აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში ახალგაზრდა პოეტის ირაკლი ჯაფარიძის წიგნის ,,ჩრდილები მზისფერ ლომბარდიდან" პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ახალგაზრდებთან ერთად ლექტორებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ირაკლის შემოქმედებაზე ისაუბრეს. პრეზენტაციის ორგანიზატორმა ნესტან კუტივაძემ მოკლედ მიმოიხილა წიგნის თემატიკა. როგორც მატემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი ონიანმა აღნიშნა, ირაკლი ძალიან ძლიერია როგორც თავის სპეციალობაში (მათემაიკაში), ასევე პოეზიაშიც. მისი თქმით, როგორც მათემატიკის განტოლებებს სჭირდება ბრძოლა, ასევე ებრძვის მწერალი პოეტურ სიტყვებს, რომელსაც თავს მშვენივრად ართმევს. წიგნის წინასიტყვაობის ავტორის ლუკა დვალიშვილის (ქართული ენისა და ლიტერატურის ლექტორი) თქმით: "ის შრომისმოყვარე კაცია, რომელიც აუცილებლად ჰპოვებს წარმატებას. ის, რომ ტექნიკური დარგის წარმომადგენელი ასეთ მაღალ დონეს აჩვენებს, დასაფასებელი და მისასალმებელია".
,,ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს ეცნობა უნივერსიტეტი. ის წარმატებულია თავის დარგშიც, არის სახელმწიფო სტიპენდიანტი. განცვიფრებული ვარ მისი შემოქმედებით. დარწმუნებული ვარ, კარგი პოეტი დადგება. ვულოცავ მას და მის ოჯახს და ვუსურვებ უფრო დიდ წარმატებებს" – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძემ.
როგორც ავტორმა თქვა, წიგნზე ერთი წლის მანძილზე მუშაობდა. ის საკუთარი სახსრებით გამოსცა. მასში იგრძნობა ის პათოსი, რაც დღევანდელი ახალგაზრდობისთვის აქტუალურია.