საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს 2014 წლის მოწვევის შერჩევის შესახებ. ასევე მოხდა ახალგაზრდული პარლამენტის ახალი მოდელის წარდგენა.
ორგანიზაციის დამფუძნებლის თეონა ლავრელაშვილის თქმით, "საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი არის გაერთიანება, რომელიც ოფიციალურად 2011 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია ჩამოყალიბდა იმ მიზნით, რომ გაზარდოს ახალგაზრდების როლი და ჩართულობა ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების ჩამოყალიბებას სამოქალაქო საზოგადოების ჯანსაღ და სრულფასოვან წევრებად. 2013 წლის მოწვევის პარლამენტი ძალიან გამორჩეული და აქტიური იყო, დარწმუნებული ვარ, 2014 წლის მოწვევის პარლამენტიც გაცილებით კარგი და ასეთივე გამორჩეული იქნება".
კომიტეტების წარმომადგენლებმა გასული წლის მოწვევის პარლამენტის მიერ განხორცილებულ პროექტებზე ისაუბრეს. აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ანუკი მოსიაშვილმა აღნიშნა: "2013 წელი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, პარლამენტში შევიტანეთ 8 საკანონმდებლო წინადადება და ერთი უკვე განხორციელდა, სამომავლოდ ანუ 2014 წლის მოწვევაში იგეგმება მენორის ინსტიტუტის ჩამოყალიბება. ასევე ვგეგმავთ, პარლამენტი გახდეს ორპალატიანი და სტუდენტების გარდა სკოლის მოსწავლეებმაც შეძლონ ჩართვა".
მიწვეული სტუმრები იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და, ზოგადად, ყველა დაინტერესებული ახალგაზრდა, სტუმრებს შორის იყო ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოსული ახალგაზრდაც, მისი თქმით, "უმნიშვნელოვანესია კავკასიელი ახალგაზრდების დაახლოება. ჩამოვედი საქართველოში, რადგან მამოძრავებს კეთილგანწყობა და კეთილმეზობლური დამოკიდებულება, მგონია, რომ ახალგაზრდებმა უნდა ვიზრუნოთ, განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, როცა აქ ჩამოვედი და შევხედე, თუ რაოდენ აქტიურები იყვნენ ახალგაზრდები, ძალიან გამიხარდა ცოტა გამიკვირდა კიდეც".
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი იწყებს 2014 წლის მოწვევის დეპუტატების შერჩევას. ქვეყნის მასშტაბით უკვე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა უმაღლეს სასწავლებლებში. აპლიკაციის შევსებამდე დარჩა 2 დღე.