომენდაციები, რომელთა გაზიარებაც რეალურად უნდა მოხდეს. იმედი მაქვს, ეს პროექტი კვლავ წარმატებულად გაგრძელდება, ჩვენ ვგეგმავთ, რომ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლოთ მათთან".
შეხვედრის ბოლოს საკანონმდებლო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ახალგაზრდა დეპუტატატებს სერტიფიკატები გადასცეს.
როგორც ახალგაზრდა პარლამენტის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ თეონა ლავრელაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, პროექტი კვლავ გაგრძელდება. ,,2014 წლის მოწვევის ახალგაზრდა პარლამენტართა" შერჩევა მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყება.