სახელმწიფო კანცელარიასთან სტუდენტური აქცია გაიმართა ქუჩაში მომუშავე ბავშვების მხარდასაჭერად. აქციის ორგანიზატორები იყვნენ თსუ–ს სტუდენტები.
შეკრების მთავარი მიზანი იყო, მთავრობისთვის შეეხსენებინათ ქუჩაში მომუშავე ბავშვების შესახებ. სტუდენტები მოუწოდებენ მთავრობას, მოახდინონ ინვესტიციების ჩადება ახალგაზრდებში და მათ მისცენ განათლების მიღების ისეთივე შანსი, როგორიც სტუდენტებს აქვთ.
აქციის მონაწილე მარიამ მუნჯიშვილის თქმით: ,,ჩვენ, სტუდენტებს, ყოველდღიურად გვიწევს მგზავრობა საჯარო ტრანსპორტით, სადაც ვხვდებით ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში მუშაობენ. თუკი ჩვენ გვაქვს უფლება, ვისწავლოთ უნივერსიტეტებში, მაშინ მათაც უნდა ჰქონდეთ იგივე უფლება. მათ არ უნდა უხდებოდეთ ელემენტარული არსებობისთვის ბრძოლა. ვთხოვთ მთავრობას, ყურადღება მიაქციონ ამ ბავშვებს და იზრუნონ, რომ მათი ცხოვრების პირობები იყოს სრულფასოვანი".
აქციის წევრებმა საქართველოს მთავრობას მიმართეს კითხვით: ,,ბოლოს როდის იმგზავრეთ მეტროთი?"
,,ჩვენ ვართ სტუდენტები, ყოველდღიურად გვიწევს მეტროთი მგზავრობა. ვხვდებით ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებს და გვაქვს გრძნობა, რომ ვართ უსუსურები ამ ბავშვების მიმართ. დღეს აქ მოვედით, რომ მთავრობას ვკითხოთ, თუ როდის იმგზავრეს მეტროთი ბოლოს და შევახსენოთ: ბავშვების პრობლემები არამარტო სტუდენტების, არამედ ყველას პრობლემაა. გვინდა, მოვუწოდოთ, ის, რასაც აკეთებენ, არ არის საკმარისი, ამ ყველაფერს სჭირდება ბევრი დრო, ენერგია, ფული და ასევე ინვესტიცია. ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფულის ხარჯვას ჯობია ამ ბავშვებს მოხმარდეს გამოყოფილი თანხა. მსგავსი აქციების ჩატარებას ვგეგმავთ მომავალშიც, სანამ არ იქნება საპასუხო ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან" - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა სულხან ჩარგეიშვილმა.
აქციას ესწრებოდნენ, როგორც სტუდენტები, ასევე მოსწავლეები.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნინო გუგუშვილმა აღნიშნა: "ჩემს პლაკატზე ხედავთ წარწერას "დაკარგული ბავშვობა", მივიჩნევ, რომ რასაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ, მათ მოვალეობაში არ უნდა შედიოდეს, არ უნდა უხდებოდეთ ლუკმა-პურის საშოვნელად მთელი დღის ქუჩაში გატარება. ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობაა და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათ განათლებაზე. ინვესტიციები უნდა ჩაიდოს არა საბაგიროების მშენებლობაში, არამედ უნდა დაეხმარონ მა საკუთარი თავის რეალიზებასა და განათლების მიღებაში".