აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით იურისტ თამარ კორძაიას ტრენინგი ,,მედიასამართალი" ჩატარდა.
მან ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ საფუძვლებზე, ასევე მის ძირითად კომპონენტებზე: ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების ,,სამწვეროვანი ტესტის" შესახებ. მან აუდიტორიას გააცნო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნები, მაუწყებლობისა და ინტერნეტის რეგულირება საქართველოში. თამარ კორძაიამ ყურადღება გაამახვილა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: პოლიტიკის სფერო და პრესის თავისუფლება, ინფორმაციისა და ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალობის დაცვა, მედიის როლი, სპეციალური დოქტრინები და პრინციპები პრესის თავისუფლების ხელშესაწყობად. ტრენინგი ხვალ დასრულდება. მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
"ჯგუფი იყო ძალიან საინტერესო და მიუხედავად იმისა, რომ მათ არანაირი შეხება არ ჰქონდათ მედიასამართალთან, საოცრად სწრაფად და მარტივად აითვისეს ყველა ნორმა" - აცხადებს თამარ კორძაია.
,,საკმაოდ ნაყოფიერი დღე გამოვიდა ჟურნალისტებისთვის. თეორიულ ცოდნასთან ერთად მივიღე პრაქტიკული გამოცდილება. აქამდე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა მქონდა მედიასამართალზე. ამ ტრენინგით კი გავიაზრე ჟურნალისტიკის მიმართება სამართალთან. შემიძლია, ვთქვა, რომ მოლოდინი აშკარად გამართლდა" - ამბობს სტუდენტი ანა ხვიჩია.