ტრენინგი ჟურნალისტებისთვის მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის საკითხებზე
05 ივლისი, 2014
ტრენინგი ჟურნალისტებისთვის მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის საკითხებზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსის საკონფერენციო დარბაზში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის საკითხებზე ორდღიანი ტრენინგი ტარდება.
ტრენინგს ესწრებიან ჟურნალისტები რეგიონებიდან და თბილისიდან. შეხვედრის პირველ დღეს უძღვებოდნენ ექსპერტები: “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელი სოფო ვერძეული, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელი გია გვილავა და “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის” პროფესორი ნინო გვენეტაძე. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირითადი ფუნქციები; საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღება; სხდომების გამჭვირვალობა; სხდომებზე დაინტერესებული პირების დასწრება; სხდომების გაშუქება; მოსამართლეთა დანიშვნა/გადაყვანა/მივლინება; იუსტიციის საკანონმდებლო ინიციატივები; კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები; სასამართლოში აუდიო-ვიდეო ჩანაწერების განხორციელების საკანონმდებლო რეგულაციები და პრაქტიკაში წარმოშობილი სირთულეები; მედიის როლი სისხლის სამართლის საქმეებში.

როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ გვარამაძემ აღნიშნა, ორგანიზაცია 2012 წლიდან მოყოლებული “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან” ერთად ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთობლივ მონიტორინგს. ამჟამად მომზადებულია ორი ანგარიში, მესამე ანგარიშში ასახული იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურები: „ დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავდა ტრენინგში მონაწილე ჟურნალისტებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია და გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება ამ თემებზე მუშაობის შედეგად რაც არის დაგროვებული. გაგვეზიარებინა კვლევის შედეგები და ანგარიშის ძირითადი მიგნებები, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან მიმართებაში ამ ეტაპისთვის აქვს ორგანიზაციას მომზადებული. გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეებს გავაცანით ის რეკომენდაციები, რომლებიც მომზადებული გვაქვს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით. ასევე, მოხდა ჩვენი მოსაზრებების გაცნობა სასამართლო სხდომების აუდიო-ვიდეო ჩანაწერების განხორციელებასთან დაკავშირებულ ნორმებზე. რა საკანონმდებლო რეგულაციები არსებობს ამ საკითხებთან დაკავშირებით და რა სირთულეები ექმნებათ ჟურნალისტებს პრაქტიკაში ამ ნორმათა რეალიზაციის პროცესში“ - განაცხადა თამარ გვარამაძემ.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლის, სოფო ვერძეულის თქმით, სასამართლო პროცესებზე აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გაკეთების მხრივ, ჟურნალისტებს პრობლემები ექმნებათ: “იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი სხდომების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად აქვეყნებს თავის ვებგვერდზე. ზოგადად, მას აქვს ვალდებულება, რომ ერთი კვირით ადრე თავის ვებგვერდზე გამოფინოს სხდომის შესახებ ინფორმაცია, რა განიხილება და რა საკითხები განიხილება. ამიტომ, ყველას, ვინც დაინტერესებულია, შეუძლია ვებგვერდის მეშვეობით მიიღოს ინფორმაცია საბჭოს სხდომების შესახებ. როგორც წესი, საბჭოს სხდომები არის ღია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია შევიდეს და დაესწროს სხდომას. ასევე, მისთვის საინტერესო საკითხებზე გააკეთოს ჩანაწერები, შემდეგ დაამუშაოს მასალა და გამოიყენოს. თუ სხდომა არის დახურული, ამის შესახებ, რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა გაკეთდეს დღის წესრიგში მითითება, რომ სხდომა იქნება დახურული. სხვა შემთხვევაში ჟურნალისტებს შეუძლიათ თავისუფლად შევიდნენ ღია სხდომებზე. არის გარკვეული პრობლემები პრაქტიკაში ვიდეოგადაღების. მიუხედავად იმისა, რომ ღიაა საბჭოს სხდომა, გაურკვეველია რატომ უნდა შეიზღუდოს ვიდეოგადაღება, ამის არანაირი რეგლამენტაცია არ არსებობს, რაც პრობლემაა. ამჟამად გადაღების საკითხი არის დაურეგულირებელი, შესაძლებელია პრაქტიკა შეიცვალოს. თუმცა, ზოგადი წესით, ჟურნალისტებს რა თქმა უნდა, შეუძლიათ დასწრება და დისკუსიის და განხილვის მოსმენა“ - აღნიშნა სოფო ვერძეულმა.

