ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისათვის რეგისტრაცია დღეს 12:00 საათიდან დაიწყო და 21 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
2014 წელს მსურველებმა რეგისტრაცია ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა გაიარონ (www.naec.ge;online.naec.ge), სადაც განთავსდება რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია.
• რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომლის ხანგრძლივობა ერთი თვეა, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი და ენა, რომელზეც სურს გამოცდის ჩაბარება - ეს ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ შეიცვლება;
• 2014 წელს აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ რამდენიმე თვის განმავლობაში ცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები (ფაკულტეტები), მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა. ცვლილებების განხორციელების საშუალება აბიტურიენტებს გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგაც ექნებათ. პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.
• სახელმწიფო წელსაც დააფინანსებს ბაკალავრიატის გარკვეულ მიმართულებებს (შესაბამის პროგრამებზე ჩარიცხულები ისწავლიან უფასოდ). სასწავლებლების და მიმართულებების (პროგრამების) ნუსხა გამოქვეყნდება დამტკიცებისთანავე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა(www.mes.gov.ge) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (www.naec.ge) ვებგვერდებზე.