აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იუსტიციის სკოლის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი იუსტიციის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით 14 წელია ხორციელდება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლის სპეციალობის მაღალკურსელებს. სტუდენტები შეირჩევიან სამოტივაციო წერილისა და კაზუსზე მუშაობის შდეგად (პროექტში უკვე მონაწილე სტუდენტებს ხელმეორედ დარეგისტრირების უფლება არ აქვთ). მათ კაზუსის ამოსახსნელად ერთი თვის განმავლობაში მოუწევთ კვლევის ჩატარება. ისინი უფასოდ ისარგებლებენ ელექტრონული ბიბლიოთეკით. აპლიკაციის დამუშავებისა და შესაბამისი შეფასების შემდეგ აპრილსა და მაისში მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს. მაქსიმალური შედეგების მქონე 6 ჯგუფი (სამკაციანი) იასპარეზებს გამარჯვებისთვის. ფინალი ყვარელში ჩატარდება, სადაც გამოვლინდება ერთი გამარჯვებული და ერთი საუკეთესო გამომსვლელი (Best speaker), რომლებიც მიიღებენ ძვირადღირებულ წიგნებს, რასაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი უზრუნველყოფს.
,,დღევანდელი პრეზენტაცია ემსახურება სტუდენტების აქტიურობასა და ინფორმირებას აღნიშნული პროექტის შესახებ, რა ტიპის კონკურსია და რა მოეთხოვება მათ. საჭიროა, მათ ჰქონდეთ კარგი მოტივაცია. ყოველივე ამის პოპულარიზაცია სახელმწიფოს ვალდებულებაა'' - აცხადებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პროგრამის წარმომადგენელი ნინო გვარამაძე.