ინგლისურენოვანი პროექტის, „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევა“ ჟურნალისტმა, ნინო ბაქრაძემ  აღნიშნა, რომ ტრენინგის პირველი დღე საინტერესოდ წარიმართა:“ ამ ტრენინგის დროს მნიშვნელოვანი იყო ბოლო ნაწილი, რომელიც ეხებოდა უშუალოდ მედიის როლს სამართლებრივი საკითხების გაშუქებისას და უშუალოდ სასამართლო პროცესის დროს მუშაობას. რა სტანდარტების დაცვით უნდა იმუშაოს ჟურნალისტმა, რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რა დეტალები არ უნდა გამორჩეს მხედველობიდან. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობისა და სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია. ასეთი შეხვედრები და პროფესიონალების რჩევები ეფექტური დახმარებაა ჟურნალისტებისთვის. ხვალ დაგეგმილია ტრენინგის მეორე დღე და იმედი მაქვს, რომ მედიის მუშაობის სტანდარტებს უკეთესად განგვიმარტავენ და სისხლის სამართლის საქმეებზე ჟურნალისტის მოწმედ დაკითხვასთან დაკავშირებით მივიღებ უფრო მეტ ინფორმაციას, იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად მაინტერესებს“- აღნიშნა ნინო ბაქრაძემ.

TV 25-ის ჟურნალისტის, სულხან მესხიძის თქმით, რეგიონში ჟურნალისტებს სასამართლო პროცესებზე დასწრებისას პრობლემები არ ექმნებათ: „ჩვენი ტელეკომპანიის ჟურნალისტები, მათ შორის მეც, ძალიან ხშირად ვაშუქებთ სასამართლო პროცესებს, როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ საქმეებს. ჩემი რეგიონი, ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ გამორჩეულია, რადგან მოსამართლეებისა და მანდატურების მხრიდან არანაირი ხელის შეშლა არ არის. ჩვეულებრივად ვესწრებით პროცესებს, ვიღებთ ინფორმაციას. თუ მოხდა ისე, რომ ჩვენ ვერ დავესწარით, საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს და გვაწვდის მასალას. რაც შეეხება დღევანდელ სემინარს, ვფიქრობ, რომ საინტერესოა. მართალია, მაქვს ამ მხრივ გამოცდილება, მაგრამ ვფიქრობ, არის დეტალები, რაზეც ყოველთვის გინდა, რომ მიიღო ამომწურავი ინფორმაცია. თუ როგორ მოიქცე სასამართლო დარბაზში ისე, რომ არ გააღიზიანო მოსამართლე, მანდატური. სასამართლო პროცესების დროს მიაქციო იმ დეტალებს ყურადღება, რაც საინტერესო არის და საზოგადოებამდე მიიტანო ისე, რომ მათთვის გასაგები იყოს. მაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ამ მხრივ დამატებით ცოდნას მივიღებ“ - განაცხადა სულხან მესხიძემ.

ტრენინგი „მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის საკითხებზე“ ხვალაც გაგრძელდება და განხილული იქნება ისეთი თემები როგორიცაა: ბრალდებულის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება; უდანაშაულობის პრეზუმფცია; პროფესიული საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია და მოწმედ დაკითხვის დაუშვებლობა; დანაშაულის შეუტყობინებლობა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა; ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary