აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ფილმის ,,სანელებლების გემო" პრემიერა შედგა.
ევროკავშირის პროექტი ,,ევროპული ფილმის კვირეული" 2 წელია ტარდება. კინომცოდნე თამთა თუთბერიძის თქმით, ფესტივალი მომდევნო ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება. კინოფესტივალის ორგანიზატორებისა და საქართველოში მოღვაწე ექსპერტების თხოვნით, შეირჩა ის ფილმები, რომლებიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს საკუთარ ქვეყანას. მისი ჩვენება ერთდროულად ხუთ ქალაქში მოხდება. ქუთაისში გაიმართება 8 ფილმის ჩვენება. ზოგიერთი მათგანი კი სხვა ქალაქშიც განმეორდება.
,,წელს ფესტივალი გაცილებით მასშტაბურია. ის ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კულტურის, ტრადიციების, ადათ-წესებისა და ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების შესახებ. სივრცის გამო არჩევანი უნივერსიტეტზე გავაკეთეთ. დასწრება თავისუფალია. ვისურვებდი, ბევრი მნახველი ჰყავდეს აქ წარმოდგენილ თითოეულ ფილმს" - განაცხადა ქუთაისის ,,ევროკავშირის კინოფესტივალი 2014 წლის" ადგილობრივმა წარმომადგენელმა ქრისტინე მაღლაკელიძემ.