30 აპრილს 12 საათიდან 21 საათამდე "ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბი" თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს საქველმოქმედო აქციას "ერთად გადავარჩინოთ მომავალი", რომელიც პატარა ანდრიას სიცოცხლის გადარჩენას ეძღვნება.
ანდრია იაშვილის კლინიკის რეანიმაციაში იმყოფება. ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია. მას აქვს ქრონიკული დიარეა და წონის მკვეთრი დეფიციტი. ბავშვს ესაჭიროება გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა საზღვარგარეთ. მისი დედის თქმით, 10000 ევროს სახელმწიფო ურიცხავს და სჭირდება კიდევ 3000 ევრო, რომ ანდრია უცხოეთში გაემგზავროს.
"ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის" ხელმძღვანელის მურთაზ თაკალანძის განცხადებით, "ამ ღონისძიებაზე ჩვენ შევკრიბეთ ნიჭიერი ხალხი: ვინც უკრავს, მღერის, ცეკვავს. ისინი წარმოადგენენ საკუთარ ნომერს ანდრიას სიცოცხლის გადასარჩენად. მათ შორის არიან "X factor"-ის ამჟამინდელი მონაწილეები. რაც შეეხება ორგანიზაციებს, ჩვენი პროექტის პარტნიორები არიან: la belle medical, რომელებიც გადმოგვცემენ კომპანიის ბუშტებს, დაასაჩუქრებენ აქციის მონაწილეებს. აქციაზე მოსული ადამიანებისთვის ასევე გათამაშდება ფასდაკლების ბარათები. სათამაშოების მაღაზია "ჭიტა" ბუშტებით გვეხმარება, რათა უფრო ლამაზი იყოს ანდრიასადმი მიძღვნილი ღონისძიება. "ბაქსვუდის სკოლა" უზრუნველყოფს აპარატურას და აქციისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვან დეტალებს".
აქციის ორგანიზატორი ყველას მოუწოდებს, რომ მივიდნენ და მხარში დაუდგნენ, რათა ერთად გადაარჩინონ ანდრიას სიცოცხლე: "ჩემი და ჩემი კოლეგის მარიამ ონიანის, რომელიც ასევე ღონისძიების ორგანიზატორია, ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ ყველამ გამოიჩინოს სურვილი და მონდომება, პატარა ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად. მინდა, მივმართო ყველა ნიჭიერ ადამიანს, რომ წარმოადგინონ აქციაზე თავისი ნიჭი.
"ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბი" 8 თვეა ფუნქციონირებს. მათი მიზანია სამოქალაქო აქტივობის განვითარება.