საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან არსებული "ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი" სტუდენტთა მიღებას იწყებს.
შერჩეული სტუდენტები ექვსი თვის განმავლობაში მოისმენენ საჯარო ლექციებს ადამიანის უფლებებზე, ლიბერალიზმსა და დემოკრატიაზე. ისინი მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში, მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე და არგუმენტირებულად დაასაბუთებენ საკუთარ პოზიციას, გარდა ამისა, მოამზადებენ ტოკ-შოუ "LibTime"-ს და შექმნიან ჟურნალისტურ მასალებს, რაც განთავსდება ცენტრის ბლოგზე (http://liberalizmi.wordpress.com/).
კანდიდატი უნდა იყოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ან ბაკალავრიატის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტი.
დაინტერესებულმა პირებმა 2014 წლის 15 თებერვლამდე უნდა გააგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე liberalismcenter@gmail.com. სათაურის ველში მსურველებმა უნდა მიუთითონ პროექტის დასახელება. სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას.
შერჩეულ აპლიკანტებთან გაიმართება გასაუბრება.
პროექტში მონაწილეობა უფასოა.