"თიბისი გალერეაში" ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია გამართა.
"ქართული ლექსიკონი" პირველი ქართული ილუსტრირებული სასწავლო განმარტებითი ლექსიკონია და მოიცავს თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის აქტიურ სიტყვიერ მარაგს. მასში შესულია უკანასკნელ ათწლეულებში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შედეგად გაჩენილი ნეოლოგიზმებიც.
პრეზენტაცია ბაკურ სულაკაურის გამოსვლით დაიწყო. მან ისაუბრა ამ ლექსიკონზე მუშაობის 9-წლიან შედეგებზე. თავდაპირველად იდეა 2005 წელს გაჩნდა მისი მეგობრის გურამ ბერიშვილის მიერ.
პრეზენტაცია გააგრძელა ლექსიკონის თანაავტორმა ნანა ლოლაძემ. მან აღნიშნა, რომ ლექსიკონი სასწავლო დანიშნულებისაა, ამიტომ მასში ზოგიერთ სალექსიკონო ერთეულთან მითითებულია პარონიმი და ყველაზე გავრცელებული ორთოგრაფიული შეცდომები. სახელები მოცემულია სახელობითი ბრუნვის, ხოლო ზმნები - საწყისის ფორმით.
ლექსიკონს ახლავს დანართები: ზმნის პირიანი ფორმების საძიებელი, გეოგრაფიული სახელებისა და რიცხვითი სახელების საძიებლები.
"ქართულ ლექსიკონში" შესულია: 25 ათასზე მეტი სალექსიკონო ერთეული, 29 ათასამდე ზმნური ფორმა, 9 ათასამდე ნაწარმოები სიტყვა და ფრაზა.
პრეზენტაციის ბოლოს აღნიშნეს, რომ ეს ლექსიკონი ნებისმიერი ადამიანისთვის არის განკუთვნილი, მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის, იმ უცხოელებისთვის, ვისაც სურთ ქართული ენის შესწავლა.
ლევან ბერძენიშვილმა ხაზი გაუსვა ამ ქართული ლექსიკონის დიდ მნიშვნელობას. მისი თქმით, ის ტაშს დაუკრავს ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც ამ ლექსიკონს გამოიყენებს.
ბაკურ სულაკაურმა სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა. ის გეგმავს უნივერსალური ლექსიკონის შექმნას, რასაც, ალბათ, დიდი დრო დაჭირდება.