პრაიმტაიმის პრესკლუბში სტუდენტურმა მოძრაობამ "მწავანე მუშტმა" საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანი იყო, საზოგადოების ინფორმირება 1 მაისს (შრომის საერთაშორისო დღე) დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა სალომე ჭანტურიძემ აღნიშნა: "1 მაისი შრომის საერთაშორისო დღეა. თავისუფალი სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტი" აუცილებლად მიიჩნევს სოლიდარობის დღის საპროტესტო აქციით აღნიშვნას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თანამედროვე საზოგადოების უმთავრეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სირთულეებს საერთო საწყისი აქვს. უსამართლობის ყველა არსებული ფორმა ეფუძნება ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ათვისებისა და ელიტური გადანაწილების პოლიტიკას. ველური, დაურეგულირებელი კაპიტალისტური სისტემა, სადაც განათლების უფლება შერჩევითია, წარმოშობს ნოყიერ ნიადაგს დასაქმებულთა სოციალური დისკრიმინაციისათვის, საზოგადოებრივი საკუთრების მონოპოლიზაციისა და ექსპლოატაციისათვის. შედეგად ირღვევა არამარტო ადამიანის ფუნდამენტური და შრომითი უფლებები, არამედ ბუნებრივი და კულტურული გარემოს განადგურების სახით საფრთხე ექმნება მის ჯანმრთელ და თავისუფალ განვითარებას".
სტუდენტ ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, "მწვანე მუშტი" არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ერთ-ერთი პარტიის ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში, ვინაიდან: ორგანიზატორთა მიერ მანიფესტში წარმოდგენილი დებულებები ზოგადი შინაარსისა და არ ითვალისწინებს მშრომელთა დღის წესრიგში არსებული უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაწყვეტის ოპტიმალურ გზებს; დემონსტრაციის ამგვარი ფორმით ჩატარება ხელს ვერ შეუწყობს მუშათა ინტერესებისა და მათი ძირითადი მოთხოვნების გამოხატვას. იგი ორიენტირებული იქნება მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ამბიციების დაკმაყოფილებაზე.
ლევან ლორთქიფანიძის ინფორმაციით, "მწვანე მუშტი" საპირველმაისო აქციას გამართავს დაბა კაზრეთში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც ადგილობრივი დასაქმებულები განიცდიან ყოველდღიურ შრომით დისკრიმინაციას. ამ რეგიონში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი უამრავი ოჯახია, რომლებსაც ყურადღებს არ აქცევს სახელმწიფო, ადგილობრივი მოსახლეობა ბედის ანაბარად არის მიტოვებული. ადგილობრივი მედია-ცენტრების სიმწირის გამო საზოგადოება მოკლებულია საჯარო ინფორმაციას. ეკოლოგიური სტანდარტების დაცვის გარეშე მოწყობილი საწარმოს ფუნქციონირება ინტესიურად ანაგვიანებს გარემოს საწარმოო ნარჩენებით და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ჯანმრთელობას. განადგურა და ნადგურდება არქეოლოგიური და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები, საგანგაშო მდგომარეობაშია მსოფლიოს უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი ოქროს მაღარო.
ამ აქციით სტუდენტური მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს სახელმწიფოს უგუნური პოლიტიკის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს, ვინაიდან იგივე მდგომარეობაა საქართველოს ყველა სხვა რეგიონშიც. მოძრაობის წევრები ყველას მოუწოდებენ: "შემოგვიერთდით ერთად დავიცვათ საკუთარი და ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები!"
ამ აქციით სტუდენტური მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს სახელმწიფოს უგუნური პოლიტიკის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს, ვინაიდან იგივე მდგომარეობაა საქართველოს ყველა სხვა რეგიონშიც. მოძრაობის წევრები ყველას მოუწოდებენ: "შემოგვიერთდით ერთად დავიცვათ საკუთარი და ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები!"
მსველელობა დაიწყება 1 მაისს 11:00 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან. აქცია დაიწყება კაზრეთის ცენტრში 14:00 საათზე, ბოლოს გაიმართება მსვლელობა კომპანია RMG-ის საწარმომდე, სადაც დასრულდება დემონსტრაცია.