საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში წიგნის კითხვის დღე გაიმართა, რომელიც შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანს" მიეძღვნა.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო ახალგაზრდულ მოძრაობა ,,დავითიანნთან" არსებული ინტელექტუალური კლუბი ,,წიგნის მეგობრები".
შაბათის "წიგნის დღედ" გამოცხადების ინიციატივა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს ეკუთვნის. ამიტომ ყოველ შაბათს იგეგმება და ეწყობა შეხვედრა სხვადასხვა მწერალსა და საზოგადო მოღვაწესთან.
ინტელექტუალური კლუბის ,,წიგნის მეგობრების" ხელმძღვანელი ქეთი ბურჯანაძე ამბობს: ,,ჩვენ ვეხმიანებით პატრიარქის ინიციატივას და ჩვენი კლუბი ცდილოს, ეს ინიციატივა განახორციელოს. ყოველ შაბათს ვაწყობთ ღონისძიებებს სხვადასხვა ბიბლიოთეკასა თუ სამკითხველო დარბაზში, რომელიც ეძღვნება მწერალსა და მის ნაწარმოებებს. დღევანდელი დღე დაეთმო ,,ვეფხისტყაოსანს". მკითხველს შევახვედრეთ ის ხალხი, რომელიც ცდილობს, მომავალ თაობას შემოუნახოს ამ ნაწარმოების გენიალურობა".
შეხვედრაზე მიწვეული სტუმრები იყვნენ: მამა გურამ ოთხოზორია, rustaveli.com იდეის ავტორები შავლეგ შავერდაშვილი და მანანა კარტოზია, ,,ვეფხისტყაოსანზე" გადაღებული ანიმაციური ფილმის რეჟისორი ნოდარ ბეგიაშვილი და ,,რუსთაველის კლუბის" ერთ–ერთი დამფუძნებელი თამარ ბარისაშვილი.
შეხვედრის განმავლობაში ჩატარდა კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა დამსწრე საზოგადოების ცოდნის შემოწმებას ,,ვეფხისტყაოსნის" შესახებ. გამოვლინდა გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები ორგანიზატორებისგან.
ერთ–ერთმა გამარჯვებულმა მარი ბიბილურმა განაცხადა, რომ მას ყოველთვის უყვარდა ,,ვეფხისტყაოსანი", სკოლაშიც კარგად სწავლობდა და ძალიან მოხარულია, რომ დღევანდელ კონკურსზე გაუმართლა და გაიმარჯვა.
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა წაიკითხეს ,,ვეფხისტყაოსნის" სხვადასხვა ნაწყვეტი ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.