აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული ენის დეპარტამენტის ორგანიზებით ,,გოეთეს დღეები" გაიხსნა.
პირველი კურსის სტუდენტებმა შეასრულეს ორი გერმანული სიმღერა. ღონისძიების მეორე ნაწილში სტუდენტებმა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებთან ერთად გადაღებული კლიპი აჩვენეს დამსწრე საზოგადოებას (კომპოზიტორი - რალფ ზიგელი, პროდუსერი - ზაზა ლომთაძე, რეჟისორი გელა ნიავლიშვილი და შალვა ლაღაძე). სცენარი და ტექსტი ორგანიზატორმა ნინო შარაშენიძემ დაწერა. როგორც თავად აღნიშნა, ზოგიერთი ფრაზა რუსულიდან თარგმნა.
,,არაჩვეულებრივი დღე გამოვიდა. განსაკუთრებით მომეწონა მეორე ნაწილი. ყველა მონაწილეს მადლობას ვუხდი, რადგან კარგად და ნაყოფიერად წარმოადგინეს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, შევაქებ პირველ ნაწილსაც" - განაცხადა გერმანელმა ლექტორმა როლფ როლერმა.
,,მსგავსი ღონიისძიება ტრადიციულად ყოველ წელს ტარდება ჩვენს უნივერსიტეტში. კლიპის იდეა სპონტანურად გაჩნდა. ავირჩიე 30 წლის წინანდელი ცნობილი მუსიკა. თავიდან გოგონა სტუდენტებიც ორჭოფობდნენ, ვინაიდან განვიცდით ვაჟების დეფიციტს. სწორედ ამიტომ, დავიმატეთ სკოლის მოსწავლეები. მართალია, მეტს ველოდი, თუმცა, კმაყოფილი ვარ ღონისძიებით. მადლობას ვუხდით აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელმაც დიდი თანხა გამოყო იმისათვის, რომ დღევანდელი დღე შემდგარიყო. გვსურს, თბილისის გოეთეს ინსტიტუტშიც გავმართოთ კლიპის პრეზენტაცია" - აღნიშნა გერმანული ენის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო შარაშენიძემ.