ორგანიზაცია "დავითიანნის" ორგანიზებით ახალგაზრდების შეხვედრა მოეწყო კომპანია "Sevent"-ის დამფუძნებლსა და დირექტორთან მაკო ჯაოშვილთან.
პრეზენტაციის ძირითადი თემა ეხებოდა ცხოვრებაში წინსვლის გზების ძიებას, მიზანდასახულობასა და ინდივიდებში თვითმოტივაციის, როგორც წარმატების მთავარი წინაპირობის ამაღლებას.
"იყავით გაბედული, ირწმუნეთ და იმოქმედეთ - სწორედ ეს არის წარმატების მთავარი მოტივატორი" - განაცხადა მიწვეულმა სტუმარმა: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისწრაფების ძალა გაგვაჩნდეს. როდესაც დავსახავთ მიზანს, აუცილებელია, რომ შემდეგ სწორად გავთვალოთ მიზნისკენ სავალი გზა. მაშინაც კი, როდესაც სწორ გზაზე ვდგავართ, თუმცა, ვდგავართ უმოქმედოდ, შეიძლება, სხვებმა დაგვასწრონ, გადაგვიარონ. არ აქვს მნიშვნელობა მარტო იმას, რომ აირჩიო სწორი გზა. მთავარია, მერე იმ სწორ გზაზე იმოქმედო და არ იყო უძრავად. წარმატებული ადამიანები არასდროს არიან უმოქმედოდ. ისინი ყოველთვის არიან მოქმედებაში, ყოველთვის არიან დარწმუნებულები საკუთარ შესაძლებლობაში და ზუსტად იციან, რა უნდა აკეთონ, რა არის მათი მთავარი ცხოვრებისეული მისია და იღწვიან ამ მიზნისკენ".
მაკო ჯაოშვილმა დამსწრე ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილების შესახებაც ესაუბრა: "რაღაც ეტაპებზე მჩვეოდა საკუთარი თავის მუდმივი კრიტიკა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე რაღაც გამომდიოდა, მქონდა ჩავარდნა და ამ ბრძოლაში, საკუთარ თავთან ჭიდილში, ცოტა ვიღლებოდი, ნერვებიც მეცვითებოდა, ენერგიაც, თუმცა, შემდგომში, როდესაც ჩემს თავს კარგად ჩავუღრმავდი, გავეცანი ჩემთვის საინტერესო მასალებს, ლიტერატურას, ნელ-ნელა ჩამოვყალიბდი ისეთ ადამიანად, ისეთ პიროვნებად, რომელსაც ლავირებაც შეეძლო, გარკვეულ სიტუაციებზე მორგება და ამ ცხოვრებასთან ჭიდილიდან გადავედი ცხოვრებასთან ჰარმონიულ დამოკიდებულებაში".
ერთ-ერთი დამსწრე ახალგაზრდის თიკო გოგატიშვილის თქმით, შეხვედრა ძალიან მოეწონა: "ხშირად ვესწრები ასეთ შეხვედრას, ზოგადად, მაინტერესებს თემები, რომლებიც მოტივაციის ამაღლებას, წარმატებისკენ სვლას ეხება. ამ დღემაც ბევრი რამ მომცა, რაღაც საკითხები ჩავიწერე და ვიცი, რომ მომავალში გამომადგება".
შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა არაერთი კითხვა დასვეს წარმატების მიღწევის საშუალებებზე, ცხოვრებაში არსებულ ბარიერებსა და მათი გადალახვის გზებზე. დასასრულს ახალგაზრდებმა მათთვის სასარგებლო რჩევებიც მიიღეს მაკო ჯაოშვილისგან.